უცნობი ქეისები პარტიზანული წარსულიდან
უცნობი ქეისები პარტიზანული წარსულიდან

მასალა, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, უცნობი პარტიზანის მონათხრობია და ორგანულად ჩაჯდებოდა „ზნეობრივი ფაქტორის“ ბლოგში. მაგრამ რატომღაც მაინც „უცნობი ისტორიის“ კონტექსტი ვარჩიე. პარტიზანის ეს ნაამბობი მამაჩემის არქივში ვიპოვე. ეს სულის შემძვრელი ისტორიაა მამას ვინმე ჩიქვანაიასგან ჩაუწერია და პრესაშიც გამოუქვეყნებია (ერთი ლევან ჩიქვანაია იმ დროს, მგონი, განათლების მინისტრის მოადგილე იყო, მაგრამ, არ ვიცი, ეს ის ლევან ჩიქვანაიაა თუ არა).

ამბავი ბელორუსიის ტყის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პარტიზანებს ეხება და სანამ მათ ისტორიას შემოგთავაზებთ, ბელორუსიის ტყის სხვა პარტიზანულ დაჯგუფებათა  შესახებაც უნდა გავიხსენო – კერძოდ, ბელსკების ისტორია:

ფაშისტების მიერ ოჯახის ამოწყვეტას და უძრავ-მოძრავი ქონების გადაბუგვას გადარჩენილი ტუვია (ტობია), ასაელ, ზიუს და აარონ ბელსკები ებრაელი ძმები იყვნენ და  მათ ოჯახზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ბელორუსიის ტყეს შეაფარეს თავი. მალე მათ სხვებიც შეურთდნენ და სულ 1230-მა სულმა მოიყარა თავი. ძმებმა მათგან პარტიზანული რაზმები ჩამოაყალიბეს, რომელსაც ბელორუსიის „ტყის იერუსალიმი“ უწოდეს და გერმანელებს უდიდეს ზიანს აყენებდნენ. ბოლოს, გვირაბიც გათხარეს და გაიქცნენ (ზიუსი პოლონეთის ტერიტორიაზე ბრძოლისას დაიღუპა). გადარჩენილებმა ჯერ ისრაელს მიაშურეს, მერე კანადას და ბოლოს ამერიკაში მოიყარეს თავი. ბელარუსში მათ ნასახლართან ახლოს დღეს ბელსკების მუზეუმი ფუნქციონირებს.

 შტატებში ბელსკებმა ტაქსების ბიზნესი წამოიწყეს. მალე ფინანსურად წელში გაიმართნენ და იქაურ ისტებლიშმენტში გაერივნენ. უმცროსი ძმა – აარონი „ჰილტონის“ სასტუმროების პლანეტარული ბრენდის მფლობელსაც კი დაუმეგობრდა.

ბელორუსიის ტყეში ბელსკების პარტიზანული თავგადასავალით „ჰოლივუდი“ დაინტერესდა და  2008 წელს რეჟისორმა ედვარდ ცვიკმა ფილმი „დაუმორჩილებლობა“ (“вызов) გადაიღო, მთავარ როლში ბონდიანას ცნობილი ვარსკვლავის დენიელ კრეიგის მონაწილეობით. დენ კრეიგმა ტობია ბელსკი განასახიერა. გადაიღეს დოკუმენტური ტელეფილმიც. მასში ბელსკები თავად ჰყვებიან საკუთარ ისტორიას. სხვათა შორის, ორივე ფილმი – ჰოლივუდისაც და დოკუმენტურიც – ბელსკებმა თავად, საკუთარი ხარჯებით დააფინანსეს…

ახლა კი ზემოაღნიშნულ „პარტიზანის ნაამბობს“ გთავაზობთ:

 

 

მარინა ბუზუკაშვილი

 

