ჩაკლული სულის აღმართ-დაღმართი
ჩაკლული სულის აღმართ-დაღმართი

„რეტროსპექციის“ კონტექსტში მამაჩემის არქივი მართლაც ორგანულად ჩაჯდა. ალბათ იმიტომ, რომ მისი თემატიკა მეტად მრავალმხრივი გახლდათ. ახლა, როცა ამდენი ხნის მერე, მამას ნაწერებს თვალს თავიდან ვავლებ, მიკვირს, როგორ ახერხებდა ისეთი თემების შერჩევას, ამა თუ იმ ნიშნით დღესაც რომ არ დაუკარგავთ აქტუალობა და კვლავაც საჭირბოროტო უნისონში ჟღერენ.

ამჯერად მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო მამაჩემის მონოგრაფიის ფრაგმენტზე, რომელიც ნიკო ფიროსმანს ეძღვნება. აღნიშნულ ფრაგმენტს ვაქვეყნებ იმ სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, წარსულის დისტანციიდან ხაზი რომ გავუსვა კონკურენციაზე აკინძულ ბოღმას, შურს, გაუტანლობას, უზნეობას, კონკურენტის დაუზოგავობას და გაწირვას, ადამიანურ და საზოგადოებრივ გულგრილობას. დღეს, როცა მედიასივრცეში ესოდენ გაჩვეულებრივდა ურთიერთსიძულვილისა და ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრის პრაქტიკა, მეტად საგულისხმოა ფიროსმანის ცხოვრების მიწურულს ერთი კონკრეტული მედიაფაქტორით განპირობებული მოცემულობა, გენიალური მხატვრის ისედაც ჩაკლულ სულს საბოლოო და გამანადგურებელი დარტყმა რომ მიაყენა.

შემორჩენილი ძუნწი ცნობებით და მამას პირადი ძალისხმევითაც ძლივს მოძებნილი თითო-ოროლა პირის მონათხრობით, ფიროსმანის ცხოვრების მიწურულს მისი აღიარების კონტურები იკვეთება. პროფესიონალთა წრემ, ინტელექტუალურმა ელიტამ ნიკალას თვითნაბადი მხატვრობა, მკაფიო ინდივიდუალიზმი ასე თუ ისე შეამჩნია და ცნო. მამას ვრცელი ნარკვევი ამ  აღმავალ ხაზსაც მიმოიხილავს. თუმცა, სანამ აღნიშნულ ნარკვევს შემოგთავაზებთ, უნდა შევნიშნო, რომ მამაჩემი ძალიან განიცდიდა გიორგი ლეონიძესთან დაკავშირებულ ერთ სამწუხარო შემთხვევას:

გიორგი ლეონიძემ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ფიროსმანს მიუძღვნა. სხვა დანარჩენთან ერთად, ნიკალას დაკარგული საფლავის მისაგნებადაც არაერთი უნიკალური ინფორმაცია მოიპოვა. ერთ ზაფხულს, პაპანაქება სიცხეში პოეტი სულის მოსათქმელად და ცივი წყლის დასალევად კაფეში შევიდა და მაგიდასთან ჩამოჯდა. ფიროსმანზე შეგროვებული მთელი მასალით სავსე სქელტანიანი საქაღალდე გვერდით სკამზე დადო. აგვისტოს ხვატით გათანგულმა პოეტმა იქაურობა ისე დატოვა, რომ საქაღალდე აღარ გახსენებია. რაღაც დროის მერე, ფასდაუდებელი დანაკარგი რომ მოისაკლისა, სასწრაფოდ გაქანდა იმ კაფეში, მაგრამ საქაღალდე ვეღარ იპოვა. მთელი მისი შემდგომი მცდელობებიც სულ ამაო აღმოჩნდა – საქაღალდე უკვალოდ გაქრა. გენიალურ, მაგრამ უიღბლო ნიკალას ვერაგმა ბედისწერამ სიკვდილის მერეც უმუხთლა. მის შესახებ გიორგი ლეონიძის უზარმაზარი ძალისხმევით წლების განმავლობაში რუდუნებით ნაგროვები უძვირფასესი ექსკლუზივები ერთი ხელის მოსმით უპერსპექტივოდ და უნუგეშოდ, სამუდამოდ დაიკარგა. სამწუხაროდ, მომავალ თაობებს  ისღა დარჩენიათ დიდი მხატვრის ჩაკლული სულის აღმართ-დაღმართთა პერიპეტიები შემორჩენილი მასალებით, მათ შორის, ქვემოთ მოხმობილ ნარკვევში აღნიშნულითაც განსაჯონ.

