თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 17-ში ჩვენმა ოჯახმა საგვარეულო სახლი და მიწის ნაკვეთი 1923 წელს საქველმოქმედო პირობებით შეიძინა. ანუ სავალდებულო საბიუჯეტო სახდელებთან ერთად მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ფინანსური ჩანარიცხები განახორციელა ქართველ დამშეულთა სასარგებლოდ და წითელი ჯვრის სასარგებლოდ. ამით, შეძენილ ქონებას პოზიტივი დააყოლა, მადლის ქმნა დააკვება. მას შემდეგ ამ მისამართთან ჩვენი ოჯახის ბმა აგერ უკვე საუკუნეა (98 წელი) ოფიციალურად არ შეწყვეტილა. ის სახლი ანუ შენობა თავის დროზე პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ჩამოგვართვეს და შიგ პროლეტარიატი შემოასახლეს. მათთან ერთად ჩვენს ოჯახსაც ერთი საცხოვრებელი ბინა კომუნალური პირობებით დაგვიტოვეს. ჰოდა, იმ ბინაში ვიცხოვრეთ მანამ, სანამ დედაქალაქის ამ პრესტიჟული ლოკაციის კომერციული პოტენციალით დაინტერესებული საეჭვო ძალები სახლს დაგვინგრევდნენ, საცხოვრებელ ბინას გადაგვიწვავდნენ და ეს ბოლო 18 წელიწადი მთლად უსახლკარო ლტოლვილებად დაგვტოვებდნენ.
თუმცა, ამჯერად სულ სხვა თემაზე მსურს საუბარი. როცა იმ ჩვენს სახლში ვცხოვრობდით, ჩვენი ბინის ფანჯრები ზედ პუშკინის ქუჩის ტრასაზე გამოდიოდა და იმ ფანჯრებიდან დღენიადაგ გავცქეროდით ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს და იმ მუზეუმში მიმსვლელ-მომსვლელს. ადგილობრივი კონტინგენტის გარდა, მუზეუმის დამთვალიერებელთა შორის იყვნენ საპატიო სტუმრებიც – საქვეყნოდ განთქმული პერსონები. უცხოელ პოლიტიკურ ლიდერთა ვიზიტის პროტოკოლში როგორც მცხეთის არქიტექტურული ძეგლებისა და მიხეილ მამულაშვილისეული ედემის ბაღის, ისე თბილისში ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მონახულება და ქართული კულტურული წარსულის გაცნობა სავალდებულო პუნქტად იყო გაწერილი. ასე რომ, ჩვენი ფანჯრებიდან ორიგინალში ვუყურებდით VIP-პერსონებს, მათ მეუღლეებს, თანმხლებ პირებს – კულტურული ვოიაჟების მთელს აჟიოტაჟს.
ვიზიტორთა ამგვარი ცერემონიალური ფორმატი დღეს უკვე აღარ მოიაზრება, წარსულში დარჩა და იმ საბჭოთა დროს თან გაჰყვა. დღეს კულტურაზე დროს აღარავინ კარგავს, საჭიროდ არ თვლიან! შესაძლოა იმიტომ, რომ ყველაფერი ინტერნეტშია ატვირთული – თუ ვინმეს აინტერესებს, ღილაკზე თითის ერთი დაწკაპუნებით დაიკმაყოფილებს ინტერესს. მაგრამ უწინაც ხომ იყო კატალოგები, სადაც, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ყველაფრის დათვალიერება. თუმცა, ასლი, რეპროდუქცია და ორიგინალი რომ უკონკურენტო ფორმატებია, ყველანი ვთანხმდებით.
გარდა ამისა, მაშინ საპატიო ვიზიტორთა მუზეუმში მისვლა არამარტო საკუთარი თვალსაწიერის გაფართოება, მასპინძელი ქვეყნისადმი პატივისცემის ოფიციალური ხაზგასმა თუ თავაზიანი გამოხატვა იყო. დღეს კი… დღეს თანამედროვე პოლიტიკურ რეალობას ამგვარი დიპლომატიური რევერანსები აღარ სჭირდება.