პარტიზანის ნაამბობი

არ ვიცი, რომელი წელი იქნებოდა, ომი ახალი დამთავრებული იყო. იანვრის არდადეგებზე სტუდენტები სოფელში მივემგზავრებოდით. მატარებელი ქართლის ველებზე მიჰქროდა. ფანჯრებს თოვლის ფანტელი ეკვროდა  და იქვე ჰყინავდა.  იმ დროს ორ კაცშიც კი ომზე ჩამოვარდებოდა ხოლმე ლაპარაკი და ჩვენც ამ თემაზე გავაბით საუბარი: ვინ რას ჰყვებოდა და ვინ რას. ჯერი ჩვენს თანამგზავრ ყავარჯნიან ჩოფურა  მგზავრზე მიდგა. იგი არც შეყოყმანებულა, ალბათ კიდეც ეხალისებოდა და გატაცებით დაიწყო თხრობა:

ორმოცდაორში ბელორუსიის ფრონტზე მარცხენა ფეხში მძიმედ დავიჭერი და საველე ჰოსპიტალში მომათავსეს. მალე ოპერაციაც გამიკეთეს. ის იყო, ღრმა ზურგში უნდა გადავეყვანეთ, რომ გერმანელებმა ელვისებურად შემოგვიტიეს და ორმოცამდე დაჭრილი ტყვედ ჩაგვიგდეს. მძიმე მდგომარეობა შეგვექმნა. დაჭრილები სულიერმა მღელვარებამ შეგვიპყრო. საჭმელს ჩვენ არ გვაძლევდნენ და სასმელს. დღეში ერთხელ ძაღლებივით ხმელი პურის ნარჩენებს თუ მოგვიგდებდნენ. მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბამბები და სახვევები ზედ გვალპებოდა. რამდენიმემ განგრენით იქვე დალია სული. ერთ ხელმოჭრილ უკრაინელს ნერვებმა უმტყუნა და ჭიქის ნატეხით ვენები გადაიჭრა. ყოველდღე რაღაც უბედურება უნდა დატრიალებულიყო ჩვენს თავს. ასე კიდევ ერთი კვირაც რომ გაგრძელებულიყო, ალბათ არცერთი არ გადავრჩებოდით. მაგრამ მოულოდნელად საოცარი რამ მოხდა.

ერთ საღამოს კარავში ჩია გერმანელმა ოფიცერმა შემოალაჯა და თავის ენაზე ჩურჩულით რაღაც იკითხა. ჩვენ ვერ გავიგეთ რას მოითხოვდა, ის კი დაჟინებით იმეორებდა – „დოიჩ“, „დოიჩო“. დაჭრილებში ჩემს გარდა კიდევ ერთი თბილისელი ქართველი – გიორგი ორბელიძე იწვა. იგი  პროფესიით გერმანული ენის მასწავლებელი იყო და გამიკვირდა, ხმას რომ არ იღებდა. ძალა მოვიკრიბე და ფორთხვით მივედი გიორგის საწოლთან. მისუსტებულს ღრმა ძილი დაუფლებოდა. გავაღვიძე და გერმანელ ოფიცერსაც ვანიშნე, რომ მასთან შეიძლებოდა ლაპარაკი. მათ დიდხანს იჩურჩულეს. ის გერმანელი მცველების გასაგონად დროდადრო რაღაცას დაიღრიალებდა ხოლმე და შემდეგ კვლავ გიორგისთან ჩურჩულს განაგრძობდა. ბოლოს რაღაც ქაღალდიც გადასცა გერმანელმა ორბელიძეს.

ის იყო და ის. შემდეგ ჩვენ არც საჭმელი მოგკვლებია და არც მედიკამენტები. ერთი კვირის შემდეგ, როცა უკვე თითქმის ყველას შეეძლო ფეხზე წამოდგომა, გიორგიმ თავი მოგვიყარა და გერმანელი ოფიცრისგან გადმოცემული გეგმა გაგვანდო.

