კარგა ხანია ერთ-ერთ ტელეარხზე მიმდინარეობს კამპანია „დაიცავი პატრიარქი!” ქართული საზოგადოებრიობის რჩეული წარმომადგენლები მაყურებელს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ურთიერთობის შესახებ მოუთხრობენ, ქვეყნის უზენაესი მღვდელმთავრისადმი საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ. განგებამ ჩვენს ოჯახსაც გვარგუნა მის უწმინდესობასთან ურთიერთობის ბედნიერება, რომელიც მართლაც რომ უნიკალურია. მით უმეტეს, ჩვენი განსხვავებული აღმსარებლობის ფონზე. თუმცა, სანამ ამ უნიკალურ ურთიერთობაზე შევჩერდებოდე, დავიწყებ იმით, რომ მამაჩემი, დავით ბუზუკაშვილი, სხვა დანარჩენთან ერთად ინტენსიურად იკვლევდა ებრაულ თემასაც. კერძოდ, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს.
თავად ეს საკითხი, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ხელისუფლებისათვის მიუღებელი გახლდათ და დახურულ თემად ითვლებოდა. ამდენად, მისი კვლევა სარისკო საქმიანობა იყო („უკეთეს” შემთხვევაში მთავრობის არაკეთილგანწყობა გარანტირებული გქონდა). შესაბამისი ისტორიული წყაროების ძირითადი ნაწილიც დახურულ ფონდებში ინახებოდა.
აღნიშნულის მიუხედავად, მამამ ამ საკითხს სერიოზულად მოკიდა ხელი და ათწლეულების მანძილზე უანგაროდ, საკუთარი შიშველი ენთუზიაზმისა და რისკის ფასად, მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა. ამ საქმეში მეტად ემადლიერებოდა შესაბამისი ფონდების მისდამი კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომლებიც ფარულად ხელს უწყობდნენ კვლევაში. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღნიშნულის შესახებ გარკვეულ სამსახურებს ატყობინებდნენ. ამის გამოც მამა ხელისუფლებისათვის არასასურველ „ელემენტად“ იყო შერაცხული. მამაჩემისადმი ზემდგომი ორგანოების განაწყენება ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდიოდა, როცა საბჭოთა კავშირში პრესით გაჩაღებულ ანტიისრაელურ კამპანიაში ჩართვა მოსთხოვეს.
ზოგიერთმა ებრაელმა მაშინ გაზეთები ააჭრელა ისრაელის სახელმწიფოს ლანძღვა-გინებითა და გმობით. ხელისუფლებამ ჯეროვნად დააფასა მათი ეს სამსახური და იმ კამპანიის მონაწილენი ე. წ. ეროვნულ უმცირესობათა ფართო სპექტრში საყრდენი ძალის სტატუსით აღჭურვა. სამთავრობო ეშელონების ამგვარი კეთილგანწყობის სახეირო შედეგების წარმოდგენა მკითხველს არ გაუჭირდება. მამამ ამგვარი უზნეობა არ და ვერ იკადრა _ ხელისუფლების წინადადება არ მიიღო. ამის გამო სასტიკად დაისაჯა (იმ სასჯელის სიმწარეს ჩვენი ოჯახი დღემდე უმოწყალოდ იწვნევს). რაც შეეხება ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა საკითხის ფარულ კვლევას, მამაჩემს ეს იმიტომ „შეარჩინეს”, რომ მოცლილი კაცის უპერსპექტივო, თავშესაქცევ საქმიანობად მიიჩნიეს: დისერტაციას არ დააცვევინებდნენ, წიგნად არ გამოაცემინებდნენ, პრესა არ გამოაქვეყნებდა. მოკლედ, ვერაფერში გამოიყენებდა!
როცა გორბაჩოვისეული „ოტტეპელი” ჩამოდგა და ებრაული თემა მოდაში შემოვიდა, სხვა დანარჩენთან ერთად, დღის წესრიგში დადგა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ისრაელში ვიზიტის საკითხიც. აღმოჩნდა, რომ ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი იყო ცნობილი. დაეკითხნენ ქართულ ისტებლიშმენტში აღიარებულ ებრაელ ავტორიტეტებს, რომელთაც ხელმოსაჭიდი მასალა არ აღმოაჩნდათ. თუმცა, ჯემალ აჯიაშვილს გაახსენდა, რომ ჟურნალ „ცისკარში” მუშაობისას მას დავით ბუზუკაშვილმა ამ თემაზე ერთხელ რაღაც მასალა მიუტანა გამოსაქვეყნებლად. მასალა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ დაიბეჭდა. მამაჩემი ილია მეორესთან დაიბარეს. რა თქმა უნდა, მამამ მის უწმინდესობას სიამოვნებით გააცნო მოპოვებული უნიკალური მასალა. პატრიარქმა იმ მასალების წერილობითი მიმოხილვა მოისურვა. მამამ მთელი ღამე გაათენა და უკვე დილით მისი ნარკვევი პატრიარქს სამუშაო მაგიდაზე ედო. ისრაელში ვიზიტიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა მამა კვლავ დაიბარა, უდიდესი მადლობა მოახსენა და გახარებულმა უთხრა, რომ იმ უნიკალურმა ფაქტებმა ისრაელის უმაღლეს ოფიციალურ წრეებსა და ისტებლიშმენტში საყოველთაო აღფრთოვანება ჰპოვეს. უწმინდესმა მამას ეს ნარკვევი გამოაქვეყნებინა საპატრიარქოს ჟურნალს „ჯვარი ვაზისა”.