პოლიტიკა რომ ყველაფერს უმოწყალოდ ისრუტავს და შთანთქავს, ამის კიდევ ერთ ილუსტრაციად 20 თებერვალს რუსთაველის თეატრში გამართულ პრემიერას დავიმოწმებ, სადაც რობერტ სტურუას მიერ დადგმული „თამაშის დასასრული“ (სემუელ ბეკეტი) წარმოადგინეს. ნობელიანტი სემუელ ბეკეტი თეატრალურ ხელოვნებაში აბსურდის მიმდინარეობის (ინგლისი) წარმომადგენელია. ჰოდა, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც პოლიტიკაში დასადგურებულ ტოტალურად აბსურდულ რეალობას, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ სწორედ აბსურდის დრამატურგიული ოპუსი შეეფერებოდა და სტურუას არც ამჯერად შეშლია არჩევანი. პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა – უკლებლივ ყველა ბილეთი გაიყიდა და ეს ძალიან კარგი ფაქტია. მაგრამ… მაგრამ წარმოდგენას არ დასწრებია არცერთი პოლიტიკოსი – არც ხელისუფლებიდან და არც არახელისუფლებიდან. წინათ, ასეთ პრემიერებზე ჟურნალისტებისა და ტელეკამერების ცვენაც იქნებოდა ანუ დიდი აჟიოტაჟი. ჩვენი პრესა კი ამჯერად არც დაინტერესებულა, ამ კულტურული მოვლენის გასაშუქებლად თავი არ შეუწუხებია (ობიექტურობისთვის, მგონი, ტელეკამერის შტატივიანი ერთადერთი ოპერატორი ფოიეში კი დავლანდე).
უწინ, იმ საბჭოთა დროს, თეატრალურ პრემიერებზე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალნიც დადიოდნენ და ეს სავალდებულოდ მიაჩნდათ, რათა ხალხის თვალში თავიანთი საზოგადოებრივი იმიჯით კულტურულ პერსონებად წარმოჩენილიყვნენ და წარმოდგენებზე დასწრებით ხელოვანთა შრომა დაეფასებინათ. ის მძიმე სათქმელიც აეტანათ, რასაც იგივე რობერტ სტურუა თავისი სპექტაკლებით თითქოს მკაცრი ცენზურის პირობებშიც კი პოლიტიკურ სისტემასა და რეჟიმზე იგავურ-კარნავალური ენით ამბობდა და ალეგორიული მეტაფორების ფილოსოფიით მიანიშნებდა. სათქმელი, რომლითაც ჯერ კიდევ მაშინ სისტემის პოლიტიკურ ლიდერებს მათივე პოლიტიკური ტირანიის კონტექსტში სტურუა უპარდონოდ ბომბავდა მსუყე, პოლიტიკურად ნოყიერი იმგვარი „კომპლიმენტებით“, როგორებიც გახლდათ სპექტაკლები: „დრაკონი“, „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ „რიჩარდი“, „ლირი“!!!
დღეს კი პოლიტიკოსთა მიერ კულტურული მოვლენების იგნორით ხელისუფლებამ სწორედ რომ თავისებური კონტრკულტურა დაამკვიდრა და ჩვენი ესოდენ სავალალო პოლიტიკური კულტურისა და კულტურული პოლიტიკის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც არის. ამ დისკურსში უთუოდ უნდა გავიხსენო 90-იან წლებში მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძის ფრთიანი სლოგანი: „საქართველო გადაარჩენს კულტურას და კულტურა გადაარჩენს საქართველოს“! თურმე, რა მწარედ ცდებოდა ბატონი ედუარდი!
კულტურა, როგორც ასეთი, რომ არამარტო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს მიღწევათა ერთობლიობა, არამედ ერისა და ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ვრცელი და ზოგადი პროცესია, უდავო ფაქტია. პოლიტიკა კი ამ ყოვლისმომცველ პროცესს, სამწუხაროდ, ათვინიერებს და საკუთარი გავლენით განაპირობებს. ეს მაშინ, როცა ხელოვნება თავად უნდა ამხელდეს და ამათრახებდეს ყოველივე პრობლემურს და ნეგატიურს ჩვენს ცხოვრებაში.