მართლაც, ყველაფერი ამ გეგმის მიხედვით მოხდა: ერთ საღამოს შტაბის საწყობსა და სამზარეულოს  შენობას ცეცხლი გაუჩნდა (ეს ნაგებობა ჩვენი კარვის ჭუჭრუტანიდან კარგად მოჩანდა). ყველამ ხანძარს მიაშურა. კარვის კართან დარჩენილ ერთადერთ მცველსაც ვიღაცამ ესროლა და ჩვენც რიგრიგობით ტყეს შევაფარეთ თავი. არ ვიცი, რა შეემთხვათ – ოთხმა ვერ მოაღწია დათქმულ ადგილამდე. ამის შემდეგ ჩვენ პოლესიეში მოქმედ ზუბოვის პარტიზანებს უნდა დავკავშირებოდით, მაგრამ ვერა და ვერ მოხერხდა.

მალე ჩვენი ჯგუფი დამოუკიდებელ პარტიზანულ რაზმად ჩამოყალიბდა და რისხვად მოევლინა სამხრეთ ბელორუსიაში მდგარ გერმანელთა ნაწილებს. გიორგი, ჩვენი  ნაცადი  მეთაური ისეთ უნარს იჩენდა, თითქოს პარტიზანთა წინამძღოლად ყოფილიყო დაბადებული.  მარტოც ხშირად წასულა და წარმატებით ჩაუტარებია ოპერაცია.

საქმე ის იყო, რომ ჩვენს რაზმს ერთობ მოხერხებული ადგილმდებარეობა ეკავა მდინარე ბობრიკისა და ტბა ვიგონოვსკის განაპირა დაბურულ ტყეებში. აქ ყოველი ბილიკი, ყოველი ხის ძირი კარგად უნდა გცოდნოდა, რომ გაგევლო. ერთი არასწორი ნაბიჯი და ჭაობში ჩაძირვა არ აგცდებოდა. გერმანელები ბევრჯერ დაგვდევნებიან, მაგრამ ამაოდ – თუკი ტყეში შესვლას მოვასწრებდით, მერე ჩვენს მდევარს იქიდან ცოცხლად გამოსვლა არ ეწერა.

ერთხელ შეგვატყობინეს, რომ დაბა ლუნინეცის ერთ ოჯახში გერმანელი ოფიცრები იკრიბებიან და ფიურერის დაბადების დღეს ზეიმობენ. ოფიცრებს, ცხადია, ძლიერი დაცვა ეყოლებოდათ და ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფისათვის მათზე თავდასხმა, ცოტა არ იყოს სახიფათოდ გვეჩვენებოდა. მაგრამ გიორგიმ თქვა და მერე არ  დაიშალა.

მე, ჩვეულებრივ, კარავში დავრჩი, მაგრამ ვაი იმ დარჩენას – მთელი ღამე საშინელ ფიქრებში გავათენე. რა დასამალია და, ძალიან შემეშინდა. თითქოს გულმა მიგრძნო. ასე არცერთი ოპერაცია არ განმიცდია.

კარგად გათენებული არც იყო, რომ სერიდან ნიშანი მომცეს. ძლივს მოვითქვი სული. მართლაც ყველანი მშვიდობით დაბრუნდნენ. ოპერაციაც წარმატებით დაეგვირგვინებინათ. მაგრამ გიორგი მაინც ვერ იყო გუნებაზე. მერე ბიჭებმა მიამბეს, რომ ოფიცერთა შორის ერთი ქართველი აღმოჩენილა, გიორგის ყრმობის მეგობარი და ახლობელი. მათ უმაღლეს სასწავლებელში ერთად უსწავლიათ. დალახვროს ეშმაკმა, იგი სწორედ გიორგის ნასროლ ტყვიას მოუკლავს.

იმ დღიდან ჩვენს მეთაურს ვეღარ ვცნობდით. მოსვენება ჰქონდა დაკარგული. ჩვენ ყოველმხრივ ვამხნევებდით – მოღალატეს ასე ეკუთვნოდა. რა სადარდებელია ქვეყნის გამყიდველი. მას როგორ დაინდობდი, ძმაც რომ ყოფილიყო – მაგრამ არა, გიორგის დანა პირს არ უხსნიდა.

