მადლი ჰქენი!..
მადლი ჰქენი!..

კარგა ხანია, რაც ჩვენმა ყოველდღიურმა ლექსიკამ იოლად აითვისა ჩვენში ესოდენ დეფიციტური და სანთლით საძებარი კატეგორიის ცნებები: სპონსორი, მეცენატი, ქველმოქმედი. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გაჭირვებულებს თითო-ოროლა თვისტომი თუ გაუწვდის დახმარების ხელს. მიუხედავად ამისა, ქველმოქმედებას საქართველოში მთლად ყამირი ნიადაგი არ ჰქონია. მაგრამ ამ მისიას უფრო ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდა და ძირითადად ცალკეულ პიროვნებათა ღვაწლით იყო ცნობილი – ვთქვათ, იმავე დავით სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, აკაკი ხოშტარიას და სხვა. მეამაყება, რომ ქველმოქმედებას ეწეოდა ბაბუაჩემიც, მამაჩემის მამა.

რაც შეეხება ორგანიზაციას, ქველმოქმედება იმთავითვე თავის სამოქმედო კურსად რომ დაესახოს, ამ მხრივ ცეკავშირს ბადალი არ ჰყოლია. იმ უდიდესი დამსახურების შესახებ, ცეკავშირს მენშევიკების პერიოდში ქართული კულტურის წინაშე რომ მიუძღვის, მამაჩემის –  რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტის დავით ბუზუკაშვილისგან ვიცი. მან ამის თაობაზე (და არა მარტო ამ საკითხის, თავად ცეკავშირის ისტორიის შესახებაც) სხვადასხვა წყაროებიდან საარქივო მონაცემების მოძიებასა და სტრიქონ-სტრიქონ შეგროვებას იმ უძრაობის დროიდან მოყოლებული, ოთხი ათეული წელი შეალია. მამა ამავე დროს კოოპერაციის მუზეუმის დამაარსებელიც იყო. გარდა ამისა, მამაც და ბაბუაც ცეკავშირის მეპაიეები, ანუ დღევანდელი გაგებით, აქციონერები იყვნენ. ჩვენს საოჯახო არქივში დღემდე შემორჩენილია მამაჩემის საპაიო წიგნაკი, ყოველთვიური საპაიო შენატანების აკურატული ფიქსაციით და ბაბუას კოოპერატორობის დამადასტურებელი გაცრეცილი დოკუმენტები.

ცეკავშირი, როგორც ტრადიციული კოოპერაციული ორგანიზაცია, საზოგადოებრივი საკუთრების ფორმატს ემყარებოდა და არ შემოიფარგლებოდა მარტოოდენ სოფლის მოსახლეობის სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურებით. 1918 წლიდან მოყოლებული მან არაერთ საქვეყნო წამოწყებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. ამთავითვე აღვნიშნავ, რომ 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, ქართული კულტურის უკლებლივ ყველა დარგი ფეხზე დააყენა და მატერიალურად წელში გამართა.

„ცეკავშირის“ სათაო ოფისი

ახლადდაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა სოლიდური თანხა. დააფინანსა ასევე მისი ლაბორატორიული ბაზა. ოთხი ათასი უნიკალური წიგნი უსასყიდლოდ შეიტანა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდში. ღარიბი სტუდენტებისთვის დააწესა სახელობითი სტიპენდიები. გაიღო სპეციალური სახსრები სტიპენდიების ფონდის შესავსებადაც. სამომხმარებლო კოოპერაციის მატერიალური დახმარებით სისტემატურად ეწყობოდა სტუდენტური საღამოები, გამოიყოფოდა საჭირო რაოდენობის პროდუქტები და ფულადი დონაციები. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი მიმართვის საფუძველზე მუხრანბატონისეულ ბაღ-ვენახებში სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობებისათვის ამ ორგანიზაციამ უნივერსიტეტს 30 მილიონი მანეთის დახმარება აღმოუჩინა. ვინ იცის, რამდენმა მომავალმა მეცნიერმა თუ საზოგადო მოღვაწემ გაიკვალა გზა იმ უანგარო დახმარებებით.

