პრესას რომ ყველგან მეოთხე ხელისუფლებად იხსენიებენ, კარგა ხნის ჩვეულებრივი ამბავია და არაფერია ამაში გასაკვირი. თუმცა, აქვე ერთი ჩემი კოლეგის განსხვავებული მოსაზრება გამახსენდა, თავის დროზე ლედი დის ტრაგიკული დაღუპვის გამო რესპონდენტთან დიალოგში რომ გამოთქვა და რატომღაც დღემდე მახსოვს. იგი არ დაეთანხმა ამ ლამის აქსიომატურ მოსაზრებას და განაცხადა, მეოთხე ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრია და პრესა მას უნდა ემსახურებოდესო.
კოლეგიალობაც რომ არა, განსხვავებულ აზრს ისედაც მივესალმები, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენში მეოთხე ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს გადაეცეს. ჩემს კატეგორიულობას, ბუნებრივია, მიზეზი აქვს და მასზე ქვემოთ მოგახსენებთ. იმ კოლეგამ კი თავისი აზრის საილუსტრაციოდ პრინცესა დიანასა და სამეფო კართან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამო ინგლისური პრესიდან ერთი პასაჟი მოიხმო: ინგლისში ყველაზე დიდი დედამთილი საზოგადოებრივი აზრიაო.
ჯერ ერთი, ირონია პრესას რომ უხდება, ეს არც იქაურ გაზეთებს ავიწყდებათ. და კიდევ: ინგლისის საზოგადოებას, ერთ დროს ყბადაღებული პურიტანიზმის მიუხედავად, მაინც ევროპული მენტალიტეტისა და დემოკრატიული ტრადიციების გრძელი ისტორია მოსდგამს. ჩვენში კი საზოგადოებრივ აზრს სულ სხვა გენეტიკა გააჩნია და ამ გენეტიკის გაუთვალისწინებლობა, შესაძლოა, საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. ჩვენი აზროვნების სტილი ბოლშევიზმის წიაღიდან აღმოცენებული და საბჭოურ საზოგადოებრივ კლიმატშია გამოყვანილი. „აკლიმატიზებას“, ანუ საზოგადოებრივად აზროვნების (უფრო ჩვენებურად – კოლექტიურად აზროვნების) კულტურას კი მსოფლიოს ერთ მეექვსედში სულ სხვა „კანონები“ მართავდა და ის დაუწერელი კანონები ჯერაც არ გაუქმებულა.
პოლ ვალერის ერთ ანდროგენულ მოსაზრებას მოვიხმობ: „აზრი ორსქესოვანია: ის თვითონ ანაყოფიერებს თავის თავს და თავადვე დაატარებს თავისსავე ნაყოფს“. ამ ორმაგი, ბიპოტენციის მძლავრ ფონზე ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი აზრი, რომელიც, როგორც წესი, საღ აზრად საღდება, თავისთავად მართლაც უზარმაზარი სიდიდეა და სახელმწიფოს ხელში საჭიროების ჟამს ძალზე მოხერხებულ, მარჯვე და ძლიერ იარაღად გადაიქცევა. ეს იმიტომ, რომ ე.წ. საზოგადოებრივი აზრი ჩვენში უმრავლესობის აზრამდე, ანუ არითმეტიკულ სიდიდემდეა დაყვანილი.
ჩვენებური საზოგადოებრივი აზრი არასდროს ყოფილა უწყინარი ფოლკლორი. მას ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს მძლავრი ავტორი. სწორედ ამ ავტორის სიმძლავრე განაპირობებს იმ სამწუხარო ტრადიციას, რომ ჩვენში იმთავითვე იყო მიდრეკილება საზოგადოებრივი აზრის ორგანიზებისაკენ. კლიშეს – „არის აზრი, რომ…(!)“, – ნორმატიული აქტის კვალიფიკაციით აღიქვამდნენ. არავინ კითხულობდა, საიდან არის ეს აზრი. ისე, უშეკითხვებო პასუხების სტილიც ნორმა იყო და ამით გვიყოლიებდნენ.
ებრაული სიბრძნის თანახმად, აზრი ტრანსპორტივითაა – ვისაც საკუთარი არ გააჩნია, საზოგადოებრივით სარგებლობს.
საზოგადოებრივი აზრის ანუ ამა თუ იმ მოსაზრების მასობრივი უნისონის ფორმირების კონტექსტში საუკეთესო ილუსტრაციად ჩვენგან უდროოდ წასული დათო თაყაიშვილის მულტიპლიკაციური შედევრი „ჭირი“ მახსენდება, რომელსაც კანის კინოფესტივალის ავტორიტეტულმა ჟიურიმ გრანპრი უყოყმანოდ მიანიჭა. ეს კინომინიატურა – იმ სილაღით, „მარტივის სიდიადე“ რომ ჰქვია, – ძალიან ნათლად და აშკარად გვიჩვენებს, როგორი ავადმყოფური გაქანებით, ეპიდემიური მასშტაბით ვრცელდება საზოგადოებრივი აზრი.
