დეკაბრისტებამდე - ქართველები !  
დეკაბრისტებამდე - ქართველები !  

ძმები გრუზინოვების შესახებ იაკობ კრიხელის მასალა მამაჩემმა – დავით ბუზუკაშვილმა რადიო „თავისუფლების“ ერთ-ერთი გადაცემიდან 1984 წელს ჩაიწერა (იაკობ კრიხელი ზურაბ ნარსიას სახელითა და გვარით რადიო „თავისუფლებაში“ მუშაობდა): რუსეთში მცხოვრები ქართველი ძმები გრუზინოვები ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში პოლიტიკურ პროგრამად დემოკრატიული პრინციპებისა და პარლამენტარიზმის პროგრესულ იდეას ისახავდნენ. ამ თვალსაზრისით გრუზინოვები, როგორც კაზაკთა თავადაზნაურობის საღად მოაზროვნე და ცარიზმის თვითმპყრობელური რეჟიმისადმი მტრულად განწყობილი ფენის წარმომადგენლები, დეკაბრისტების წინამორბედნი იყვნენ. გთავაზობთ რადიოგადაცემის ჩანაწერს (ავტორისეული სტილი დაცულია და ალბათ სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული, რომ იმპერატორი პავლე ხან პირველ, ხან კი მეორედ იხსენიება):

წამყვანი: ცნობილია, რომ ძმებმა, ევგრაფი და პეტრე გრუზინოვებმა, წარუშლელი კვალი დატოვეს რუსეთის ისტორიაში იმის გმაო, რომ ისინი თავისუფალ კაზაკთა მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. რედაქციაში მოვიწვიეთ უცხოეთში მცხოვრები კაზაკი ვასილი გლაზკოვი. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვასილი გლაზკოვი ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწეა.  იმის შესახებ, თუ რა გვიამბო მან გრუზინოვებზე, გესაუბრებათ ზურაბ ნარსია:

ზურაბ ნარსია: საქართველოდან გამოსული ძმები ევგრაფი და პეტრე გრუზინოვები კაზაკური მოძრაობის დიდი პატრიოტები იყვნენ. 1800 წლის 4 სექტემბერს დონის ძველ დედაქალაქ ჩერკესკში ისინი სიკვდილით დასაჯეს.

1727 წელს ქართველი თავადი რომან ნამჭევაძე  იძულებული გახდა სამშობლოდან დონის მხარეში გახიზნულიყო. დონი არამარტო თავისი სიმდიდრით იყო განთქმული, არამედ იმითაც, რომ დონიდან  გაცემა არ წარმოებდა: დონის კაზაკები თავშესაფარს აძლევდნენ ყველას, ვინც თავისუფლებისათვის იბრძოდა და ვინც იძულებული იყო, საკუთარი სამშობლოდან გახიზნულიყო.

თავადი რომან ნამჭევაძე ჩერკესკში დასახლდა. მან კაზაკი ქალი შეირთო. მისმა შვილებმა – იოსებმა, მიხეილმა და ოლიამ გრუზინოვების გვარი მიიღეს. რომან ნამჭევაძის უფროსი შვილი იოსებ გრუზინოვი ენერგიული და ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მანაც კაზაკ ქალთან, აფანასიევასთან იქორწინა. ხუთი ვაჟიშვილი ეყოლა – ევგრაფი, პეტრე, რომანი, ათანასე და ნიკოლაი. ჰყავდა აგრეთვე ერთი ქალიშვილი – სახელად ნინო, წმინდა ნინოსადმი თაყვანისცემის ნიშნად.