კოოპერატორებმა დიდი ღვაწლი დასდეს ქართულ მუსიკასაც. ცეკავშირის ფულადი სახსრებით დაარსდა მომღერალთა კაპელა, რომელსაც დიმიტრი არაყიშვილი ხელმძღვანელობდა. კაპელამ დიდი საგასტროლო ტურნე გამართა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთშიც. გასტროლების პარალელურად არაყიშვილის კაპელის მუსიკოსებმა და კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა ფოლკლორული ექსპედიციის მისიაც იკისრეს – არაერთი უნიკალური ხალხური სიმღერა მოიძიეს და ჩაიწერეს, დღემდე რომ ამშვენებს ჩვენს მუსიკალურ საგანძურს. ამას სწორედ ცეკავშირის ფინანსურ დახმარებას უნდა ვუმადლოდეთ. ამავე ორგანიზაციის ფულადი სახსრებით დაარსდა აგრეთვე ცეკავშირის საოპერო სტუდია, რომლის ხელმძღვანელად ახალგაზრდა რეჟისორი სანდრო ახმეტელი დაინიშნა, მთავარ დირიჟორად კი სამუელ სტოლერმანი. სტუდიამ პირველ წარმოდგენად ქართველ საზოგადოებას დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე” წარმოუდგინა. მამა მიამბობდა, რომ საოპერო სტუდია იმდროინდელი ცეკავშირის თავმჯდომარის, გვარად კანდელაკის, ფავორიტი ყოფილა, რადგან მისი მეუღლე – ცაგარელის ქალი ამ სტუდიაში მღეროდა. მართალია, იგი უნიჭო მომღერალი ყოფილა, მაგრამ მთელი საოპერო სტუდია თურმე იმ ქალის მზეს ლოცულობდა, რადგან ცოლის ვოკალური გატაცებით გულაჩუყებული მოსიყვარულე ქმარი, საოპერო სტუდიის დაფინანსებაში განსაკუთრებულ გულუხვობას იჩენდა.

დიდია ცეკავშირის წვლილი ქართული თეატრის წინაშეც. ამ ორგანიზაციამ მატერიალური თანადგომა აღმოუჩინა გიორგი ჯაბადარის სტუდიას, რითაც იგი, ფაქტობრივად, დახურვისაგან იხსნა. ამ სტუდიაში აიდგეს ფეხი ვერიკო ანჯაფარიძემ, აკაკი ვასაძემ, ბაბო გამრეკელმა, ვასო ყუშიტაშვილმა, დოდო ანთაძემ, შოთა აღსაბაძემ, გიორგი არადელ-იშხნელმა და ქართული სცენის მრავალმა თვალსაჩინო მოღვაწემ. აღნიშნული საქველმოქმედო აქციის წყალობით, რომელიც „ქართული თეატრის აღორძინების” სახელით განხორციელდა, ჯაბადარის სტუდიამ რამდენიმე დადგმა განახორციელა.

გარდა ამისა, ცეკავშირის ბაზაზე დაარსდა კოოპერაციული დრამატული დასი – კოოპთეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მიხეილ ჭიაურელი და დუდე ძნელაძე. აქვე მოღვაწეობდნენ ალექსანდრე მაჭავარიანი, გუგული ბუხნიკაშვილი, ნიკოლოზ ჩაჩავა და სხვები. რეპერტუარი, ძირითადად, მუსიკალური კომედიის ჟანრით განისაზღვრებოდა. დასი რამდენიმე თეატრალურ ჯგუფს აერთიანებდა, რომლებიც ქვეყნის მრავალეროვანი მოსახლეობისთვის სპექტაკლებს სხვადასხვა ენაზე წარმოადგენდნენ. საგულისხმოა, რომ შემდგომში ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრი (ამჟამად მუსიკალური დრამის თეატრი) სწორედ კოოპთეატრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ხოლო კოოპთეატრის ოსური დასის საფუძველზე კი მოგვიანებით ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის ოსური თეატრი დაარსდა.

შორს წაგვიყვანდა იმის ჩამოთვლა, როგორი ფინანსური დახმარება გაუწია ცეკავშირმა ჩვენს პოლიგრაფიულ პრესას, ქართულ მწერლობას, საგამომცემლო საქმეს. ბეჭდვითი მედიიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ჟურნალი „კავშირი”. ლიტერატორთა და მეცნიერთა დასახმარებლად 1919 წელს დაარსდა იმ დროისათვის ყველაზე სოლიდური ჟურნალი „შვიდი მნათობი”. ცეკავშირის სტამბაში იბეჭდებოდა პაოლო იაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, იოსებ გრიშაშვილის, შალვა დადიანის, ლეო ქიაჩელის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო მღვიმელის და სხვა ქართველ მწერალთა წიგნები.