მარინა ბუზუკაშვილი

 

„1912 წლის ივლისის დამდეგს თბილისში საზაფხულო არდადეგების გასატარებლად პეტერბურგელი სტუდენტები – ძმები ზდანევიჩები და მათი ფრანგი მეგობარი ლე-დანტიუ ჩამოვიდნენ. მათ მალევე აღმოაჩინეს მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილის არაჩვეულებრივი და ორიგინალური ხელოვნება. თუმცა, მათზე ერთი წლით ადრე ნიკო ფიროსმანაშვილზე წერილი გრიგოლ რობაქიძემ გამოაქვეყნა. ამის თაობაზე ოფიციალურ ცნობას გვაწვდის გაზეთი „ბახტრიონი“ (28.06.1922), რომელიც მთლიანად ფიროსმანს ეძღვნება: „ნიკო ფიროსმანზე პირველი წერილი დაბეჭდა გაზ. „კავკაზში“ გრიგოლ რობაქიძემ. ამ წერილს შემდეგში მიემატეს წერილები: კირილ ზდანევიჩის და ლადო გუდიაშვილის. პარიზში ლე-დანტიუმ დასწერა მაზედ შენიშვნა ჩვენი გაზეთის დღევანდელ ნომრამდე. ამით იწურება ლიტერატურა ფიროსმანზე“.

სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალში გამორჩენილია გაზეთ „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატების 1916 წლის 21 მაისის ნომერში გამოქვეყნებული მოსე თოიძის წერილი.

ზდანევიჩებმა და ლე-დანტიუმ ფიროსმანს მალაკნების ქუჩაზე მიაგნეს: იდგა ქვაფენილზე და სახლის თეთრ კედელზე ფუნჯით გამოჰყავდა წარწერა „სარძეო“. იყო მაღალი და ამაყი, „გულში ჩამარხული რაღაც მწუხარებით“. სტუმრებმა აღტაცება არ დაფარეს, ბევრი თბილი სიტყვა უთხრეს. ნიკალას თვალებში წყალი ჩაუდგა – თავისი ნიჭის ჭეშმარიტ დამფასებლებს შეხვდა.

1916 წელს მიუნხენიდან თბილისში ჩამოვიდა მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე. იმ პერიოდში მან განსაკუთრებული როლი შეასრულა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელის პოპულარიზაციაში. გაზეთ „ბახტრიონის“ ზემოაღნიშნულ ნომერში იგი წერს, რომ დაბრუნებისთანავე მიზნად ქართველ მხატვართა შეკავშირება და მათივე საზოგადოების დაარსება განიზრახა. ფიროსმანის მონახვა და დამფუძნებელ კრებაზე მოწვევა ლადო გუდიაშვილსა და გიგო ზაზიაშვილს დაავალა. ფიროსმანზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა მისდამი გამოჩენილმა ყურადღებამ. კრებაზე „გულზე ხელებ დაჯვარედინებული იჯდა და გაყინული, გაქვავებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. მისი სახე გამოსახავდა ფარულ სიხარულს და დიდს გაკვირვებას…

– ჰო, აირა გვინდა, ძმებო, იცით. ავაშენოთ დიდი სახლი, რო შევიყარნეთ ხოლმე. ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი… ჩაი ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე, ხელოვნებაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ. თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ, – ამბობდა იგი წყნარად და ჩუმად“, – იგონებს ლადო გუდიაშვილი.

ყურადღების მიქცევამ მასზე რომ  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამას დიმიტრი შევარდნაძეც აღნიშნავს: „თუმცა, აქვე ამაყად განაცხადა, „მე საფრანგეთშიც ვარ ახლა ცნობილიო“. სახეში ჰქონდა ფრანგ ლე-დანტიუს წერილები, ფრანგულ გაზეთებში მოთავსებული… პირველივე შეხვედრისთანავე წავიყვანეთ კლართან და გადავიღეთ მისი სურათი, რომელიც მოთავსებული იყო გაზეთ „სახალხო საქმის“ დამატებაში“ („ბახტრიონი“). დიმიტრი შევარდნაძეს აქ მხედველობაში აქვს გაზეთ „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატება, დათარიღებული 1916 წლის 19 ივნისით.