თავისთავად პოლიტიკა ცნობიერების ფორმა გახლავთ ისევე, როგორც სამართალი, მეცნიერება, ხელოვნება, რელიგია და მორალი ანუ ზნეობა. ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება ამ ფორმებში თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. მაგრამ ამ ფორმებს თანაბარი პოზიციონირება არ უწერიათ, რადგან პოლიტიკა ყველა მათგანში შეჭრილია და დომინირებს, განმგებლობს. მაგალითად იგივე ზნეობა, ფაქტობრივად, გაიყვანა ასპარეზიდან. კულტურულმა კონიუნქტურამ ორიენტირი „ქვაზი“ ნიშნულზე მომართა და ჩვენი დროის „კულტურტრეგერებმაც“ სწორება სწორედ ამ ნიშნულზე აიღეს. ამ კოშმარის დეკონსტრუირებისათვის ალბათ ახალი ჟაკ დერიდა უნდა დაიბადოს.
რაკი პოლიტიკის მიერ ცნობიერების ამა თუ იმ ფორმით ოპერირებას შევეხე, მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი ჩვენი ახლო წარსულიდან – როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ყირგიზი კოლეგის ინაუგურაციაზე მიიწვიეს. მისი იმ ვიზიტის პროგრამაში შუა აზიის ამერიკულ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაც შედგა. ამ შეხვედრის შესახებ სიუჟეტი სააკაშვილის ხელისუფლების ფავორიტი ტელევიზიის ახალ ამბებში ვნახე და შევძრწუნდი: სააკაშვილმა სააქტო დარბაზის კარიდან სცენამდე გზა სტუდენტთა გამაყრუებელი ოვაციებისა და აგრიალებული მუსიკის თანხლებით გადაიარა და ეს თანმხლები ფონი სცენაზე ასვლის მერეც დიდხანს, დიდხანს გრძელდებოდა. სიუჟეტის ავტორმა სიამაყით განაცხადა, რომ ჩვენს პრეზიდენტს, როგორც გმირს, ისე შეხვდნენო. შემაძრწუნებელი კი მთელს იმ ცუმპა-რამპაში ის იყო, რომ მას არა როგორც გმირს, არამედ როგორც მესიას, ისე შეხვდნენ. იმ სატელევიზიო ნიუსის ავტორს მაშინ განათლება არ ეყო და არ იცოდა, რომ ის მუსიკალური აკომპანიმენტი ენდრიუ ლოიდ ვებერის როკ-ოპერის „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავის“ საქვეყნოდ ცნობილი ჰიტი იყო. ჰიტი, რომელიც იმ „სუპერსტარში“ მაცხოვრის ჰიმნი და ლაიტმოტივია! ანუ პოლიტიკური პარალელი და კონტექსტი არათუ ფარული, ზეგამჭვირვალე გახლდათ! ჩემი გაოგნება კი იმან გამოიწვია, რომ ის შუააზიური რეგიონალური ალმა-მატერი ამერიკული უნივერსიტეტი გახლდათ, ა-მე-რი-კუ-ლი!!! აი, ასე ურცხვად იმანიპულირეს მიშას ამერიკელმა პატრონებმა და ხელოვნებისა და რელიგიის მაღალი პოზიციებიდან ახალგაზრდების აი-ქიუ პოლიტიკური მიზნობრიობით დააზომბირეს.