ევგრაფი გრუზინოვი 1770 წელს დაიბადა ქალაქ ჩერკესკში. 16 წლის ასაკში სამხედრო სამსახური დაიწყო. ორი წლის შემდეგ იგი საატამანო პოლკის ასეულის მეთაური გახდა. ოფიციალური საბუთები მოწმობს, რომ ევგრაფი იყო წარმოსადეგი, მაღალი, ლამაზი, ჭკვიანი, სწრაფი და დიდი ძალის მქონე ადამიანი. 1788 წელს ევგრაფი გრუზინოვმა, რომელიც მაშინ ასეულის მეთაური იყო, კაზაკთა რაზმი წაიყვანა გატჩინაზე სალაშქროდ. იქ მაშინ ტახტის მემკვიდრე – პავლე პეტრეს-ძე იმყოფებოდა. იმავე წელს იგი მონაწილეობდა რუსეთ-შვეციის ომში. მოგვიანებით იგი კაზაკების ერთ-ერთი პოლკის მაიორი გახდა. ამ პოლკს მაშინ ა. დენისოვი  მეთაურობდა, რომელიც შემდეგ დონის ჯარის ატამანი გახდა. ევგრაფი გრუზინოვი მონაწილეობდა აგრეთვე რუსეთ-პოლონეთის ომში სუვოროვის სამხედრო შენაერთში. 1795 წლის 22 სექტემბერს, ფელდმარშალ სალტიკოვის ბრძანებით ევგრაფის არმიის ზემდეგის წოდება მიანიჭეს. 1797 წელს იგი უკვე გვარდიის პოლკოვნიკია, მომდევნო წელს კი მისი უდიდებულესობის ამალაში შეიყვანეს.

ევგრაფი გრუზინოვის მეორე ძმა – პეტრე მასზე ერთი წლით უმცროსი იყო. 17 წლის პეტრემ წმინდა გიორგის ორდენი მიიღო ოჩაკოვოს აღებაში მონაწილეობისათვის. შემდეგ იგი ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს რამნინის ბრძოლაში მონაწილეობისათვის. 1796 წელს პეტრე გრუზინოვი უკვე კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიის პოდპოლკოვნიკია. ამავე პოლკში მსახურობდა ევგრაფისა და პეტრეს სხვა ორი ძმაც – რომანი და ათანასე. ევგრაფი გრუზინოვი სამეფო კარზე ჯერ მემკვიდრის, შემდეგ კი იმპერატორ პავლე პირველის სრული ნდობით სარგებლობდა. იგი ზოგჯერ მის საიდუმლო დავალებებსაც კი ასრულებდა და თავისი კაზაკებითურთ განუყოფლად იმპერატორის კარზე იმყოფებოდა. სასახლეში იგი მეფის საძინებელი ოთახის გვერდით ცხოვრობდა.

მოულოდნელად პოლკოვნიკი ევგრაფი გრუზინოვი შერისხულ იქნა ვიღაცის დასმენის საფუძველზე. იგი და მისი ძმა პეტრე, მკაცრი ბადრაგის თანხლებით დონისპირეთში გადაასახლეს. სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით ორივე ძმა 1800 წლის 4 სექტემბერს დონის დედაქალაქის მთავარ მოედანზე გაწკეპლეს, რის შემდეგაც ორივენი ოთხად დაჩეხეს. ამის შემდეგ ლეიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკიდან გარიცხეს და დონზე გადაასახლეს სხვა კაზაკი ოფიცრებიც. შემდეგ ვასილ გლაზკოვი ისევე, როგორც თბილისში გამოცემულ წიგნში ო. გვინჩიძე, ამტკიცებს, რომ ძმები გრუზინოვები დეკაბრისტების წინამორბედები იყვნენ და ისინი კაზაკი თავადაზნაურობის პროგრესულ წარმომადგენელთა დიდ პლეადას ეკუთვნოდნენ. პლეადას, რომელიც მტრულად იყო განწყობილი მეფის თვითმპყრობელური რეჟიმის მიმართ.