ნიკო ფიროსმანის დღემდე შემორჩენილ ერთადერთ ფოტოსურათთან ერთად იმ ნომერში გამოქვეყნდა აგრეთვე რეპროდუქცია მისი ნახატისა „ქორწილი სოფლად“. ეს ტილო მხატვარმა ზემოაღნიშნული კრების მონაწილეებს ფულადი დახმარების (10 მანეთის) გამო მადლიერების ნიშნად მიართვა.

მხატვართა საზოგადოების მორიგი ფულადი დახმარების მისატანად ლადო გუდიაშვილმა ნიკოს ძლივს მიაკვლია:

„ – კარებში უეცრად შემაჩერა და მკითხა: – როგორ მოხვედით: როგორც  მტერი თუ როგორც მოყვარე? – და მიყურებს არაჩვეულებრივი თვალებით. ხომ არ გაგიჟდა? – გავიფიქრე გულში.

– არა, –  ვუპასუხებ, –  თქვენც მხატვარი ხართ და მეც. რა მტერი უნდა ვიყო მე თქვენი…

– დიახ, დიახ, დიახ! – დაიწყო მან თითქოს ცახცახით… – თქვენ იცნობთ ძმებს ზდანოვიჩებს? – მკითხა უეცრად, – მათ ბევრი სურათი აქვთ ჩემი.

გაჩერდა, ჩაფიქრდა. უეცრად  აიჭრა. დაიწყო რაღაცის ძებნა კუთხეში. მონახა გაქონილი, წვირიანი ქაღალდი.

–  ხედავთ?- გაშალა გაზეთ „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატების 1916 წლის 19 ივნისის ნომერი, რომელშიც იყო მისი ფოტო-სურათი და რეპროდუქცია მისი ნახატის „ქორწილი სოფლად“. მე ვუთხარი, რომ სურათი უკვე ვნახე“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან აშკარაა, რომ ფიროსმანისათვის სულაც არ არის უმნიშვნელო ის რეზონანსი, რომელიც მისმა მხატვრობამ გამოიწვია და ერთგვარად უსაფუძვლოც კია ეჭვი გაზეთ „ბახტრიონში“ ტიციან ტაბიძე რომ გამოთქვამს: „ალბად ნიკო ფიროსმანმა წაიკითხა ეს პირველი წერილი გრიგოლ რობაქიძის, მაგრამ ის ამას გაიგებდა?“ სწორედაც რომ! რადგან ტიციანი იმავე წერილში, ფაქტობრივად, წინასწარმეტყველებს, რომ ფიროსმანი „მომავლის ადამიანია, როგორც ფენომენი“.

თუმცა, ამ რეზონანსის პარალელურად უთუოდ საყურადღებოა საპირისპირო პოზიციაც:

გაზეთ „ბახტრიონის“ ზემოაღნიშნული ნომრის პუბლიკაციაში დიმიტრი შევარდნაძე შენიშნავს: „დასასრულ აღსანიშნავია, რომ ქართული აკადემიური მხატვრობა გულცივად შეხვდა მას და ტეხნიკა დაუწუნა“. სათაურით – „ფიროსმანი მხატვართა საზოგადოებაში“ – იქვე დაბეჭდილია 1916 წლის 15 და 24 მაისის კრებათა ოქმებიც. პირველ მათგანში ფიროსმანის შესახებ დასახულ ღონისძიებათა შორის მითითებულია: „გაიმართოს ნ. ფიროსმანაშვილის ნახატების კოლექტიური გამოფენა“. მეორე ოქმის „გ“ პუნქტში კი აღნიშნულია: „ფიროსმანაშვილის სურათების გამოფენის საკითხი: გამოფენის გამართვა ჯერ-ჯერობით საჭიროდ არ იქნა ცნობილი. საზოგადოებას არ შეფერის ამით დაიწყოს გამოფენის (ანუ საგამოფენო პრაქტიკის, როგორც ასეთის – დ.ბ.) საქმე“. ამ პუნქტს მოსდევს წარწერა „შენიშვნა რედაქციის“, სადაც ვკითხულობთ: „ალბად ეს დადგენილება იყო ყრუ გამოძახილი იმ უკმაყოფილებისა, რომელიც გამოიწვია აკადემიურ მხატვრობაში ნიკო ფიროსმანაშვილის მოსვლამ“.

