სულო, რა გემართება?
სულო, რა გემართება?

მარტოსულობის თემაზე ჩვენს ამ არეულ დროსა და გარემოში ადაპტირების პრობლემამ დამაფიქრა. პრობლემამ, რომელიც ლოკალურმა და გლობალურმა კონტექსტებმა განაპირობა. უკვე 30 წელია, ხელისუფალთა დეკლარირების თანახმად, ქვეყანა თითქოს გლობალურ, ცივილიზებულ სტანდარტზე გადაწყობას ელტვის. ერთი მხრივ, ტოტალიტალური ბარიერების, მეორე მხრივ კი, ქართულ ხასიათსა და მენტალობაში იმთავითვე პედალირებული სიამაყითა და თავმოყვარეობით შინაგანად შებოჭილ-დამუხრუჭებული ადამიანები დახურული, „დაკომპლექსებული“ საზოგადოებიდან კინწისკვრით გამორეკვის მარათონში ჩააბეს და ქანცი გაუწყვიტეს. ჩვენთვის არატრადიციული პროცესების საზღვარგარეთულ გამოცდილებაზე ორიენტირების პარალელურად, ამდენ პოლიტიკურ რყევებსა და სტრესებს შეტოვებულთაგან გარკვეულმა კატეგორიამ შინაგანი მუხრუჭები სრულიად აუშვა და მთლად აიწყვიტა. დანარჩენებმა ასე თუ ისე თავის გატანის რეჟიმში გადაინაცვლეს. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მიმდინარე პროცესებისთვის ალღოს აღება და ფეხის აწყობა ვერ მოახერხეს, რის გამოც სულიერი პრობლემებიც შეექმნათ. ფეისბუკისა და სოც. ქსელების ღვარცოფმა მათი სულიერი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ტელე-რადიო მედიითა და ბეჭდური გამოცემებით გამომსვლელთა თავაშვებულმა ლანძღვა-გინებამ უზნეობის მასტერკლასების სახე მიიღო. საზოგადოება „ყველაფერი მოსულა“-ს ფორმატს მეთოდურად შეაჩვიეს. ამ ფონზე სულიერად გატეხილთა და საზოგადოებისაგან გარიყულ-განდგომილთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

„საყვარელო დაო, მაიკო… კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაცა, დებიც, მრავალნი მონათესავენი და  მაინც კიდევ ვერავის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია; ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცთუ განსჯა ჰქონია; ვისიც ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერი სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა!“…

ჩემი სასკოლო ქრესტომათიიდან ცნობილი ეპისტოლარული ჟანრის ეს ფრაგმენტი ყველა დროის, ქვეყნისა და თაობის ადამიანთა გაუცხოების მანიფესტად გამოდგება. სულიერი მარტოობის ამ მღელვარე კონდიციამდე მისვლა მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონის, პუშკინის, ლერმონტოვის, ბაირონის, შელის ან სხვა გენიოსთა კაეშანს როდი ძალუძს. ამგვარი განცდა ტიპურია ნებისმიერი ჩვენგანისთვის, დამახასიათებელია ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც.

როცა ერთ-ერთ  აკადემიურ გამოცემაში მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი ტატოს ეს წერილი ხელახლა გადავიკითხე, იქვე ლიტერატურის მკვლევარის გასული საუკუნის 60-იანი წლებით დათარიღებული ანალიტიკური შეფასება მენიშნა: „ბარათაშვილს სულს უხუთავდა მაშინდელი (ხაზი ჩემია.-მ.ბ.) უბადრუკი სინამდვილე… პოეტს სასტიკი განაჩენი გამოაქვს მაშინდელი საზოგადოების მიმართ“…