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ცეკავშირის საქველმოქმედო ქრონიკიდან უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ახლად ფეხადგმულმა ქართულმა კინომაც კოოპერაციული სახსრებით გაიკვლია გზა. ცნობილი მოღვაწის, გერმანე გოგიტიძის ინიციატივით რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას მიერ გადაღებული პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე” ეკრანზე ცეკავშირის მარკით გამოვიდა (სხვათა შორის, ფაქტობრივად პირველი ქართული ოპერაც „ქრისტინე” გახლდათ, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის „თამარ ცბიერამდე” – მოგვიანებით „დარეჯან ცბიერამდე” – შეიქმნა და მისი ავტორი პარიზის კონსერვატორიადამთავრებული რამაზ გოგინაშვილი იყო).

ცეკავშირი ერთდროულ დახმარებას უწევდა მეცნიერებს, მწერლებს, მსახიობებს, მუსიკოსებს, სპორტსმენებს და დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა.

ეს ყოველივე წარსულის არასრული ჩამონათვალია და იგი, ძირითადად, დივიდენდების ხარჯზე ხერხდებოდა. კოოპერატორთა საპაიო შენატანებით მიღებული მოგებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი მეპაიეთა (ანუ აქციონერთა) ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სისტემატიურად ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს.

რაკი მამაჩემმა ცეკავშირის მეისტორიეობაც ითავა, საკუთარი შიშველი ენთუზიაზმის ხარჯზე უანგაროდ შეუდგა საქართველოში კოოპერაციული საწყისების ძებნას და დიდი ხნის შემდეგ მთავარმმართებელ ვორონცოვის არქივში მიაკვლია უნიკალურ დოკუმენტს – ილია ჭავჭავაძის განცხადებას კავკასიაში რუსეთის იმპერატორის რწმუნებულისადმი. იმ განცხადებით ილია ვორონცოვს საქართველოში კოოპერაციული მოძრაობის გასაშლელად ნებართვას სთხოვდა. ვორონცოვმა ილიას თხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა, მამაჩემს ქვეყნის უდიდესი მოამაგის ის განცხადება მაინც კოოპერაციული დარგის სტარტად მიაჩნდა, ზნეობრივ სტარტად. მამას აზრით, ცეკავშირის საზოგადოებრივი შეგნების ესოდენ მაღალი დონე ბევრად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თავის დროზე ეროვნული კოოპერაციის სათავეებთან ილია ჭავჭავაძე იდგა; რომ სწორედ იგი იყო ჩვენში მომხმარებელთა პირველი საზოგადოების შექმნის ინიციატორი და ამიტომაც სწორედ მისი წამოწყების წყალობით აიღო დარგმა ზნეობრივი სტარტი.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, მამაჩემიც და ბაბუაჩემიც ცეკავშირის მეტად სტაჟიანი მეპაიეები იყვნენ, 90-იანების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში გამეფებული ქაოსით კარგად ისარგებლა ერთმა ცეკავშირელმა ბობოლამ და პირადი ანგარებით მთელი ორგანიზაცია თავისი სათაო ოფისის მონუმენტური შენობიანად „თიბისი ჯგუფში” გააწევრიანა. ცოტა ხანში ცეკავშირი „თიბისის” წევრობიდან უკან გასულად გაფორმდა. თუმცა, თავისუფლების მოედანზე მდგარი მისი სათაო ოფისის ის მონუმენტური შენობა „თიბისიმ” რატომღაც თავის საკუთრებაში დაიტოვა. მერე მამუკა ხაზარაძემ შენობა ბიძინა ივანიშვილს მიყიდა, სადაც დღეს „პანორამა თბილისის” ასევე მონუმენტური ნაგებობის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

„პანორამა თბილისი“

ამდენად, აღნიშნული კომბინაციით ჩვენს ოჯახს მამაჩემის და ბაბუაჩემის მეპაიეობა და გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი ფინანსური შენატანები სრულად დაეკარგა (მეტიც – 83 წლის მამაჩემი ცეკავშირში მიღებული საწარმო ტრავმის გამო დახეიბრდა, პირველი ჯგუფის ინვალიდად იქცა და კანონით გათვალისწინებული საკომპენსაციო წესების სრული იგნორირებით, ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი ცეკავშირმა მიატოვა და ხელებიც დაიბანა, თუ რატომ, ქვემოთ განვმარტავ).

ნუგეშად ისღა დაგვრჩა, რომ იმ შენობას ივანიშვილი დაეპატრონა, რითაც ისტორიული სამართლიანობა ერთგვარად აღდგა: ივანიშვილიც დიდი ქველმოქმედია და საქვეყნო საქმეების მოამაგეობა ცხოვრების წესად აქვს ქცეული. ამ ლოგიკაში ჩვენი ოჯახის საქველმოქმედო ტრადიციების გაგრძელებასაც მოვიაზრებთ.