ღვთიურ ტალანტთან ერთად ნიკოს უტყუარი ალღო და შეუმცდარი ინტუიციაც ჰქონია, რაკი არ დასწრებია მხატვართა საზოგადოების მეორე – 1916 წლის 24 მაისის კრებას. ამ ფაქტს ლადო გუდიაშვილი და დიმიტრი შევარდნაძე ადასტურებენ. თუმცა, ინტუიციის გარდა, ამ კონტექსტში საგულისხმოა დიმიტრი შევარდნაძის მიერ ციტირებული ნიკოს რეპლიკა მხატვართა საზოგადოების პირველ, დამფუძნებელ, 15 მაისის კრებაზე: „- და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე, ხელოვნებაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ. თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ“. ანდა ლადო გუდიაშვილის სტუმრობისას კარის გაღებისთანავე კახური პირდაპირობით შეგებებული: „ – როგორ მოხვედით: როგორც მტერი თუ როგორც მოყვარე?“.

მიუხედავად ამისა, ნიკო ფიროსმანი პრესის ფაქტორს ანუ საგაზეთო გამოხმაურებებს  ადექვატურად რომ აფასებს, აშკარაა მისი ზემოაღნიშნული დამოკიდებულებებით გრიგოლ რობაქიძის, ლე-დანტიუს, ზდანევიჩების და ბოლოს „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატების 1916 წლის 19 ივნისის პუბლიკაციებისადმი.

ბოლო პუბლიკაციიდან (ანუ  1916 წლის 19 ივნისის გაზეთ „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატების გამოსვლიდან) სამ კვირაში იმავე გაზეთის სურათებიანი დამატების 10 ივლისის ნომერში დაისტამბა აბუჩადამგდები კარიკატურა, რომელმაც ისედაც სვეგამწარებულ და ჯანგატეხილ ნიკოს სულში ჩააფურთხა. ამ აქციამ – დიახ, დიახ აქციამ! – ფიროსმანს საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოატანინა. აღნიშნული პროვოკაციის ავტორმა ზედმიწევნით შეარჩია დროც: როცა ნიკომ ირწმუნა, რომ ის საქვეყნოდ აღიარეს, ცნეს, პატივცემულ საზოგადოებას გაზეთით გააცნეს!.. სწორედ ამიტომაც იმავე გაზეთით დაასამარეს, დასცინეს, გაამასხარავეს. მაინც რა კარიკატურა იყო ასეთი?

თითქოს მარტივი: ფეხშიშველა, ბეჩავ ნიკალას, თავის ცნობილ ჟირაფს რომ ხატავს, იმპოზანტური გრიგოლ რობაქიძე მენტორულად მოძღვრავს:

„ – უნდა ისწავლო, ძმობილო!.. შენს ხანში მყოფს კიდევ ბევრის შექმნა შეგიძლია… ორფიულის… ერთი ათი-ოცი წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალ… აი, მაშინ გაგზავნით ახალგაზრდათა გამოფენაზე…“ კარიკატურის მარცხენა ქვედა კუთხეს „ამშვენებს“ ავტორის ინიციალები რუსულად „З.Г.“ და… ღამის ქოთანი!

