უნივერსიტეტში მამას იმ პერიოდის (30-იანი წლების) ქართული აკადემიური ელიტის თითქმის ყველა კორიფე უკითხავდა ლექციებს. მათგან გამოყოლილი დადებითი ენერგეტიკა მამას მთელი სიცოცხლე ასულდგმულებდა. მისი სტუდენტური მოგონებებიდან საგულისხმოა სევდიანი ფრაგმენტი:
ფილოლოგიის ფაკულტეტზე ერთი სვანი თანაკურსელი ჰყოლია, გვარად ვიბლიანი, სახელად, მგონი, ნოდარი. ულამაზესი, ორმეტრიანი ბიჭი ყოფილა, სტუდენტი გოგონების კერპი. ვიბლიანი არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა და კათედრის პროფესორები დიდ პოეტურ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ დროს უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცეოდა სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას (ალბათ მოახლოებული მეორე მსოფლიო ომის გამო). მეცადინეობისთვის საჭირო საბრძოლო არსენალის ხაზინადარობა მამაჩემისთვის დაუვალებიათ. ვიბლიანს მისთვის უთხოვია:
– დათიკო, ზაფხულის არდადეგებზე სვანეთში დათვზე სანადიროდ მივდივარ და გემუდარები, თითო-ოროლა ტყვია, მეცადინეობაზე რომ მოგრჩება, მომეციო. მამას უარი ვერ უთქვამს და ტყვიები მიუცია. გახარებულ ვიბლიანს ეს ამბავი კომკავშირელი თანაკურსელისთვის გაუნდია. კომკავშირელს „ოპერატიული ინფორმაცია“ შესაბამის დონეზე მოუხსენებია და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი დატრიალდებოდა (ლაპარაკია 1937 წელზე). მამას ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. მაგრამ მოხდა სასწაული, იმ დროისათვის წარმოუდგენელი სასწაული. იმ კორიფეებმა უნივერსიტეტის პარტაქტივს მამა არ დაუთმეს და განწირული სტუდენტი შინსახკომელებს გამოგლიჯეს. განსაკუთრებით აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი აქტიურობდა. როცა მამა ამ ამბავს იხსენებდა, ამბობდა:
– როგორ არ მიმეცა ის ერთი მუჭა ტყვია. სულ რომ არაფერი მოენადირა და ისე დაექუხებინა, სვანეთის მთების ექო მის ლექსებს მონათლავდა. თანაც, ვიბლიანი მალე ჯარში გაიწვიეს, მერე ომიც დაიწყო და აღარ დაბრუნებულა. კიდევ კარგი, ბიჭს გული რომ არ დავწყვიტეო…
***
ბაშკიჩეთში (ამჟამად დმანისი) მუშაობისას რაიონის ხელმძღვანელობას თბილისის დავალებით მოსამსახურეთა მორიგე ჯგუფები ღამ-ღამობით ტყეში გაჰყავდა. ოპერაციის მიზანი გერმანელთა მიერ საჰაერო გზით, პარაშუტებით გადმოსხმული საიდუმლო დესანტის აღმოჩენა ყოფილა. ჰიტლერი კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში შემოსასვლელადაც ემზადებოდა და, ამ მიზნით, ფრონტზე ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს, როგორც სამომავლოდ დასაყრდენ რეზერვს, სამშობლოში ფარულად აბრუნებდა. რამდენჯერმე ტყის ჩხრეკა მამასაც მოუწია. ერთ მთვარიან ღამეს, ბუნებრივი მოთხოვნილების გამო, მამა ჯგუფს ჩამორჩა, ბუჩქებში გადაუხვია და გაშეშდა: ბუჩქებს უკან შეყუჟულ ბიჭებს გადააწყდა, რომელთაც მთვარის შუქი პირდაპირ სახეზე სცემდათ და მამას სუნთქვაშეკრული შემოჰყურებდნენ.
– არ ვიცი, რა დამემართა, – იგონებდა მამა, – ვერანაირი მტრული ძალა მე მათში ვერ დავინახე. კაი ქართველი ვაჟკაცი ბიჭები ჩანდნენ. ძლივს სამშობლოში დაბრუნებულან და რაღას დააშავებდნენ. ამასობაში მზვერავი ჯგუფის წევრებმა მომისაკლისეს და მეძახდნენ: – დათიკო, სადა ხარო.
– აქ არავინ არის, მოვდივარ, – მივაძახე სასწრაფოდ და ისე გავეცალე იქაურობას, რომ სულ დამავიწყდა, რისთვის გადავუხვიე ბუჩქებში…
მეორე ღამეს, უკვე სხვა მორიგე ჯგუფს, საიდუმლო დესანტი დიდი პომპით აღმოუჩენია!!!
***
მამა ახალი გარდაცვლილი იყო. ერთ დღეს ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ჩვენი რაიონული პოლიკლინიკიდან ჩემი და თვალცრემლიანი დაბრუნდა. როცა მიზეზი ვკითხე, მითხრა: ნაცნობმა ლაბორანტმა მამა მოიკითხა. რომ ვუთხარი გარდაიცვალა-მეთქი, გვერდით მდგომ თანამშრომელს მიუბრუნდა და უთხრა:
– არასდროს დამავიწყდება: როცა პუშკინის ქუჩაზე ჩვენი პოლიკლინიკის შენობა იწვოდა, უამრავი ხალხი სეირს უყურებდა, ამის მამა კი იდგა და ტიროდაო…
მარინა ბუზუკაშვილი