სტურუას ახალ სპექტაკლს ე.წ. ფსკერის ბინადრებიც ჰყავს – სიძულვილით დასამარებული სიყვარულის „სიმბოლური“ წყვილი ანუ „გარდაცვლილი“ მშობლები – როგორც ცუდ სიზმარში, პერიოდულად რომ შეგვახსენებენ თავს და სიზმრისავე ეფექტის „ტექნიკით“ წარმოსახულნი, ყოველი ამოტივტივებისას ერთმანეთს საქმეს ურჩევენ (ნანა ფაჩუაშვილი, ლევან ბერეკაშვილი). მათგან ერთგვარი ასოციაციით ჩვენი ქალაქის რეალურ საზოგადოებრივ „ქვესკნელებში“ ჩარეცხილ-ჩადევნილ სოციუმში გადავინაცვლებ:
ბარათაშვილის ქუჩა და ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი საკომუნიკაციო ჰაბია – ყველა მიმართულებისა და სახეობის ტრანსპორტი აქ იყრის თავს. ამიტომ იქ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში ხშირად მიწევს ჩასვლა. ეს მიწისქვეშა სივრცე მთლიანად მოვაჭრე კონტინგენტს აქვს ათვისებული. ყველა მათგანს გასაყიდ საქონელთან ერთად პერსონალური ტელევიზორებიც უდგათ და მთელი დღეები კლიენტებთან ერთად უყურებენ საინფორმაციო გამოშვებებით პირდაპირ ეთერში ტრანსლირებულ ქუჩის საპროტესტო პოლიტიკურ აქციებსა და სხვადასხვა პერფორმანსებს. ყოველი ავლა-ჩავლისას იმ ეკრანებიდან აკივლებულ-აწივლებულ პოლიტიკოსთა ღრიანცელი და ლანძღვა-გინება მოისმის. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ პოლიტიკოსებმა ბედნიერების სივრცე ხომ მთლიანად აითვისეს – პოლიტიკაში მოსვლით ცხოვრება საშვილთაშვილოდ ჩონგურივით აიწყვეს. ეხლა კი, რაკი უმრავლესობაში აღარ არიან, უბედურების სივრცეც ურცხვად მიიტაცეს და სხვადასხვა რეგისტრში გაჰკივიან, თუ როგორი დაჩაგრულ-შევიწროვებულები არიან. (ეს მაშინ, როცა იმავე პოლიტიკოსთაგან მართლაც, ნამდვილად, რეალურად გაუბედურებულ-განადგურებულ ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანებს თავის უბედურებაზე თუნდაც ამოსაოხრებლად მედიაში ადგილი აღარ დარჩათ).
რაკი იმ გაბოროტებულ პოლიტიკოსთა პერმანენტულ პროტესტებს ტელემედია ინტენსიურ რეჟიმში აშუქებს, ამ ელექტრო ტრიბუნებით, ურცხვად სარგებლობენ და ისეთ სურათს ქმნიან, თითქოს ამ ქვეყანაში მათ გარდა აღარავინ არის გაუბედურებულ – დაჩაგრული. ეს მოვაჭრე კონტინგენტი სახლში რომ ბრუნდება, ღამის ეთერების თოქ-შოუებში აგრძელებს იმავე პოლიტიკოსთა ყურებას და მათგან დაფრქვეულ სიძულვილსა და ინვექტივებს ჭარბად და შთამაგონებლად ისრუტავს. აი, ასე იღებს მოსახლეობა უზნეობის მასტერ-კლასებს. რიგითი ობივატელი ფიქრობს, თუკი ეს ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ბონვივანები ყველაფერს კადრულობენ და ყველაფერზე მიდიან, მე – ყოველდღიურად ლუკმა პურის შოვნაზე გადაგებულმა პატარა და უუფლებო ადამიანმა რატომ არ ვიკადროო. და ასე მოიშალა ჩვენში ზნეობაც, ერთმანეთის გატანაც, ადამიანური ურთიერთობებიც და ასე შემდეგ. ანუ ყოველივე ის, რითაც ესოდენ გამორჩეული იყო ჩვენი ცხოვრება. ამ ყოველივეში ლომის წილი, სამწუხაროდ, ჩვენს მედიასაც მიუძღვის. საზოგადოებრივი ცნობიერების გამხლეჩ, ტირაჟირებულ ტელემედიას სპექტაკლში „ასულნი“ (პოლიკარპე კაკაბაძე) სტურუა ბასრი და მსუსხავი არტპასაჟით დასცინის: სპექტაკლის ორ ასულს ერთი მთლიანი ტელეყუთი ისე ჩამოუცვამთ, რომ სიამის ტყუპების ეფექტს ქმნიან. თანაც, ორივე ტყუპისცალის ზურგზე წარწერილი „нет сигнала“ გვაუწყებს, რომ მათი ტელეეთერი ჭედავს! პოლიტიკურ ცეკვებს აყოლილი მედიის (და არამარტო მედიის) ლუსტრირებას კი რეჟისორი კარლ მარია ვებერის ბრწყინვალე მუსიკალური ბრავადით („მიწვევა საცეკვაოდ“) ვირტუოზულად ახდენს.