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ „სახალხო ფურცლის“ სურათებიან დამატებაში გრიგოლ რობაქიძე ამა თუ იმ ფორმატით (სონეტები, ფოტოები, ჩანაწერები, მეგობრული შარჟები) საკმაო დოზით ფიგურირებს, შეუძლებელია ეს პროვოკაციული კარიკატურა თუ პირიქით – კარიკატურული პროვოკაცია მისი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. საგულდაგულო ძებნის მიუხედავად, მე ვერ ვიპოვე მისი გულისწყრომის, მისი პროტესტის გამომხატველი რაიმე გამოხმაურება ამ უმსგავსობაზე, თუ გნებავთ ვანდალიზმზეც კი. ფიროსმანისათვის ეს ხომ ის რობაქიძე იყო, რომელიც მასზე წერდა: „ ხედავ ფიროსმანს – და გჯერა საქართველო“. ან კიდევ: „თუ არ ვეწვიე სარდაფში ღამით, დამემდურება ნიკო ფიროსმან“. ეს ხომ ის რობაქიძე იყო, რომლის თაობაზეც ტიციანი აღნიშნავდა: „თითქო მისთვის ირონია იყო, აღმოეჩინა ის მხატვარი, რომელსაც საქართველოში არაფრად არ დაუჯდებოდა ტრიუმფი, რომ ყველაზე წინ თვითონ გრიგოლ რობაქიძე გახდება მისი გეროლდი“.  ეს ხომ ის რობაქიძე იყო, რომელზედაც კირილე ზდანევიჩი უთითებდა: „აგრეთვე მაშინ სწერდა გრიგოლ რობაქიძე ქართულ გაზეთებში საქართველოს ერთ-ერთი მხატვრის შესახებ, რომელსაც იგი შოთა რუსთაველის გვერდით აყენებდა“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გასაგებია კარიკატურისტმა ფიროსმანი სწორედ რობაქიძის ენით რატომ დაკოდა. თუ რა საბედისწერო გავლენა იქონია კარიკატურამ უშუალოდ ფიროსმანზე, მიამბო ვასო ჩაჩანიძემ, რომლის მამაც კარგად იცნობდა ნიკალას:

„ –  ერთხელ მოვიდა ფიროსმანი და… გაზეთი გვაჩვენა. მასში დახატული იყო ძალზე ღარიბულად ჩაცმული ფეხშიშველა ფიროსმანი, რომელიც ჟირაფს ხატავდა. გვერდით მდგარი გრიგოლ რობაქიძე კი ეუბნევა სამოც წელს მიღწეულ ფიროსმანს: „უნდა ისწავლო, ძმობილო…“ მე გამოვართვი გაზეთი და ხმამაღლა წავიკითხე… საწყალ ფიროსმანს იმედი ჰქონდა, რომ ვინმე დაეხმარებოდა… მაგრამ იმათ, ვისი იმედიც ჰქონდა, მასხარად აიგდეს და დარჩა მარტოდმარტო ამ უბედურ ცხოვრებაში. სასოწარკვეთილმა ფიროსმანმა მამაჩემს უთხრა:

„ – ოცი წლის მერე მპირდებიან, ვითომ გამოფენას გამიმართავენო. რა მაქვს და რა უნდა გამოვფინო. სამიკიტნოს კედლებს ხომ არ ავიკიდებ და არ მივიტან მასზე დახატულ სურათებს. ან ოცი წლის მერე…“ – ხელი ჩაიქნია და თქვა ხალხური ანდაზა: „გაზაფხულზე იონჯა მოვა და გაძღებიო…“ ძალიან დადარდიანებული იყო. მე გავუწოდე ფიროსმანს მისივე მოტანილი სურათებიანი დამატება, მაგრამ მან არ გამომართვა და უთხრა მამაჩემს:

„- იყოს ეგ გაზეთი სახსოვრად იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის მასხრად აგდება. ეჰ, რაღა უნდა ვთქვა ახლა, რისი იმედით უნდა იცხოვროს ადამიანმა?“.

გიორგი ლეონიძეს გამოქვეყნებული აქვს გიგო ზაზიაშვილის მეუღლის ნაამბობი (შეგახსენებთ, რომ სწორედ გიგო ზაზიაშვილს და ლადო გუდიაშვილს დაევალათ ფიროსმანის მოძებნა და მხატვართა საზოგადოების დამფუძნებელ კრებაზე მიწვევა)..

„ –  ერთხელ, ნასვამი მოვიდა და გიგო იკითხა. ვუთხარი, შინ არ არის-მეთქი. ძალიან შეწუხდა.

„- უხ!“ – იძახდა… მეორე თუ მესამე დღის ათი საათი იქნებოდა, ძალიან მთვრალი მოვიდა და გიგო იკითხა. გიგო შინ არ იყო. ნიკო წავიდა, მაგრამ ისევ მობრუნდა და მითხრა:

„- ძალოჯან, მაშ გიგოსთან ორ სიტყვას დაგაბარებ. ასე უთხარი: – შენ გენაცვალე, გიგოჯან! როგორც იმ ხალხს ჩემი სახლი უჩვენე და გადამკიდე, ისე მომაშორე. მაგათი არც ქება-დიდება მინდა, არც არაფერი. გაზეთში გამომიშვეს, გამლანძღესო. ბევრ რამეს, დიდ სასახლეებს მპირდებოდნენ, მაგრამ როგორც აქამდე მიხნავს და მითესავს, ისე უნდა ვხნა და ვთესოო. თავის დღეში არც ბატონი მყოლია და არც მინდაო. გაზეთში კარგად გამომხატესო!..“ ისეთი იყო, მკვდარი! არყის სუნი მეცა. მიდის და თან მეხვეწება:

„ – ძალოჯან, გიგოს შემახვეწე, ჩამომაშოროს ის ხალხი, ჩამომაშოროს! სურათი გადამიღეს, წამიყვანეს, ასე მოგაწყობთო, ასეო! არაფერი მინდა მაგათიო!“

ამის შემდეგ სრულიად გაუცხოებული, სასოწარკვეთილი, მიუსაფარი, უთვისტომო და მოტეხილი ნიკალა ღვინოს და არაყს გამოუბრუნებლად მიეძალა და სპირტიანმა სასმელებმა მალევე მოინელეს კიდეც.

ისევ ვასო ჩაჩანიძის ჩემთვის ნაამბობს მოვიხმობ:

„ – ერთ დღეს მეეზოვე „სუხია“ გარდაიცვალა… მამაჩემის თაოსნობით და მეზობლების დახმარებით უნდა მომხდარიყო მისი დაკრძალვა პეტრე-პავლეს სასაფლაოს გვერდით არსებულ უპატრონოთა სასაფლაოზე. მე მომცეს ფული და დამავალეს, მიმეცა მესაფლავეთათვის და საზიდარის პატრონისათვის… როცა მიცვალებულს სწირავდნენ… შევამჩნიე ოთხთვალა საზიდარი, რომლითაც საავადმყოფოს მიცვალებულებს ასვენებდნენ… ჩემთან მოვიდა საზიდარის მეეტლე, ჩემი ძველი ნაცნობი „პაჭუა მიშა“ და მითხრა:

„ – ვასო, იცი, საწყალი ნიკალა მომკვდარა და უპატრონოდ ვასაფლავებთო…“

მე ძლიერ შემეცოდა საწყალი ნიკალა, რომ ასე უპატრონოდ და დაუტირავად იმარხებოდა. გადავწყვიტე, ნიკალაც მეწირვინებინა მღვდლისთვის. მიშა გავაფრთხილე, შეეჩერებინა დასაფლავება“…

კარიკატურის ავტორის ვინაობის დადგენის მიზნით მივმართე ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებას, რომელსაც გაშიფრული ინიციალების სოლიდური ფონდი გააჩნია. მიპასუხეს, ამდაგვარი ინიციალების მქონე მხატვარს არ ვიცნობთო. თავის დროზე ვესაუბრე უჩა ჯაფარიძეს და ვახტანგ ბერიძეს. ორივემ ერთნაირი პასუხი გამცეს: – არც ვიცით და არც გვაინტერესებსო.

ფიროსმანზე დასტამბულ წიგნებს შორის ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ა. მაძღარაშვილის წიგნის  – „ნიკო ფიროსმანაშვილის“ – ერთმა სქოლიომ, სადაც ვკითხულობთ, რომ ინიციალები „З.Г.“ უნდა ნიშნავდეს გიორგი ზაზიაშვილს. ამ მოსაზრებამ გამახსენა ფრაგმენტი ლადო გუდიაშვილის მოგონებების წიგნიდან:

„… ძველი თბილისის უბანში… ცხოვრობდა კიდევ ერთი მხატვარი ზაზიაშვილი… უბრალო ფოტოგრაფიულ ჩანახატებს აკეთებდა. თანაც, ბრაზობდა:

– ნიკალასაც მხატვარი ჰქვია, აბრებს ფხაჭნის და მუშტარი დამიკარგაო.

ნიკალა კი ნაღვლობდა:

– ნეტავი ისე ვხატავდე, ზაზიაშვილი რომ ხატავსო“ – და თავისთვის ღიღინებდა:

„შენ, ჩემო ძმაო, ნიკალა,

რად გინდა წუთისოფელი?

სახლად მოგცემ სამოთხესა,

აქ მოგივა ყველაფერი,

სახლიკაცად გეყოლება მიქელა და გაბრიელი!..“

 

დავით ბუზუკაშვილი