„მაშინდელის“ მოტივით მარტოსულობის რეგლამენტირება დღეს (და არამარტო დღეს – ალბათ, მაშინაც ანუ 60-იან წლებში) მკითხველის ირონიულ ღიმილს იწვევს. ამგვარი მოტივაცია საბჭოური იდეოლოგიის კლიშე იყო. იგი ძირშივე უარყოფდა ადამიანის მარტოსულობის პრობლემას. მას ბურჟუაზიული საზოგადოების სიმპტომად მიიჩნევდა და პიროვნებას  კოლექტივიზმის კონტექსტში განიხილავდა. უცხოეთში კი ამ დროს ტოტალური გაუცხოების ბუმი იდგა. ბუმი, რომელიც, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ურბანისტული პროცესების მოძალებამ კიდევ უფრო გააღრმავა. ადამიანის გაუცხოებას იქ მთელი ფილოსოფიური მოძღვრება – ეგზისტენციალიზმი ანუ ადამიანის არსებობის ფილოსოფია მიეძღვნა. ის იმ საბაბით შეიქმნა, რომ მანამდე არსებული ყველა ფილოსოფიური მიმდინარეობა მატერიის (მატერიალიზმი) ან იდეის (იდეალიზმი) ამოხსნას ცდილობდა, ადამიანი კი უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

აღნიშნული ფილოსოფიის თანახმად, ადამიანის მარტოსულობა, მისი გაუცხოება ბუნებრივი, თავისთავადი მოვლენაა, რადგან ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი არსებობს, ყველაფერი დანარჩენი კი არის (დაპირისპირება უკვე ამ ზმნათა ურთიერთმიმართებაში იკვეთება). მაგრამ ადამიანი მხოლოდ არის-იან გარემოში როდია გაუცხოებული. ის გაუცხოებულია არსებობს-იანთა გარემოცვაშიც (და ამის საუკეთესო მაგალითი ზემოთ უკვე მოხმობილი ტატო ბარათაშვილის მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი წერილია). „ჯოჯოხეთი – ეს სხვებია!“  კატეგორიულად ასკვნის ჟან პოლ სარტრი (და ეს აზრი ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ძირითადი თეზაა): ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქმება. ზოგ შემთხვევაში იგი სიკეთეს ჩადის, ზოგში – არა. ხანდახან ტყუილის თქმა უწევს, ხანაც ნერვები უმტყუნებს და ა.შ. ყოველ ამ კონკრეტულ გამოვლინებას სხვები, როგორც წესი, აზოგადებენ, ერთგვარ ნიღბად აფიქსირებენ და სწორედ ასე იქმნება აზრი, რომ მავანი კეთილია ან ბოროტი, მატყუარა, ანჩხლი და ა.შ. (რაც მისდამი შესაბამის დამოკიდებულებებს განაპირობებს). ამ დროს კი იგი არც ერთია, არც მეორე, არც მესამე და არც მეათე – უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანია. და ამ კონტექსტშია საგულისხმო ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ო`ნილის თვალსაზრისი, რომ  „ადამიანის გარეგნული ცხოვრება სხვათა ნიღბებთან ბრძოლით აღსავსე მარტოობაა, შინაგანი კი საკუთარ ნიღბებთან ბრძოლით“.

ამასთანავე, როგორც ამ პოსტულატის მეორე ნაწილი ცხადყოფს, თავად ადამიანიც ვერ ძლებს უნიღბოდ და ამაშია, ლუიჯი პირანდელოს აზრით, ტრაგიკომიკური პარადოქსი: „ცხოვრება ნიღბების კარნავალია და ადამიანი ყოველ ახალ სიტუაციაში ახალ ნიღაბს ირგებს, მუდმივ ცვალებადობას განიცდის. მისი არსებობა მოკლებულია არსს, რადგან დროის კონიუნქტურას ექვემდებარება და ილუზიაა მარტოოდენ, სხვა არაფერი“. ამავე აზრის უნისონში სალვადორ დალის  ფერწერული პასაჟი მახსენდება: მხატვრის ერთ-ერთ ტილოზე ადამიანს ხელთ საკუთარი სახიდან ჩამოხსნილი ნიღაბი უპყრია, სახის ადგილას კი მხოლოდ ცარიელი ოვალია.  აქედან მორალი – სახე იმდენად „შესისხლხორცებია“ ნიღაბს, რომ, ფაქტობრივად, აღარც არსებობს, წაშლილია.