იმ საბჭოთა წარსულში საქართველოში უცხოელები სიამოვნებით მოილტვოდნენ. სულ მიკვირდა, რა იზიდავდა იმ დასავლური კომფორტებისა და მაღალი სერვისების სივრცის წარმომადგენლებს ჩვენს მოუწყობელ, არაკომფორტულ, დეფიციტებით აღსავსე ქვეყანაში და ერთ დასკვნამდე მივდიოდი: რა იზიდავდა და ჩვენი ერთმანეთობა ანუ ადამიანური ურთიერთობები, ოჯახში არსებულ თაობათა ერთიანობა, ურთიერთგატანის და ერთად დროსტარების სასიამოვნო ტრადიციები. რადგან მათს კომფორტულ, ხარისხიან და სუპერსერვისების სივრცეში ადამიანური გაუცხოების, სიმარტოვის, დაშლილი ურთიერთობების ატმოსფერო სუფევდა. და ეს ყოველივე იქაურ კულტურას მთლიანად მსჭვალავდა. დიახ, უცხოეთში იმ დროს ტოტალური გაუცხოების ბუმი იდგა! ბუმი, რომელიც, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ურბანისტული პროცესების მოძალებამ კიდევ უფრო გააღრმავა. ადამიანის გაუცხოებას იქ მთელი ფილოსოფიური მოძღვრება – ეგზისტენციალიზმი ანუ ადამიანის არსებობის ფილოსოფია მიეძღვნა. ის იმ საბაბით შეიქმნა, რომ მანამდე არსებული ყველა ფილოსოფიური მიმდინარეობა მატერიის (მატერიალიზმი) ან იდეის (იდეალიზმი) ამოხსნას ცდილობდა, ადამიანი კი უყურადღებოდ იყო მიტოვებული.
ჩემი ამ წერილის ინსპირაცია სწორედ რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის პრემიერა გახდა, რომელიც ევროპული აბსურდის დრამატურგიული ოპუსია.
ჩვენი ოჯახი პოლიტიკურ რეპრსიათა მსხვერპლი ოჯახი გახლდათ და პოლიტიკის კოშმარული ანარეკლი ოჯახურ ატმოსფეროში მუდმივად იგრძნობოდა. მახსოვს, მამაჩემი დილაუთენია და ნაშუაღამევს რადიომიმღებზე იყო მიჯაჭვული, რათა როგორმე მოესმინა რუსულენოვანი რადიოების „ამერიკის ხმის“, „ბი-ბი-სის“, „თავისუფლების“, „ქოლ ისრაელის“ საინფორმაციო გამოშვებები. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმი იმ გადაცემებს მუდმივად ახშობდა, ახრიალებული რადიომიმღებიდან მამა როგორღაც მაინც ახერხებდა საინტერესო ინფორმაციების აკრეფას, რომელთაც მერე ჩვენც გვიზიარებდა. ბოლოს კი აუცილებლად გვაფრთხილებდა:
– გარეთ არაფერი თქვათ, ვინმესთან რამე არ წამოგცდეთო.
