სამსახურში ავტობუსით მომავალს გაჩერებაზე დამონტაჟებული სარეკლამო ბანერებიდან თვალში ხშირად მხვდებოდა ერთ-ერთი, რომლიდანაც სხვადასხვა ფერისა და კონფიგურაციის დაკლაკნილი მილაკები შემომცქეროდა. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ რაკი ჩემი მგზავრობა სისტემატური ხასიათისაა და ბანერი ყოველ გავლა-გამოვლაზე თვალში მეჩხირებოდა, დავაკვირდი: იმ დაკლაკნილ მილებში (თავ-ბოლოში მიხატული მაჯებითა და ტერფებით) ჩვეულებრივი ხელ-ფეხი ყოფილა ჩაშიფრული, მხიარულ კლაკნილებში კი იკითხებოდა მოწოდება – იცეკვე. გამეღიმა და უნებურად ცეკვაზე ფიქრს შევყევი. თუმცა, მალევე ფანჯრიდან კადრში, პარლამენტის წინ პოლიტიკური ვნებებით გადამძიმებული „პეიზაჟი“ დაიხატა: „გავრილოვშჩინის“ გამო პოლიტიკურად „ბინძური ცეკვები“ (ცნობილი ფილმის სათაურია!). მაშ, ასე: ცეკვა და პოლიტიკა!
ფიქრი გავაგრძელე და აღმოვაჩინე, რომ ეს ორი დიამეტრიულად განსხვავებული ცხოვრებისეული ფორმატი ერთმანეთისგან არც ისე გამიჯნული ყოფილა.
ბერძნული მითოლოგიის ცხრიდან ერთ-ერთის ანუ ცეკვის მუზის – ტერფსიქორას საქვეყნოდ აღიარებული მსახურნი თითქმის ყველა დროსა და ეპოქაში აქტიურად მონაწილეობდნენ ყველასა და ყველაფრის მშთანთქმელ პოლიტიკაში.
თუნდაც, მატა ჰარი გავიხსენოთ: ის უმშვენიერესი და საყოველთაო თაყვანისცემის ხატება, კაცმა არ იცის, რომელი და რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან შეკრული რამდენმაგი აგენტი იყო, რასაც, საბოლოო ჯამში, ემსხვერპლა კიდეც – პოლიტიკოსებმა კარგად გამოიყენეს და მერე სიკვდილით დასაჯეს.
წარმოშობით პოლონელი მატილდა ქშესინსკაია ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, გასული საუკუნის 20-იან წლებამდე არც არავინ იცოდა, რომ ის ქალი თურმე ლამის მთელ მსოფლიოს თავის საკუთარ ნება-სურვილზე „აცეკვებდა“ და თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის ლიდერი მისი თავგადაკლული თაყვანისმცემელი ყოფილა (მათ შორის, ნიკოლოზ მეორის საყვარელიც გახლდათ).
ოლგა ლეპეშინსკაია სტალინის უსაყვარლესი ბალერინა იყო და ბელადის კეთილგანწყობის წყალობით იმ ავბედით წლებში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბევრს დაეხმარა, გადაარჩინა.
თუგინდ მარიკა როკისადმი ჰიტლერის დამოკიდებულების გახსენება რად ღირს.
ჩამოთვლილი ვარსკვლავების სახით მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკოსთა ფავორიტებთან კი არა გვაქვს საქმე. ისინი გარკვეულწილად პოლიტიკასაც წარმართავდნენ, ამა ქვეყნის ძლიერებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდათ.
ევროპისა და ამერიკის ყველა წამყვანი სცენის დამპყრობ და უცხოეთშივე რუსული ბალეტის „შავ მარგალიტად“ წოდებულ თამარ თუმანოვას პოლიტიკოსებიც ეთაყვანებოდნენ. მისი საცეკვაო შთაგონება გენიალური ანა პავლოვა გახდა. ღრმად მოხუცი ანა პავლოვასაგან მას, როგორც მომავალ საბალეტო ვარსკვლავს, სახსოვრად ერგო უძვირფასესი მარგალიტის ბროში. იგივე ბროში ხანდაზმულმა ტუმანოვამ ასევე ამომავალ ბალეტის ვარსკვლავ ნინო ანანიაშვილს აჩუქა (საგულისხმოა, რომ არც პავლოვას და არც ტუმანოვას – იგივე ხასიდოვიჩს – შთამომავლობა არ დარჩენიათ. თუმცა, აღნიშნული ბროში ანანიაშვილისთვის ერთადერთი რარიტეტული სახსოვარი როდია. ელენა ობრაზცოვას მოგონებებიდან მახსოვს, თუ როგორი აღფრთოვანებით აიჭრა მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დივა ერთ-ერთი პრემიერის შემდეგ კულისებში, უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი ხელიდან წაიძრო და ბალეტის ქართველ პრიმას თითზე წამოაცვა.).