თუმცა, ადამიანი ზოგჯერ არამარტო თვალთმაქცობის, ალბათ, თავდაცვის ინსტინქტის გამოც ინიღბება ანდა სულაც საკუთარ თავში იკეტება და ასეთ დროს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იგი ფიზიკურადაც მარტოსულია თუ არა. ამ დღეებში კრიზისული პერიოდის მქონე ერთი ცნობილი მსახიობის შესახებ დოკუმენტური ფილმი ვნახე.  მარტოობა და განმარტოება ( ანუ მარტოდ ყოფნა მინდა) სხვადასხვა იპოსტასებიაო, – აღნიშნა  იმ ფილმის გმირმა. პირველი შემთხვევა კომენტარს არც საჭიროებს. მეორე შემთხვევაში კი არა ფიზიკურად მარტო, არამედ მარტოსულ, სულით ეულ ადამიანზეა მინიშნება. დიახ, „საბრალოა მხოლოდ სული ობოლი“, არ არის მხოლოდ პოეტური განაცხადი. ასეთ დროს ადამიანი მოკლებულია საკუთარი თავის კომპლექსურ აღქმას, შინაგან ასახვას, რასაც ფსიქოლოგები ემპათიურ ასახვას უწოდებენ და სწორედ ეს იწვევს სულიერ კრიზისს. კრიზისს, რომელიც შეიძლება განაპირობოს პირადმა, ოჯახურმა, სამსახურებრივმა, ეკონომიკურმა, საზოგადოებრივმა ანდა სულაც პოლიტიკურმა პრობლემებმა. აღნიშნულის შედეგად დაუფლებული უმწეობის, უპერსპექტივობის, მარტოსულობის მტანჯველი განცდებით გამოწვეული სულით ობლობა კი გაუსაძლისი ხდება. მავანი გამოსავალს, ვთქვათ, ალკოჰოლში, ნარკოტიკში, კაზინოში, კრიმინალურ ქმედებებში ჰპოვებს. ვისაც ეს არ ძალუძს, ნევროზებისა და დეპრესიების მსხვერპლი ხდება. თუმცა, ობლობასაც გააჩნია – მასაც თავისი ფორმატები ჰქონია თურმე. პირადად მე ყოველთვის მაფიქრებდა ბელა ახმადულინას შემზარავი პოეტური პასაჟი – „შეიგრძნო ობლობა, ვით ნეტარება“(и ощутить сыротство как блаженство). ამ პასაჟის აზრს ერთ-ერთ პანაშვიდზე ჩავწვდი:

ჩემს ერთ ნაცნობ მარტოხელა დედას პრობლემური, ხიფათიანი შვილი ჰყავდა. სულ შარში ეხვეოდა, რის გამოც დედამისი მუდამ ცუდის მოლოდინის რეჟიმში იტანჯებოდა. ბოლოს ის ბიჭი ქუჩურ ჩხუბში მოკლეს. სწორედ მის პანაშვიდზე მისულს მგლოვიარე დედის დატირებამ გამაშიფრინა ახმადულინას ზემოთ მოხმობილი პასაჟი: რატომ დამაობლე, შვილო, შენგან რომ დამესვენაო?!

პარადოქსია, მაგრამ, როგორც ჩანს, მარტოსულობას მხოლოდ პრობლემური პარამეტრი არ უნდა ჰქონდეს, რაკი არსებობს „საჯარო მარტოობის“ ანდა „მარტოობის დღესასწაულის“ ცნებები (ეს უკანასკნელი ნიკო ფიროსმანის შესახებ ვადიმ კოროსტილოვის პიესის სათაურიც გახლავთ. პიესის, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ ჯერ რუსთავის თეატრში დადგა, მერე კი ფილმად გადაიღო ორივე ვერსიაში მთავარ როლში ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით). თუმცა, სულიერი მდგომარეობის ამგვარი ფორმები ცალკე მსჯელობის თემაა.

 

მარინა ბუზუკაშვილი