აღნიშნული უნისონის ფორმირებას, ან უფრო სწორად, საზოგადოებრივი აზრის ორგანიზებას, ვფიქრობ, ძირითადად სამი ფაქტორი განაპირობებს: არაკომპეტენტურობა, შიში ან ანგარება. რაკი ეს საზოგადოებრივი აზრი, პრინციპში, მაინც ერთი მძლავრი პიროვნების აზრია, დანარჩენები მას იმიტომ იზიარებენ, რომ: ა) ან არ იციან საქმის ნამდვილი ვითარება და მზა აზრს ავტომატურად, ანუ ბრმად მიჰყვებიან; ბ) ან იციან რაშია საქმე, მაგრამ იმ მძლავრი ავტორის ეშინიათ; გ) ანდა საქმის ნამდვილი ვითარებაც მშვენივრად იციან, არც არაფრის ეშინიათ, მაგრამ აწყობთ – იმ მძლავრი მავანისაგან გამორჩენას, სარგებელს ელიან. ჩვენში ამგვარი საზოგადოებრივი აზრის „ინდუსტრია“ ათწლეულობით სტაჟს მოითვლის. „ხალხი განსჯის, ხალხი სამაგიეროს მიუსჯის, არ აპატიებს, არ დაუშვებს!“, – ამგვარი კატეგორიული მოტივი თუ არგუმენტი თვით უმაღლეს ხელისუფალთაგან განუწყვეტლივ გვესმის და ეს ლამის სამართლებრივ რანგში მოიაზრება. სამართლებრივ სახელმწიფოში კი ერთადერთი განმსჯელი და მსაჯული კანონი უნდა იყოს და სხვა არავინ და არაფერი.
კაცობრიობა არაერთხელ დაზარალებულა, როცა ბრმად გაჰყოლია მრავალთა აზრს. ვინ მიუსაჯა სიკვდილი სოკრატეს? ვინ გაამწესა კოცონზე ჯორდანო ბრუნო, დედამიწა ბრუნავსო, ხმამაღლა რომ განაცხადა? მრავალთა აზრმა, მიუხედავად იმისა, რომ არითმეტიკა საქმეს არ წყვეტდა – მრავალი ცდებოდა და ის ერთი იყო მართალი. სწორედ იმიტომ, რომ მრავალთა აზრი შეიძლება ცდებოდეს, ის ძალიან საშიშია. როცა ერთი კაცი ცდება – თუნდაც, ის დესპოტი, ტირანი იყოს, საქმის კორეგირება კიდევ შეიძლება. შესაძლოა, მისი ბრძანება გზადაგზა შესუსტდეს ან საერთოდ, ნაწილობრივ შესრულდეს ან საერთოდ არ შესრულდეს. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება სულაც დაამხონ ის ტირანი და დესპოტი. მაგრამ თუ ხალხი შეცდა, მისი შეცდომის გამოსწორების მექანიზმი აღარ არსებობს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვეკიდებოდეთ იმას, რასაც ე.წ. საზოგადოებრივი აზრი ან ე.წ. დემოკრატია ჰქვია.
ამას წინათ ლონდონიდან ჩამოტანილ ბაირონის სენტენციების კრებულს ჩავხედე და ამოვიკითხე: „მმართველობის ყველა ფორმა საძაგელია. მათ შორის ყველაზე უარესი დემოკრატიაა, რადგან ის ნაძირლების არისტოკრატიაა“. რაღა დაგიმალოთ და, შემეშინდა. შემეშინდა ე.წ. „აზრის მანქანებით“ ტრაქტორივით გადახნული ჩვენი საბრალო ტვინების გამო. შემეშინდა ყოველდღიურ რეჟიმში ნაირ-ნაირად თემატიზებული ჩვენი ყოველი კონკრეტული დღის გამო, ყოველდღიურად აგორებულ ე.წ. საზოგადოებრივ ვნებათა გამო. ალბათ ამიტომაც ძალიან მკვეთრი სადემარკაციო ხაზით უნდა გაიმიჯნოს უმრავლესობის აზრი და ნამდვილი საზოგადოებრივი აზრი ანუ ნამდვილი დემოკრატია. ხალხისა და უმრავლესობის აზრი ალბათ მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივ აზრად, თუკი იგი მოწინავე, პროგრესულ, ცივილიზებულ აზრს, იდეოლოგიას (არ მიყვარს ეს სიტყვა) ემთხვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაითუ ჩვენ, ჩვენი შვილები, სხვები, სულაც საზოგადოება ან მთელი ქვეყანა შეიძლება გახდეს ამგვარი „არითმეტიკული“ აზრის მსხვერპლი. ბოლოს და ბოლოს, ყველა ომიც ხომ ხალხის სახელით ჩაღდება. კაცობრიობის ისტორიაში ყოველგვარი სისაძაგლე ხომ ხალხის სახელით კეთდებოდა და კვლავაც კეთდება.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ არც საზოგადოებრივი აზრის მსაჯულობას ვიჩემებ და არც საზოგადოების მორალისტობას, მაინც ვფიქრობ: სანამ პროცესი დარეგულირდება, რეალური მექანიზმები შემუშავდება, ჩვენი ფსიქიკა ადაპტირდება და საბოლოო შედეგებიც სახეზე იქნება, კარგა ხანი გავა. ამიტომ დღეს, მე ისევ იმ აზრზე ვრჩები: ღმერთმა ნუ ქნას, მეოთხე ხელისუფლება ჩვენში საზოგადოებრივ აზრს გადაეცეს!
მარინა ბუზუკაშვილი