როგორც ამ რუბრიკის წინა სტატიის შესავალში აღვნიშნე, ქართულ-ებრაული ბლოკი მამაჩემის პირად არქივში თავმოყრილი ნარკვევების ციკლიდანაა. მამა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცხოვრებაში უამრავი რამის მომსწრე იყო. ბევრი სიმწარე გადაიტანა. და, რაც მთავარია, პოლიტიკური რეპრესიებიც!
ხშირად ვფიქრობ, რატომ აირჩია მან თავისი ნარკვევებისათვის ეს თემა და ერთ დასკვნამდე მივდივარ: როცა არსებული რეჟიმის დაუძლეველ სახელმწიფოებრივ ბარიერებს აწყდებოდა, ჩინოვნიკთა უსულგულობას, კონიუნქტურულ აკრძალვებსა და აუტანელ ტაბუებს ვეღარ ერეოდა, ამ მისი ნარკვევების პერსონაჟებადქცეულ ღირსეულ, ნათელ სახეებთან განმარტოვდებოდა. დიდი ადამიანების ბიოგრაფიათა ზნეობრივ ფრაგმენტებს უღრმავდებოდა.
ამჯერად გრიგოლ ორბელიანზე შევაჩერებ ყურადღებას:
მარინა ბუზუკაშვილი
1847 წელს დაღესტნის მთებში შამილის წინააღმდეგ ამხედრებული პოეტი გრიგოლ ორბელიანი ძმისთვის გამოგზავნილ წერილში სხვა დანარჩენთან ერთად იმასაც აღნიშნავს, რომ 15 იანვარს გუმბრის ნაიბი აბაქარდიბირი თავს დაესხა საშამხლოს ებრაელთა სოფელ თარიკს და გაიტაცა ტყვეები…
„დაიძახეს მდევარი… მოვახტი ჩემს ვასკა ტაიჭსა და… გავსწიეთ. ერთი ყარამანისეულად შევსძახე მტერსა… „სადღა წახვალ, ჩემის ხელისგან!“
დაფრთხა მტერი, გაიქცა და ჩვენც დავეცით ყიჟინა და მივდიეთ უკან.
ჰაი დაიჭი, ჰაი მოჰკალ! 17 დავიჭირეთ ტყვეთ…
დავაყრევინე მთლად დავლა და 8 დედაკაცი ებრაელი“…