საიმპერატორო ტახტზე ასული პავლე მეორე არ იზიარებდა თავისი დედის – ეკატერინე მეორის – შეხედულებებს და ღონისძიებებს. მან ბევრი რამის შეცვლა გადაწყვიტა. ამით ისარგებლეს მასთან დაახლოებულმა ევგრაფი გრუზინოვმა და მოსკოვ-პეტერბურგში მყოფმა კაზაკმა ოფიცრობამ. 1796 წლის 13 დეკემბერს გრუზინოვმა შეძლო ეკატერინე მეორის მიერ მოსპობილი კაზაკთა მთელი რიგი ავტონომიური უფლებების აღდგენა. ამის შესახებ ნათქვამია იმპერატორ პავლე მეორის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში, რომელიც 1797 წლის 3 ივლისს ჩერკესკში მოწვეულ საჯარო კრებაზე იქნა წაკითხული. ამან სამეფო კარის წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. იმპერატორის ბრძანებულება მათ მეფის ძალაუფლების შესუსტებად მიიჩნიეს. ამიტომ მოისურვეს ევგრაფი გრუზინოვისა და მის უკან მდგომი იმპერატორის ამალის მოშორება, რათა მათ გავლენა არ ჰქონოდათ იმპერატორზე, შემდეგ კი თვით იმპერატორის მოსპობაც. სწორედ ამისათვის დასჭირდათ მათ ევგრაფი გრუზინოვის წინააღმდეგ დასმენის შეკოწიწება და მისი დადანაშაულება იმაში, რომ თითქოს გრუზინოვს კაზაკთა მიწების იმპერიისაგან ჩამოშორება სურდა. ამის შემდეგ ევგრაფი და პეტრე გრუზინოვები არაერთხელ იმყოფებოდნენ პატიმრობასა და გადასახლებაში.

შერისხულმა ევგრაფი გრუზინოვმა რამდენიმე თვე დონისპირეთში გაატარა, პეტერბურგიდან მას არავითარი ცნობები არ მოსდიოდა იმიტომ, რომ მისი ფოსტის კონფისკაცია ხდებოდა. ევგრაფი გრუზინოვმა გაათავისუფლა ის ათასი გლეხი, რომელიც მას პავლე პირველმა უბოძა. 1800 წლის ზაფხულში ჩერკესკში ჩავიდა არმიის ინსპექტორი, გენერალი კოჟინი, რომელმაც გენერალ რეპნინთან ერთად ხელი მოჰკიდა ევგრაფი და პეტრე გრუზინოვების საქმეს. ბ. ხრეშატიცკი 1913 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემულ „მისი უდიდებულესობის ლეიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკის ისტორიაში“ დაწვრილებით აღწერს გრუზინოვების წინააღმდეგ მიმდინარე საპოლიციო მეთვალყურეობას, დასმენებსა და სხვადასხვა ცნობებს, რომლებსაც აგროვებდნენ ატამან ორლოვის აგენტები და სამხედრო სასამართლოს სპეციალური კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ევგრაფი გრუზინოვს სასტიკად აწამებდნენ, იგი თითქმის არ პასუხობდა კითხვებზე, კატეგორიულად ამბობდა უარს კომისიის მიერ შეკოწიწებულ საბუთებზე ხელის  მოწერასა და თავისი თანამზრახველების გაცემაზე.

სამხედრო სასამართლომ გადაწყვეტილება 1800 წლის 25 აგვისტოს მიიღო. გრუზინოვების სიკვდილით დასჯა დაუნდობელი გაწკეპვლის შემდეგ უნდა განეხორციელებინათ. 4 სექტემბერს, როგორც ავღნიშნეთ, ევგრაფი და პეტრე გრუზინოვები ოთხად დაჩეხეს.