იმ ვიზიტიდან კარგა ხნის შემდეგ, მამაჩემის დაბადების დღეს _ 2000 წლის 22 აგვისტოს, როცა კათოლიკოს-პატრიარქმა ცეკავშირში სამსახურებრივი ტრავმის შედეგად მამას დაინვალიდებისა და ლოგინად ჩავარდნის ამბავი შეიტყო, პუშკინის ქუჩაზე, ჩვენთან სახლში თავისი რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და მამა დავითი (შარაშენიძე) გამოაგზავნა. მათ მამაჩემისთვის საჩუქრად გამოატანა საპატრიარქოს მიერ ბიბლიის ფუნდამენტური გამოცემა უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და სამახსოვრო ავტოგრაფით. კათოლიკოს-პატრიარქის ამ უაღრესად კეთილშობილურმა ჟესტმა მამა უზომოდ აღაფრთოვანა.
რადგან ზემოაღნიშნული „ოტტეპელის” წყალობით ებრაული თემა მოდაში შემოვიდა, ბუნებრივია, მას საყოველთაო ინტერესი მოჰყვა. ჯემალ აჯიაშვილის „გამოიღვიძე, ქნარო!”-ს მიხედვით კოტე მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრში მონოსპექტაკლი დადგა. ავტორმა და შემსრულებელმა წარმოდგენა ისრაელში საგასტროლოდ წაიღეს (ისრაელისთვის გამიზნული ამ სპექტაკლის შექმნის ორიგინალური იდეა კოტე მახარაძის დიდ მეგობარს, ბადრი კობახიძეს ეკუთვნოდა. მისივე კანდიდატურა იყო სცენარის ავტორად ჯემალ აჯიაშვილის პერსონაც). მოგვიანებით, როცა პიესა-მონოლოგად გადამუშავებული სპექტაკლის სცენარი ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში” დაიბეჭდა, ჩემი შეხსენებით იძულებულმა ჯემალ აჯიაშვილმა სქოლიოში სხვებთან ერთად მადლობა მოახსენა ჟურნალისტ დავით ბუზუკაშვილსაც, რომელიც, ავტორის თქმით, წლების განმავლობაში იკვლევდა ძველ ქართულ პრესას და რომელმაც პიესა-მონოლოგზე მუშაობისას არაერთი საინტერესო მასალა მიაწოდა.
თუმცა, დავით ბუზუკაშვილი მხოლოდ ქართული პრესის მკვლევარი არ იყო. ებრაულ თემას იგი ყველგან დაეძებდა. მათ შორის, არა მხოლოდ ქართულ ისტორიულ თუ რელიგიურ წყაროებში (რომლებიც იმ ათეისტურ დროში იოლად ხელმისაწვდომი არ იყო). ეძებდა იქაც კი, სადაც თითქოს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ ეშვებოდა და ბოლოს, მაინც პოულობდა.