სულ მიკვირდა, ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა ასეთი შიშით ცხოვრება. მაინც რა ჯანდაბაა ეს პოლიტიკა, რომ ასე თრგუნავს ადამიანებს-მეთქი. ამიტომ ახალგაზრდობიდანვე დავინტერესდი პოლიტიკით (ოღონდ, ისე, რომ არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკურ ცხოვრებაში). მალევე დავასკვენი, რომ პოლიტიკური პროცესის ყველაზე დიდი კრახი ომია და დავინტერესდი მეორე მსოფლიო ომით. იმ საბჭოთა იდეოლოგიური აკრძალვებისა და ტაბუების ეპოქაში დავიწყე გარკვევა, თუ როგორ დაუშვა ესოდენ ცივილიზებულმა ევროპულმა გონმა ჰიტლერის ფაქტორი. და თუ დაუშვა, ომის შემდეგ როგორღა ირეაგირა, როგორ შეაფასა და რა დასკვნა გამოიტანა.
უკვე იმ ომის მიმდინარეობის პროცესშივე დაიწყო ევროპის მოწინავე მოაზროვნე ტვინების რეაქცია: გერმანიაში ბერტოლდ ბრეხტმა ეპიკური თეატრის ესთეტიკა შექმნა. საფრანგეთში ეგზისტენციური ფილოსოფია და დრამატურგია აღმოცენდა. ინგლისში ჯერ გაბრაზებულ ახალგაზრდთა მიმდინარეობამ, მოგვიანებით კი აბსურდის თეატრალურმა პლატფორმამ აიღო სტარტი. იტალიურ კინოში იმ ომმა ნეორეალიზმს დაუდო სათავე. ყველა ამ მიმდინარეობას კი მთლიანობაში ინტელექტუალიზმი ეწოდა (ამავე კონტექსტშია საგულისხმო პიკასოს „გერნიკა“ (1937წ.), რომლის შემხედვარე ერთმა გერმანელმა ოფიცერმა ავტორს ჰკითხა:
– ეს თქვენ გააკეთეთ? – არა, თქვენ! – მიუგო პიკასომ). იმ ცალკეულ მიმდინარეობათა სპეციფიკაზე სხვა დროს მოგახსენებთ. ამჯერად კი ვიტყვი, რომ სემუელ ბეკეტი, როგორც დრამატურგი, ეჟენ იონესკოსა და ჰაროლდ პინტერთან ერთად, აბსურდის თეატრის წარმომადგენელია. მიმდინარეობის, რომლის ძირითადი კონცეპტი იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრება აბსურდია, რადგან მან დაუშვა ის, რამაც მოიტანა ლამის 80-მილიონიანი ადამიანური მსხვერპლი, ოჯახების განადგურება, დაინვალიდება, საკონცენტრაციო ბანაკები, გაპარტახებული ქვეყნები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი ინფრასტრუქტურა, ღირებულებათა ჩამოშლილი შკალა, ზნეობრივი დაცემა, გადაგვარება, სიყალბე, ტყუილი, ღალატი და სხვა თანმდევი უამრავი უბედურება. სწორედ ამიტომაც არის, მათი აზრით, ცხოვრება აბსურდი, რადგან სხვა ლოგიკა უკვე აღარ დარჩა.
რაც შეეხება საკუთრივ სტურუას: პირადად მე მისგან მეტად დავალებული ვარ – სტუდენტობიდან მოყოლებული მისმა თეატრალურმა ფილოსოფიამ სააზროვნო სივრცე გამიმდიდრა, თვალსაწიერი გამიფართოვა. რასაც მის საკულტო სპექტაკლებში სცენაზე ვუყურებდით (იმ საკულტო სპექტაკლებში, პროგრესული მსოფლიო ტრიუმფით რომ დაიპყრო), ის ყოველივე ნოსტრადამუსივით წინასწარმეტყველება აღმოჩნდა და აგერ უკვე 30 წელია ჩვენს რეალობაში თამაშდება. ანუ სტურუას თეატრმა ჩვენი ყოველდღიურობის პოლიტიკურ ავანსცენაზე გადაინაცვლა. სწორედ ამიტომაც არის სტურუა პლანეტარული პერსონა და მთელი ეპოქა!
