მამაჩემს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტ დავით ბუზუკაშვილს, სხვა დანარჩენთან ერთად მთარგმნელობითი საქმეც იტაცებდა. მკვლევარობა კი მისი სტიქია იყო. ათწლეულების განმავლობაში პირად არქივებსა თუ სახელმწიფო საცავებში მიკვლეულ მასალებს რუდუნებით აგროვებდა და მათ გამომზეურებას – წიგნად დასტამბვას ეშურებოდა. საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ, როცა საგამომცემლო საქმემ კერძო სექტორში გადაინაცვლა, მაკეტებად დაკაბადონებული არაერთი გამოუცემელი წიგნი და კრებული შერჩა. შერჩა, რადგან ვინმესთვის დაფინანსებისა და სპონსორობის თხოვნა მამას არა და ვერ შეეძლო (ეს მისი ხასიათის თვისება გახლდათ!). ერთი ასეთი კრებული ქართული კინოს ვარსკვლავზე, ნატო ვაჩნაძეზეც დარჩა. იმ კრებულიდან მამას მიერ მიკვლეული ორი მასალა ჟურნალ „დროშაში“ (#7, 1987წ.) გამოქვეყნდა. მამას მიერვე თარგმნილ ბორის პასტერნაკის უცნობ წერილს ამჯერად იმის საილუსტრაციოდ გთავაზობთ, რომ შეგახსენოთ, რა კარგია ადამიანთა ურთიერთობა ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურით გადამძიმების გარეშე. რა კარგია, როცა ახალი წლის დამდეგს სადღაც ცხრა მთას იქით, სხვა ადამიანს ახსენდები, მოიცლის და წერილს გწერს. გწერს იმიტომ, რომ მოგეფეროს, შეგაქოს, გაგამხნევოს და პოზიტიური ენერგეტიკით დაგმუხტოს. და აქ როგორ არ გაგახსენდეს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ჰუმანისტური სლოგანი, რომ ყველაზე დიდი ფუფუნება ამ ქვეყნად ადამიანთა ურთიერთობაა!!!
მარინა ბუზუკაშვილი
მადლიერებით – წარსულისადმი
თბილისის კ. მარქსის სახელობის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში დაცულ ქართული კინოს მოღვაწეთა – ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელიას არქივში ჟურნალისტმა დავით ბუზუკაშვილმა მიაკვლია და „დროშის“ რედაქციას მოაწოდა ორი უცნობი საინტერესო დოკუმენტი: ბორის პასტერნაკის წერილი ნატო ვაჩნაძისადმი, რომელშიც დიდი რუსი მწერალი შთაბეჭდილებებს უზიარებს ქართველ კინოვარსკვლავს მის მიერ დასტამბულ მოგონებათა წიგნზე და ცნობილი მხატვრის ვალერიან სიდამონ – ერისთავის ესკიზი ნატოს მთავარი როლისათვის კინოსურათში „ნათელა“.
ცრემლს მგვრიდა სიმაღლე თქვენი!
31.XII.49
ძვირფასო ნატალია გიორგის ასულო!.. რა ნიჭიერი ხართ და რა იშვიათი ჯიშისაა ეს ნიჭი! რარიგ შეუპოვარი და კდემამოსილი! ასე ვამბობ, რადგან ნიჭიერ ადამიანთა უმრავლესობას რცხვენია ზნეობრივი მემკვიდრეობისა და ხშირად სიმხდალის გამო თავს იფუჭებს. ამიტომაც, სიყმაწვილისა და ოჯახის ერთგული ნიჭიერების მაგალითები გამონაკლესია და გმირობას უდრის.
არ ტყუით, რომ ცდილობთ, მაიაკოვსკისა და შენგელაიას დახასიათებისას მთელ თაობას მიანიჭოთ უმლიქვნელო გულახდილობისა და ცრუ აზრთაგან ჭაბუკური თავისუფლების თვისებები. მართლაც, იყო დრო, როცა, შესაძლოა, ასეც მოგვჩვენებოდა. თანაც, რევოლუციურ მემკვიდრეობითობას მოვყავდით აქეთკენ – დოსტოევსკის უკიდურესობებს, ტოლსტოის გამარტივებებს. თუმცა… ეს გადახვევა უკვე საჭირო აღარაა.
საუცხოოდ წერთ. ისე, როგორც უნდა წერდნენ საუკეთესო მწერლები და, რაც მთავარია, ამას თხრობის საგნისადმი ზიანის მიუყენებლად აკეთებთ. კარგად წერის უნარი, ენა და სტილის გრძნობა, ჩვეულებრივ, გვაშორებს აღსაწერ ობიექტს და თვითმიზნად იქცევა ხოლმე. თქვენ კი სტილისტიკას არ დაემორჩილეთ. და აქ კვლავ გადაგარჩინათ სიკეთემ და სხვა, ამქვეყნად დიდი ხნის წინათ გამჟღავნებულმა სულიერმა ღირსებებმა – ალბათ, ყოველივე იმან, რაც საფუძვლად უდევს გემოვნებას: მოყვასის სიყვარულმა და მადლიერებამ წარსულისადმი სწორედ მისი ბრწყინვალებისათვის… ჰოდა, აბა შეხედეთ, როგორი მოგებული ხართ სწორედ იმით, რაც ყოფილი ნამდვილი ხელოვნების ერთადერთ ჭეშმარიტ გამარჯვებას წარმოადგენს!