სანამ ნინო ანანიაშვილზე კიდევ საგანგებოდ შევჩერდებოდე, ერთსაც ვიტყვი: როცა ახალგაზრდა ელისო ვირსალაძე მოსკოვში ჩაიკოვსკის კონკურსზე გააგზავნეს, მას თან გაჰყვა თბილისის კონსერვატორიის მაშინდელი რექტორი იონა ტუსკია. ბატონი რექტორი ნორჩ კონკურსანტს იმ მტკიცე პოზიციით დაემგზავრა, რომ მეტად პერსპექტიული დებიუტანტი უცხო გარემოში არავის დაეჩაგრა: უპატრონოებს (გენიალურებსაც კი) ხომ დიახაც ჩაგრავენ, – თუნდაც პოლიტიკური მოსაზრებებითო!
საბალეტო კარიერის დასაწყისში, იმთავითვე მოსკოვში სასწავლებლად გადასულ ნინო ანანიაშვილს იღბალი გაჰყვა და მწყალობელ პოლიტიკურ მფარველად რუსეთის მაშინდელი პირველი ლედი გამოუჩნდა. რაისა მაქსიმოვნა გორბაჩოვა ერთობ მოიხიბლა ბალეტის ნორჩი ვარსკვლავით და, როგორც ნათქვამია, მისცა ნიჭს გზა ფართო (მფარველი პატრონის მოძიების აუცილებელი პირობის საილუსტრაციოდ არაჩვეულებრივი ქალბატონის, გურამ საღარაძის მეუღლის, რეჟისორ ტანია ბუხბინდერის ნაამბობი მახსენდება: ჩაიკოვსკის კონკურსისა და შემდეგ მოსკოვის დიდი თეატრის დაპყრობის შემდეგ პაატა ბურჭულაძეს საზღვარგარეთული კარიერისთვის (იქ რომ არ დაეჩაგრათ) მფარველი პატრონი სჭირდებოდა. ჰოდა, ლუჩანო პავაროტიზე უკეთესს ვის მიმართავდნენ. მსოფლიოს ოქროს ტენორის, პავაროტის სუფთა ჯიშის ცხენებით გატაცების ამბავი კი საქვეყნოდ იყო ცნობილი. ჰოდა, რუსეთის ყრუ პროვინციაში ორ ბოთლ არაყად წმინდა ჯიშის არაბული ულაყი შეიძინეს, რომლის ფასიც უცხოეთში ასტრონომიულ ციფრებში მოიაზრებოდა. პრობლემა იმ ცხენის უცხოეთში გაყვანა იყო და გამოსავალიც უმალ მოიფიქრეს: ცხენი საზღვარგარეთ საგასტროლოდ მიმავალი რომელიღაც პროვინციული ცირკის დასში ჩარიცხეს. უცხოეთში კი „უეცარი სიკვდილის“ გამო ჩამოწერეს. ხომ წარმოგიდგენიათ ფასდაუდებელი საჩუქრით პავაროტის აღფრთოვანება და… დანარჩენი თავად განსაჯეთ).
მოცეკვავეებისა და ხელისუფალთა ტანდემის საქვეყნოდ ნაცადი პრაქტიკა ქართულ პოლიტიკაში მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა შემოიტანა, როცა ბალეტის პრიმა – ნინო ანანიაშვილი საქართველოში მოიწვია და აქაურ საბალეტო დასს ჩაუყენა სათავეში. მერე კი სააკაშვილთან ნათელ-მირონის წყალობით ანანიაშვილმა ქმარი შემოიყვანა ქართულ პოლიტიკაში.
სხვათა შორის, 1994 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „დრონის“ ფურცლებზე დასტამბული ჩემი ინტერვიუ გამახსენდა ნინო ანანიაშვილთან და იმ საუბრიდან ფრაგმენტის ციტირება მომინდა:
„ – შარშანდელ შენს გასტროლებთან დაკავშირებით ქართულ პრესაში გამოჩნდა პუბლიკაცია სათაურით: „ნინო ანანიაშვილი – ეს რუსული ბალეტია“. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს პატრიოტული მწვავე შეგრძნებების მოყვარულთათვის. მიუხედავად იმისა, რომ საბალეტო ხელოვნება, როგორც ასეთი, საქართველოში სწორედ რუსეთიდან „ტრანზიტით“ შემოვიდა. სხვათა შორის, მერაბ მამარდაშვილზეც ანალოგიურ აზრს ავითარებენ. რამე კომენტარს ხომ არ ისურვებდი?