ბოლოს, როცა კავშირი დავამყარეთ ზუბოვის პარტიზანებთან და მერე შევხვდით კიდეც, მოხდა ის, რასაც არცერთი ჩვენთაგანი არ მოელოდა. ეს ყველაზე მძიმე წუთები იყო ჩვენთვის: ზუბოველები მეგობარს გლოვობდნენ, სწორედ იმ ქერათმიან ქართველს, გიორგის ნასროლმა ტყვიამ რომ განგმირა. თურმე ნუ იტყვით, ის ამ პარტიზანთა ჯგუფის წევრი  ყოფილა და გერმანელებში მათი ოფიცრის გვარითა და საბუთებით შეპარულა. მას გარეგნობაც ძალიან უწყობდა თურმე ხელს და ენაც უაქცენტოდ სცოდნია. ზუბოველები მისი დახმარებით სასწაულებს ახდენდნენ და ვერავინ გონს ვერ მოდიოდა. ჩვენი ინკოგნიტო მხსნელიც ის ქერა ქართველი ყოფილა და… აბა, წარმოიდგინეთ ახლა გიორგის მდგომარეობა. მას ჩვენ კარგა ხანი ვყარაულობდით – არაფერი აეტეხა თავისთვის. ბოლოს გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, მეგობრის ნეშტისთვის მიეგნო და მოეპარა. ბევრი ვუშალეთ, მაგრამ გიორგი რა გიორგი იქნებოდა, თუ თავისას არ გაიტანდა. დღე და ღამე არ ეძინა, სანამ განაზრახი არ აისრულა. როგორღაც მიაგნო საფლავს ლუნინეცის სასაფლაოზე. ღამით თავისი ხელით ამოთხარა და მეგობარი კარავში მოასვენა. მეორე დღეს იგი სოფელ ტელეხანის განაპირა ტყეში ერთ პატარა ბორცვზე დავასაფლავეთ. გიორგიმ ფიცი დადო მეგობრის საფლავზე, რომ, თუ ცოცხალი იქნებოდა, მის ნეშტს საქართველოს მიწას მიაბარებდა. მერე მარცხენა ხელით ბუდიდან რევოლვერი ამოიღო და მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი წაიცალა. ასეთი რამ ზღაპრად გამიგონიაო – დასძინა ჩოფურა პარტიზანმა, და კიდეც წამოხტა: იგი ზესტაფონში უნდა ჩასულიყო და მატარებელი კი ის-ის იყო დაიძრა სადგურიდან. წამოვცვივდით და თვალის დახამხამების უმალ უხიფათოდ ჩავსვით ვაგონიდან ცალფეხა პარტიზანელი.

ვერც კი გავიგეთ, როგორ მოუმატა სიჩქარეს მატარებელმა. ახალგაზრდები გაოგნებულნი დავრჩით: როგორ მოხდა, რომ ვერაფერი ვერ ვკითხეთ ამ კაცს: რა ბედი ეწია გიორგის, შეასრულა თუ არა ფიცი, შეუერთდნენ თუ არა ზუბოველებს, როგორ დააღწიეს თავი გერმანელთა გარემოცვას… ვინ იცის, ოდესმე შევხვდებით კი იმ დალოცვილს?! ნუთუ ვერასოდეს ვერ დავასრულებთ ამ საინტერესო ამბავს?!