ამ ახალი პრემიერით დიდმა მაესტრომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ის, რაც თეატრსა თუ რეალობაში თამაშდება ანუ ამაოებათა მთელი ამაოება, ვითომ „ამაღლებული ტანჯვა“, თითქოს „ცრემლებში სიცილის მალვა“ თანმდევი სარკაზმით, ირონიით, შავზე შავი იუმორით, პათოლოგიური და არაადამიანური ურთიერთობებით, ველური ინსტინქტებით, მეტისმეტად სასაცილოა, ძალზე სატირალი რომ არ იყოს. ამ აბსურდული სივრცის ნაშიერი საშინელი და თან საბრალოებამდე ცოდვილი ხეიბარი პერსონაჟები, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ვერც უერთმანეთოდ ძლებენ. ეს სტატუს-ქვო გენეტიკურად მოსდგამთ, „დე-ენ-ემში“ აქვთ გამჯდარი. შემზარავი კომიზმის საილუსტრაციო ფაქტორებიდან თუნდაც ერთ დეტალს მოვიხმობ: სცენაზე შემოსასვლელ ცენტრალურ თაღს დეკორატიული სამშვენისი ამკობს – თაბაშირისა თუ მუყაოს ღვთაებრივი კუპიდონი, ჭეშმარიტად რენესანსული რეპლიკა (სცენოგრაფი მირონ შველიძე). ამ მშვენიერ კოსმიურ დესპანს მშვილდის ნაცვლად ბუკი მოუმარჯვებია და ზეციური რუპორით რაღაცას ჩამოსძახის თუ შეახსენებს ამ უსიყვარულო და მიწიერი ქაოსით შეპყრობილ უბადრუკ არსებებს. რაღაც ისეთს, რომ „იმ მესიჯის“ გამო გოგა ბარბაქაძის გმირი შიშველ ტაკოზე მათრახს შემოსცხებს.
საკუთარი გენომითა და მენტალობით დაკომპლექსებულ-გაბოროტებულ ამ შშმ პირებს ცასა და მიწას შორის გამოკეტილ-გამომწყვდეული საკუთარი ცხოვრება – ეს მართლაც აბსურდული კლოუნადა, საპყრობილედ უჩანთ. მათი მრწამსი, ლოგიკა თუ არსებობის ფილოსოფია ძირშივე უარყოფს ამგვარი ცხოვრების გაგრძელების პერსპექტივას ანუ მომავალს. სწორედ ამიტომ, ავანსცენაზე პატარა ბიჭუნას შემხედვარე საპყარი გმირი (დათო უფლისაშვილი) თავისსავე თვისტომს განწირული უკიჟინებს: „ – ესროლე, ესროლე, თორემ გამრავლდებიან“! მყისიერი დამიზნებული გასროლა და… მაგრამ რაგინდ მოტივირებული გეგმებიც უნდა „არასკლადოს“ მათმა დამახინჯებულმა გონებამ, ზოგადად სამყაროსა და ბუნებას თავისი კანონები აქვს: იმ გასროლისთანავე ბიჭუნას გასამიჯნად მთელს სცენას უეცრად ოპტიკური სპეცეფექტით თითქოს რაღაც აირის ფარდა აეკვრება, რომელიც უმალ ერთგვარ გრანდიოზულ ეკრანად იქცევა და ზედ უკიდეგანო, გალაქტიკური ხედი ალივლივდება – თითქოს წყლის ან იქნებ სულაც ცის. ცხოვრებისა და სამყაროს მომავალს ვერავინ შეაჩერებს – ბიჭუნა გადარჩა. სპექტაკლი და, შესაბამისად, თამაშიც დასრულდა! დაანონსებული აპოკალიფსი არ შედგა!
ბიჭუნას ფაქტორი ზოგადად სტურუას თეატრის კონცეპტუალური თეზაა: „კავკასიური ცარცის წრის“ მიშიკო აბაშვილიდან მოყოლებული, იმავე „რიჩარდ მესამეში“, „ასერგასის დღეში“ და ამ ბოლო სპექტაკლშიც ბიჭუნები, როგორც მომავალი თაობის სიმბოლოები, სტურუას თეატრის თანამგზავრები არიან. სწორედ მათ თვალწინ თამაშდება ცხოვრებისეულ ვნებებს ვერმორეულ ადამიანთა მანკიერი ამბები და ამ ყოველივეს შემყურე პატარები მართლაც რომ ცუდსკოლაგავლილები ჩაიბარებენ სამომავლო ესტაფეტას. უზნეობის მასტერ-კლასებით შტუდირებულნი განკარგავენ მომავალ ცხოვრებას. აი, ამ მეტად საგულისხმო მესიჯებით აფრთხილებს დიდი რეჟისორი მაყურებელს.