– როცა პატრიოტიზმი ავადმყოფურ, ფსიქიურ სახეს იღებს, საქმე უკვე ანომალიასთან გვაქვს. მე რუსული სკოლის ბალერინა ვარ, თორემ რუსი რომ არა ვარ, თქვენც დამემოწმებით. რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს რაიმე გართულება, არ მესმის. მე რუსულ ქორეოგრაფიულ სკოლაზე გავიზარდე. მე არა ვარ „რუსული ბალეტი“. თუმცა, პრემია „ტრიუმფი“ რუსულ კულტურაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მომენიჭა“…
ერთ დროს, როცა დიდი თეატრის საბალეტო დასი ამერიკაში საგასტროლოდ გაემგზავრა, მაია პლისეცკაია დაჩაგრეს, არ წაიყვანეს, რადგან პრიორიტეტი გალინა ულანოვას მიანიჭეს. ნიუ-იორკში ჩასულ საბალეტო დასს თვითმფრინავის ტრაპთან, – არც მეტი, არც ნაკლები, – სწორედ მაია პლისეცკაია შეეგებათ ხელში უზარმაზარი თაიგულით. პლისეცკაიას კი მაშინ მისდამი კენედების კეთილგანწყობა დაეხმარა და ასე პომპეზურად „გადაუჯოკრა“ საკუთარ მჩაგვრელებს! რაც შეეხება გალინა ულანოვას, არც მისი და ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის თანამეცხედრე, ედინბურგის ჰერცოგ, პრინც ფილიპის ურთიერთტრფობა გახლდათ დიდად გასაიდუმლოებული.
პოლიტიკური ფაქტორი ბალეტში – მით უმეტეს, რუსულ ბალეტში – ყოველთვის უმთავრესი იყო. რევოლუციის შემდეგ სწორედ პოლიტიკური ფაქტორების გამო აღმოჩნდნენ საზღვარგარეთ ჯორჯ ბალანჩინი, დიაგილევი და მისი „რუსული სეზონების“ დასი, ფოკინი, ნიჟინსკი. მოგვიანებით რუდოლფ ნურიევი. კიდევ უფრო გვიან მიხაილ ბარიშნიკოვი. ეს, რაც შეეხებათ პლანეტარულ ვარსკვლავებს, თორემ რიგითი მოცეკვავეები საგასტროლოდ გასულ საბჭოთა საბალეტო დასებს სისტემატურად აკლდებოდნენ და უცხოეთში სამუდამოდ რჩებოდნენ.
ქართულ ბალეტს რაც შეეხება, ჩვენი ცეკვის ტალანტები (თუ არ ჩავთვლით ეთერ ფაღავას) ძირითადად რუსეთში მიგრირებდნენ: ალა ხანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე.
როცა თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, მახსოვს, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებს ცეკვასა და სასცენო პლასტიკაში ავარჯიშებდა ერთი ასაკოვანი, ინტელიგენტი ქალბატონი (თუ არ მეშლება, ქეთევან ნადირაძე). მას ინსტიტუტში ძალზე უჩინარი პოზიციები ეკავა. მერე უკვე გვიან, ძალიან გვიან შევიტყვე, რომ მას, ერთ დროს ქართული ბალეტის თვალსაჩინო აქტორს, ცხოვრება დაუნგრია ერთმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ. ის უცხოელი თბილისში რომელიღაც დელეგაციას ჩამოჰყვა. პროტოკოლის განრიგით, თეატრში წაყვანილ დელეგაციის წევრთა შორის მყოფ იმ უცხოელ გენერალს ქართველი მოცეკვავე ერთი ნახვით შეუყვარდა. მათ შორის ძლიერმა გრძნობამ იფეთქა. უცხოელი სამშობლოში გაემგზავრა. იქიდან მაშინვე დაუკავშირდა თავის ქართველ რჩეულს, და სასწრაფოდ ქორწილის დღე დათქვეს. საქმრომ საცოლეს ვიზა და თვითმფრინავის ბილეთიც გამოუგზავნა, მაგრამ საქმეში საბჭოთა „კაგებე“ ჩაერია და იმ ქალბატონს საქართველოში მხოლოდ ფიზიკური არსებობის შანსი დაუტოვეს. უკვე ასაკში მყოფი ის ქალბატონი ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა და ბალეტის დიდმა ტრფიალმა ეთერ გუგუშვილმა ინსტიტუტში სტუდენტებთან სამუშაოდ მიიწვია და ცხოვრების მიწურულს პროფესიული ინტეგრირების ერთგვარი შანსი მისცა…
ღმერთო ჩემო, ერთი ჩვეულებრივი სარეკლამო ბანერის ინსპირაციით აღძრულმა ფიქრებმა როგორ შემიყოლია და რა შორს გამიტაცა!!
მარინა ბუზუკაშვილი