საქართველოს პირველ არხს აზერბაიჯანის საზოგადოებრივი რადიოს ხელმძღვანელი სტუმრობდა

21:32, 16.10.2026

საქართველოს პირველ არხს აზერბაიჯანის საზოგადოებრივი რადიოს ხელმძღვანელი ფათეჰ მამედოვი სტუმრობდა.

ფათეჰ მამედოვი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს შეხვდა, გაეცნო მაუწყებლის მუშაობას, პირველი არხის ახალ შენობაში სამუშაო და შემოქმედებით სივრცეებს. სტუმარმა ასევე დაათვალიერა საქართველოს პირველი არხის უნიკალური არქივი.

როგორც აზერბაიჯანის საზოგადოებრივი რადიოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა პირველი არხის უნიკალური არქივის გაცნობა.

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს შენობაში პირველად ვარ სტუმრად. ამ შეხვედრიდან დიდი სიხარული მიმაქვს აზერბაიჯანში. არ ველოდი, რომ ეს შეხვედრა ჩემთვის ამდენად ემოციური იქნებოდა. დღეს აქ არა მხოლოდ ახალი მეგობრების შეძენისა და ძველ მეგობრებთან კვლავ შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა, არამედ მუსიკის ენით შევიგრძენი ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის კავშირი. ამ ხმების მოსმენა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. აზერბაიჯანული მუსიკა, ისეთი ჩანაწერების გაცნობა, რომლებსაც ვერც ინტერნეტში იპოვი და ვერც სხვა წყაროებით მოისმენ, ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. აქედან საუკეთესო შთაბეჭდილებებით მივდივარ. ამავდროულად, ემოციებს ვერ ვმალავ, რადგან ეს უაღრესად საინტერესო შეხვედრა იყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ამ არქივის ხელმისაწვდომობისთვის, ისე მასალებით სარგებლობის შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საზოგადოებრივი რადიოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, საარქივო მასალის გაცნობა განსაკუთრებით ღირებულია იმ ფონზე, რომ წელს აზერბაიჯანში რადიომაუწყებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

„უაღრესად ღირებულია ისეთი საარქივო მასალების აღმოჩენა და მათთან უშუალოდ გაცნობა, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით. თქვენს თითოეულ თანამშრომელს გულწრფელ მადლობას ვუხდი, რომ ასეთი ფასდაუდებელი გამოცდილება გვაჩუქეთ. თქვენი არქივის კატალოგში აზერბაიჯანთან დაკავშირებული ჩანაწერების ნახვის შესაძლებლობა მომეცა და, სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი. ზოგიერთ შემთხვევაში აღმოვაჩინე ისეთი სახელები და შემსრულებლები, რომლებსაც დღეს ინტერნეტშიც კი ვეღარ შეხვდებით. მოგეხსენებათ, ჩვენს რადიოს ფირფიტების დიდი კოლექციაც აქვს. თქვენს ფირფიტებზე კი ისეთი ჩანაწერებია დაცული, რომლებიც აქამდე არც გვინახავს და არც მოგვისმენია. მათი ნახვით, შესაძლებლობა გვეძლევა, გავეცნოთ ისეთ ჩანაწერებს, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ამ მასალების მოძიება და აღმოჩენა სწორედ წელს, როდესაც აზერბაიჯანში რადიომაუწყებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნება. დიდი მადლობა, რომ საიუბილეო წელს ასეთი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მოგვეცით და ამ არქივის გაცნობის საშუალება გვქონდა. იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანელ მსმენელებსაც ექნებათ ამ მასალების მოსმენის შესაძლებლობა“, – განაცხადა აზერბაიჯანის საზოგადოებრივი რადიოს ხელმძღვანელმა.

მსგავსი