და კიდევ: რაკიღა „თამაშის დასასრულში“ პერსონაჟები, ფაქტობრივად, ინვალიდები არიან, მინდა ერთგვარი პარალელი გავავლო „რიჩარდ მესამესთან“. საერთოდ, ფიზიკური ნაკლის ფაქტორი ადამიანების ფსიქიკას მძიმე დაღს ასვამს. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ზოგი თავს ვერ ერევა და არასრულფასოვნების კომპლექსებით იმსჭვალება, ყველასა და ყველაფერზე იბოღმება და ბოროტდება, სამყაროზე შურისმაძიებლობას იწყებს და თავის უბედურებას სხვებს აზღვევინებს. სტურუასეული „რიჩარდ მესამე“ ამის თვალსაჩინო მაგალითია (და აქვე ერთგვარი პარალელისთვის მახსენდება გენიალური შვედი დრამატურგის, ფრიდრიხ დიურენმატის „ფიზიკოსები“: ფსიქიატრიული კლინიკის მახინჯი მთავარი ექიმის ხელთ აღმოჩენილი გამანადგურებელი ბერკეტი ანუ ზემძლავრი იარაღის პროექტი კაცობრიობას კატასტროფას უქადის, რადგან საკუთარი სიმახინჯით დაბოღმილ-დაკომპლექსებული მარტოხელა, არარეალიზებული, გაბოროტებული ქალისთვის ის იარაღი შანსია ყველასა და ყველაფერზე შურის საძიებლად საკუთარი არასრულფასოვნების გამო). სტურუას „რიჩარდში“ სამეფო დინასტიას მახინჯი გენეტიკა მოსდგამს, რის გამოც ქვეყანამ უნდა ზღოს. მახინჯია რიჩარდის დედა, თავად რიჩარდი კოჭლი და კუზიანია, მაგრამ დამოუკიდებლად მოძრაობის უნარი ბოლომდე შეზღუდული არ აქვს, მაინც თავისით გადაადგილდება. აი, პატარა უფლისწული კი – მომავალი ტახტის მემკვიდრე – წელმოწყვეტილია და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, სხვისი დახმარების გარეშე ვერ მოძრაობს. რეჟისორის სათქმელი მძიმეა: თუკი რიჩარდს ესოდენი უბედურება მოაქვს სხვებისთვის, რა ეშველება ქვეყანას, ამ პატარა უფლისწულის გამონარქების შემდეგ?! ანუ ლიდერთა არასრულფასოვნების ნებისმიერი კომპლექსის გამოც ქვეყანამ და ადამიანებმა უნდა ვზღოთ!
ისე, მე მაინც მაფიქრებს ამ ახალი სპექტაკლის ფინალური მიზანსცენა: მართალია, ბიჭუნა გადარჩა, მაგრამ იგი დარბაზისაკენ ზურგშექცეული და სცენის სიღრმეში მზირალი დარჩა, როგორც იმ სამყაროს პროდუქტი და ნაშიერი. თუმცა, ეს წერილი ამ მძიმე აზრით რომ არ დავასრულო, გეტყვით, რომ ბეკეტისეულ წარმოდგენას შესანიშნავი მუსიკალური პარტიტურა ახლავს, სტურუას ყველა სპექტაკლის კვალობაზე – მეტად გემოვნებიანი. ჯერ მარტო, გერშვინის „ცისფერი რაფსოდიის“ ჰანგზე ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცის ცქერა (იმანუილ კანტს ესოდენ რომ აოცებდა!) ერთ რამედა ღირს და კარგი ესთეტიკით ფუთავს აბსურდულ სამყაროს.
მარინა ბუზუკაშვილი