კიდევ კარგი, იმ ქერათმიანი ქართველის ვინაობის კითხვა მოვასწარით. სწორედ მისმა პიროვნებამ გამიცხოველა ამ ამბის ინტერესი. იგი ჩემი გერმანული ენის მასწავლებელი ყოფილა. მეშვიდე კლასში სულ რაღაც ორი თვე გვასწავლიდა და გაიწვიეს კიდეც. ახოვანი ვაჟკაცი იყო, ქერა, ხუჭუჭთმიანი, საოცრად შთამაგონებელი საუბარი იცოდა. გაცილებისას ჩვენ ყველანი ვტიროდით, ბევრი რაიონის ცენტრამდე გაჰყვა, მისი ერთი სიტყვა საკმარისი იქნებოდა, რომ უკან გავბრუნებულიყავით, მაგრამ ვერაფერი ვერ გვითხრა. ალბათ, თვითონაც მძიმედ განიცდიდა განშორებას.

მას შემდეგ ერთი წერილიც არ მიუღია მის ოჯახს. დღემდე არავინ არაფერი იცის მის შესახებ. მეც პირში წყალი ჩავიგუბე და არაფერი გამიმხელია. როგორც ხედავთ, არც აქ ვწერ მის სახელს და გვარს. მე ვიცი, მას ახლაც ელოდება მეუღლე.

ჰოდა, რა უფლება მაქვს ერთადერთი ნუგეში წავართვა უბედურ მეუღლეს. დაე, იცოდეს, რომ ცოცხალია მისი ქერა ბიჭი და მოდის, მოდის. ხან რამ დააბრკოლა და ხან რამ, მაგრამ როცა იქნება, ხომ მოვა. უსათუოდ მოვა.

•••

შარშან ზაფხულში თბილისში, ვაკის სასაფლაოს ყვავილების მაღაზიასთან რიგს ვუცდიდი. ჩემს წინ ერთი ბრგე ვაჟკაცი იდგა. იგი დიდხანს არჩევდა ყვავილებს. ბოლოს მეყვავილეს ფული რომ მიაწოდა, შევნიშნე – მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი აკლდა. მეხსიერებაში უმალ აღდგა ჩოფურა პარტიზანის ნაამბობი და ძალაუნებურად გავყევი. იგი მარტო იყო. მხარბეჭიან ზორბა ვაჟკაცს უკანასკნელ მოდაზე შეკერილი კოსტუმი ამშვენებდა. შვინდისფერი ტყავის პორტფელი იღლიაში ამოეჩარა და ყვავილებს ქაღალდს აცლიდა, ფოთლებს უსწორებდა, ფერებს უხამებდა. როცა დარწმუნდა, რომ თაიგული მართლაც ლამაზი იყო, მოწიწებით შეარხია, მაღლა ასწია და კმაყოფილებით დაუწყო ცქერა. მალე სასაფლაოსკენ შეუხვია. კვირა დღეს იქ მუდამ ქვეყნის ხალხი ირევა და მეც ნაბიჯს ავუჩქარე, რომ თვალთაგან არ დამკარგვოდა. იგი კარგა ხანს დინჯად მიაბიჯებდა, ხალხს თავაზიანად უქცევდა გვერდს, ყვავილებს უფრთხილდებოდა, ბოლოს ერთ საფლავს წაადგა და შეჩერდა. დიდხანს იდგა თავდახრილი. შემდეგ ყვავილები საფლავის ქვაზე დაალაგა და ჩქარი ნაბიჯებით გასასვლელისაკენ მიმავალ ხალხს შეერია.

უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით მოწყობილ საფლავს მზრუნველი ხელი ეტყობოდა. იგი მთლიანად ფერადი ყვავილებისა და დეკორაციული მცენარეების ნარგავებით იყო მორთული. თავთან კვიპაროსის ორი მოზრდილი ხე ირხეოდა, მაშ შორის დახრილად ჩადგმული შავი გრანიტის პატარა ფილაზე თეთრი ასოებით ეწერა – მეგობარს, ჩემს მხსნელს და მსხვერპლს.

ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. უმალ გავბრუნდი. მეც ბევრი ვარჩიე – ლამაზი ყვავილების თაიგული ვიყიდე და მოვუტანე ჩემს მასწავლებელს…

 

1965 წელი