სულ უფრო მეტად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ადამიანები ერთმანეთისგან უნარიანობის დონით განსხავდებიან და როს ვტიროდი თქვენი წიგნის ზოგიერთი ფურცლის კითხვისას (ეს შეეხება „ჩემს თავგადასავალს“ და „ევროპაში მოგზაურობას“), ცრემლს მგვრიდა სიმაღლე თქვენი, იმის მიუხედავად, თუ რას გვიამბობდით.
ძალიან კარგად წერთ მამაზე, ზაფხულის მთვარიან ღამეზე კახეთში, ბალღობის პირველი შეგრძნებებისა და მშობლიური კერის სიყვარულზე, „გრძელ კახურ მრავალჟამიერზე“… თქვენ ამატირეთ 14 წელს ბერგპლაჟზე მოგზაურობის გამალებული თხრობის სწორედ რომ გონივრული მოჭრით, რამაც მრავალი მნიშვნელოვანი და საბედისწერო ამბავი შეგვატყობინა. ნიჭი თავად არის სისხარტის წყარო, რადგან ისეთივე თვალმისაწვდომი და ცხადია, როგორც სამხილი. თითქმის ხედავ. სულის ნაკეცია. თვალში ისევე გეცემა, როგორც ნაოჭი ლაბადაზე. რაც ზომით მოდიდოა ან ძალზე ბევრი, ისეთი არაფერი მწამს. ქალები შობენ ადამიანებს და არა ციკლოპებს. გიგანტურია მხოლოდ არაორგანული, არარაობის კოსმოსური სივრცეები, სიკვდილის სიცარიელე, სიმახინჯისა და წაბილწვის მომაკვდინებელი საწყისები.
მეორე ნაწყვეტი, რამაც ცრემლი მომგვარა, ის არის, რომ ერთდროულად მოხდა თქვენი გათხოვება, გიმნაზიის დამთავრება და პირველი ანგაჟემენტი. ერთ სტრიქონში ამის ასე მიმზიდველად ჩატევა მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ ცხოვრებამ ისინი ოდესღაც ერთმანეთს ასე მიმზიდველად დაუახლოვა. ძალიან კარგია, როდესაც კინოკადრების ნახვის დროს სურვილი გიჩნდებათ ეკრანზე ახვიდეთ და გაასწოროთ, ახლებურად შეასრულოთ როლი. ძალზე მომეწონა შენგელაიას დახასიათება. მშვენივრად აღწერთ ფლორენციას და ბერლინს. შესანიშნავია (რა თქმა უნდა, შეუცნობელი სხვაგვარად არც გვხვდება) ჩამოყალიბების გრძნობა, თანამიმდევრობის ინსტიქტი, თუ როდის რა გვიამბოთ… მაგალითად, ძალიან კარგია, ცნობას ბავშვებზე თრუსოს ხეობის წინ რომ გვაწვდით. გვხიბლავს მთის ბილიკთა რელიეფურობის დახატვის ბუნებრიობა.
მაგრამ, კმარა!.. გილოცავთ. და თუ თავმდაბლობის გამო ბოლომდე არ თქვით მთავარი – როგორ გწყალობდათ ბედი, მანათობელი მზე და მიწა (არა საქართველო, არამედ საერთოდ დედამიწა – სამყაროს მიწა), რომელზეც დააბიჯებდით, ეს არც იყო საჭირო, რადგან ამას თქვენი თამაშით აღფრთოვანებული მაყურებელი თავადაც კარგად მიხვდება.
ისე მჯერა თქვენი, რომ როდესაც ზოგიერთმა ფურცელმა ცოტა თავშეკავებული ან გულგრილი დამტოვა, გავიფიქრე, ეს ჩემი სიბეცის ბრალი ხომ არ არის-მეთქი.
დიახ, მართლაც, დიდი ხნის წინათ რაღაც ჯეროვნად ვერ შევაფასე და ვერც ჩავწვდი გვიანდელ მაიაკოვსკის და სხვა რაღაცეებსაც. და რაც ყველაზე უფრო უარესია – საკუთარი საზღვრებით შემოვიზღუდე და შევიბორკე. ყოველივე ამას ძალიან ვგრძნობ ახლა (ვაცხადებ სრულიად გულწრფელად, ყოველგვარი მოჩვენებითობის გარეშე და არც ვნანობ), როცა მხოლოდ საკუთარი ნაკლოვანებებით ვცხოვრობ.
და ნათესაობის ღრმა შეგრძნებით, თქვენმა წიგნმა რომ გამიღვიძა, მოგესალმებით და მადლობას გიძღვნით ჩემი წარუმატებელი და გაუმართლებელი ცხოვრებიდან თქვენს წარმატებულ და გამარჯვებულ ცხოვრებაში. გულითადი სალამი კირა გიორგის ასულს და აკოცეთ ბორიას.1
თქვენი ბ. პასტერნაკი
ჰო, მოგილოცავთ ახალ წელს! აღტაცებით გაგიხსენებთ დღეს. ჩვენთან მოვლენ ფატმა2 და ნინო.
ჟურნალი „დროშა“ #7, 1987წ.
1. ბ. ანდრონიკაშვილი – ბ. პილნიაკისა და კ. ანდრონიკაშვილის შვილი.
2. ფ. თვალთვაძე – ქართული პროზის მთარგმნელი.