ახლა კი იმის თაობაზე, თუ რატომ მიატოვა ცეკავშირმა დაინვალიდებული მამაჩემი. როცა მამამ თავისი უანგარო ძალისხმევით, მოკვლეული მასალების საფუძველზე ცეკავშირის მუზეუმი დააარსა, ექსპოზიციისთვის გვარად მკურნალების ოჯახიდან ანტიკვარული ავეჯის გარნიტურიდან სალონის ბლოკი წამოიღო: ტახტი, სარკე, სავარძლები და მაგიდა. ეს ავეჯი თავის დროზე იაკობ გოგებაშვილს (რომელიც თავად უშვილო იყო) თავისი ძმისწულის, კიევის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტის შალვა გოგებაშვილისათვის უნივერსიტეტის დამთავრების სახსოვრად უჩუქნია. მკურნალების ოჯახი შალვა გოგებაშვილის შთამომავლები გახლდნენ. რაკი შალვა გოგებაშვილი საქართველოში   პირველი დიპლომირებული, პროფესიონალი ეკონომისტი იყო, მამამ სწორედ ამიტომ მოიწადინა მასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთების სამუზეუმო ექსპოზიციაში ჩართვა. როცა მამა ცეკავშირში მიღებული ტრავმის შედეგად დაინვალიდდა, ორგანიზაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი ქათამაძემ მუზეუმის დარბაზის დაცლა მომთხოვა – უნდა გავარემონტო და გავაქირავოო. რაც შეეხება მამაშენს, კანონის თანახმად, ხელფასი (80 ლარი) შეუნარჩუნდებაო. ამიტომ საწარმოო ტრავმის შესახებ აქტის გაფორმებაზე აღარ მიზრუნია – მამას პირადი ნივთები ცალკე გადავაწყვე და მუზეუმის მთელი ექსპოზიცია, მათ შორის გოგებაშვილის ავეჯიც, ცეკავშირს დავუტოვე.

ცოტა ხნის შემდეგ სახლში ბატონი ოთარ მკურნალი გვეწვია და გოგებაშვილისეული ავეჯი მოიკითხა. გაოგნებულმა მთელი ბინა დავათვალიერებინე იმის დასტურად, რომ ავეჯი ჩვენ არ გვედგა. მკურნალმა კვლავ ადმინისტრაციას მიაკითხა. იქ უთხრეს – ჰო, გაგვახსენდა, წყალი ჩამოვიდა, ის ავეჯი დალპა და გადავყარეთო. მკურნალს ვუთხარი, თუ გადაყარეს, მამაჩემის ხელმოწერით დადასტურებული ჩამოწერის აქტი უნდა გაფორმებულიყო-მეთქი. ცეკავშირის მესვეურებმა ავეჯის სანაცვლოდ მკურნალს იმ პერიოდის ჰაიტეკი – ფაქსის, ქსეროქსის, კომპიუტერის აპარატები შესთავაზეს და სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმსაც გაგირემონტებთო – შესთავაზეს. ოთარ მკურნალმა იუარა და ზემდგომ ინსტანციებში იჩივლა, სადაც მამაჩემის ჩვენებაც დაიმოწმა. გაცეცხლებულმა ქათამაძემ მამაჩემი სასწრაფოდ სამსახურიდან გაათავისუფლა და კანონით კუთვნილი იმ 80 ლარის გარეშე დატოვა (არადა, მამას იმ თანხის გარდა, კანონით მკურნალობისა და რეაბილიტირების ხარჯების ანაზღაურებაც ერგებოდა, მაგრამ…).

მოკლედ, ბატონი ოთარ მკურნალი მეტად ყოჩაღი კაცი აღმოჩნდა და ქათამაძეს ის ავეჯი სრულად დააბრუნებინა. თანაც, მდიდრულად რესტავრირებული. ცეკავშირის თავმჯდომარე ქათამაძემ კი თავი იმით იმართლა, რომ არ ვიცოდი, თურმე ავეჯი „ახრანნიკს” წაუღიაო (?!).

ის ავეჯი ჯერ იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებას გადაეცა. ამჟამად კი თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციას ამშვენებს. მამაჩემი კი…

გოგებაშვილისეული ავეჯი ხელოვნების სასახლეში

 

მარინა ბუზუკაშვილი