მამა ისე გარდაიცვალა, მისთვის საოცნებო ისრაელის ნახვა არ ღირსებია. ეს, მართლაც რომ ბედის მწარე დაცინვა იყო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პაპამისის, ელია ამშიკაშვილის და მამამისის, აარონ ბუზუკაშვილის ღვაწლსა და ამაგს ებრაულ (და არა მხოლოდ ებრაულ _ ქართულ) საქმეში; თუ გავითვალისწინებთ, რომ მამას უფროს ძმას სიონისტობის ბრალდებით ჯერ 10 წელი აშხაბადის ციხეში ამოათევინეს, იქიდან გამოსული კი, ისრაელში გაპარვის მცდელობისთვის, ჩინეთის საზღვარზე გადასვლისას დახვრიტეს (1937 წ.); თუ გავითვალისწინებთ, რომ მამა ახალგაზრდობაში _ სტალინისა და ბერიას პერიოდში, უზარმაზარი
რისკის ფასად, თავად იყო ახალგაზრდული ებრაული „კონსპირაციული” ორგანიზაციების წევრი. ორგანიზაციების, რომლებიც მიზნად ისახავდნენ თანამოძმეთათვის მძიმე ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებას, ეროვნული ტრადიციების, რელიგიური ადათ-წესების შენარჩუნებას და მშობლიური ენის სწავლებას, შეძლებისდაგვარ დახმარებას (მათ შორის, აარონ ბუზუკაშვილის სახსრებითაც); თუ გავითვალისწინებთ ებრაული თემის კვლევისას მამას უზარმაზარ, ათწლეულებში განფენილ სარისკო ძალისხმევას. თავად მამას არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, რომ საკუთარი ხარჯით მოენახულებინა აღთქმული ქვეყანა, რომელსაც შორიდან ეთაყვანებოდა. იმ ორგანიზაციებისთვის კი, რომლებიც, „ოტტეპელიდან” მოყოლებული, მათთვის სასურველი სხვადასხვა კატეგორიის პირთა ვიზიტებს აფინანსებდნენ, ყოველივე ზემოაღნიშნული რატომღაც „უმნიშვნელო” აღმოჩნდა.
მამას მიერ ქართულ-ებრაული ურთიერთობების შესახებ მიკვლეული მასალებიდან დღესდღეობით განსაკუთრებით საინტერესოა ის უაღრესად საგულისხმო ფაქტები, რომლებიც ერთიან ბლოკში იკინძება. ბლოკში, რომელიც ცალკეული წარჩინებული ქართველების უაღრესად ზნეობრივ დამოკიდებულებებს ასახავს ებრაელთა მიმართ.
რამდენადაც ჩვენი ოჯახი პოლიტიკურ-რეპრესიათა მსხვერპლიც გახლდათ, ჩინოვნიკების მხრივ გულქვაობა და სისასტიკე მამაჩემს არათუ ბოღმით აღავსებდა, არამედ ინსპირაციად აღიქვამდა და შთაგონებული დაეძებდა მტვერწაყრილ არქივებსა და საცავებში იმ ღვთისნიერ ქართველთა კვალს, განსაცდელში ჩავარდნილ ებრაელებს მხსნელად რომ ევლინებოდნენ.
დღეს, როცა მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა, ქართველის იმიჯი იმავე აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში საერთაშორისო მასშტაბით, სამწუხაროდ, ერთგვარად შელახულია; როცა რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია; როცა ჯავახეთში დროდადრო სომხური მოტივები გაისმის; როცა გარეჯის თემაზე ან აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში იჩენს თავს პრობლემა, ზემოაღნიშნული ბლოკი პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. საზოგადოებრივი მაუწყებელი და სტუდია „ავტოგრაფი” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში აპირებენ აღნიშნული მასალის დოკუმენტურ ფილმად დაფორმატებას, რაც მართლაც უნიკალურ ძეგლად წაადგება ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ (2005 წ.) მის უწმინდესობას უსახლკაროდ დარჩენილ ჩვენს ოჯახთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. ეს გამოიხატებოდა როგორც პერიოდულ მატერიალურ თანადგომაში, ისე შესაბამის პოზიციებზე სარეკომენდაციო წერილებით მხარდაჭერაში, ჩვენი ოჯახის წინაპართა და მამაჩემის ნაღვაწის დასაფასებლად ძალისხმევაში, გავლენიანი ებრაული წრეების წარმომადგენლებთან წარდგენაში, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მიწვევებში. პირადად მე, როგორც ჟურნალისტს, ძვირფასი ოქროს ავტოკალამიც კი მაჩუქა. პატრიარქის იუბილეზე სტუმრად მყოფ მაღალ სტუმარს, ჩემს ყოფილ პედაგოგს მიხაილ შვიდკოისაც კი შემახვედრა. როცა ევრაზიის ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტ ალექსანდრე მაშკევიჩთან წარმადგინა, მაღალ სტუმარს ვკითხე:
– თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ანალოგიური შემთხვევა, _ გნებავთ, პოლარული ამპლიტუდა, _ როცა, განსაცდელში ჩავარდნილ რიგით ებრაელებს ესოდენი პლანეტარული ავტორიტეტის მქონე ქრისტიანი მღვდელმთავარი მსგავსი მზრუნველობითა და რუდუნებით დაჰფოფინებდეს-მეთქი.
ამის გამგონე უწმინდესმა ბავშვივით დაიმორცხვა. სტუმარმა კი ანალოგი მართლაც ვერაფრით გაიხსენა.
მარინა ბუზუკაშვილი