რა დანაშაული წაუყენა ბრალად ორ ძმა გრუზინოვს სამხედრო სასამართლოს კომისიამ? ევგრაფი გრუზინოვის დაპატიმრებისას მის ბინაში ორი ქაღალდი ნახეს, რომლებშიც ჩამოყალიბებული იყო მისი იდეები, მაგრამ სამძებრო დოკუმენტებში ამ იდეების შესახებ ნაწყვეტ-ნაწყვეტ არის ლაპარაკი. ევგრაფი გრუზინოვს ახალი, თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა ჰქონდა განზრახული სახალხო მმართველობის სულ ახალ საწყისებზე. ასე ეძებდა იგი დემოკრატიის პრინციპს. ამ ახალ ქვეყანაში გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა წრეს, ანუ სენატს, რათა გაეძლიერებინა და გაეფართოებინა ბედნიერება დედამიწაზე მცხოვრები ყველა ეროვნებისათვის. მაგრამ ასეთი იდეალური სახელმწიფო მას რუსეთის კი არა, არამედ კაზაკთა თავისუფალი სახელმწიფოს სახით ჰქონდა წარმოდგენილი.

იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულთა ბოროტებაზე მიანიშნებს აგრეთვე შემდეგი ფაქტიც: სამხედრო სასამართლოს კომისიამ გადაწყვეტილება ძმები გრუზინოვების სიკვდილით დასჯის შესახებ 1800 წლის 25 აგვისტოს მიიღო, ხოლო განაჩენის სისრულეში მოყვანა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 4 სექტემბრისთვის დაინიშნა. მაგრამ იმპერატორმა პავლე მეორემ უკვე 26 აგვისტოს მოაწერა ხელი ბრძანებულებას, რომელშიც ნათქვამი იყო: „გარიცხული პოლკოვნიკი რეპნინი ჩვენსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ღალატისთვის გაწკეპვლით დაისაჯოს და ჩვენს გენერალ-გუბერნატორთან გადაიგზავნოს, ხოლო მისი ქონება ხაზინას გადაერიცხოს“. ეს ბრძანებულება ხრეშატიცკის წიგნშიც არის მოყვანილი. კომისიამ, რასაკვირველია, იცოდა 26 აგვისტოს ბრძანებულების შესახებ, რომელიც მხოლოდ გაწკეპვლით დასჯას გულისხმობდა. მაშინ ფოსტა პეტერბურგიდან ჩერკასკამდე ჩაღწევას 5-6 დღეს ანდომებდა. იქით და აქეთ – ორივე მიმართულებით კი 10-12 დღეზე მეტი არ იყო საჭირო, მაგრამ კომისიამ, რომელიც შეთქმულებთან იყო დაკავშირებული, გრუზინოვების 4 სექტემბერს დასჯა გადაწყვიტა. ჯარის პროკურორმა, კაზაკმა ანტომ მიკლაშევიჩმა, წერილობითი პროტესტი განაცხადა განაჩენის სისრულეში მოყვანის წინააღმდეგ. იგი ატამან ორლოვს ურჩევდა, რომ არ მოეხდინა გრუზინოვების ეკზეკუცია, მიკლაშევიჩს პავლე პირველის შეწყალების იმედი ჰქონდა.

შეთქმულები ანგარიშს უწევდნენ ასეთ შესაძლებლობას, რადგან მათ იცოდნენ, რომ პავლე პირველს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ევგრაფი გრუზინოვთან და მისდამი დიდი ნდობით იყო გამსჭვალული. სწორედ ამიტომაც მოითხოვდა პეტერბურგის სამხედრო გუბერნატორი გრაფი პალენი, თავისი სიძისაგან – ატამან ორლოვისაგან – გრუზინოვების სასწრაფოდ დასჯას. 1800 წლის 13 ოქტომბერს, როცა ძმები გრუზინოვები უკვე სიკვდილით იყვნენ დასჯილნი, იმპერატორმა პავლე მეორემ გამოსცა ბრძანებულება, რომლის ძალითაც სასტიკად დაისაჯა გენერალი რეპნინი დონში განხორციელებული სიკვდილით დასჯის გამო.

ძმების – ევგრაფი და პეტრე გრუზინოვების სახელები იმ ადამიანების გვერდით დგას, რომლებიც კაზაკების თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, – დასძინა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვასილი გლაზკოვმა“…

 

რადიო „თავისუფლება“.

16.02.1984 წ.