დღეს, როცა ჩვენში ესოდენ აქტუალურია ხელისუფლებისაგან სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი, ამ კონტექსტში ერთგვარი ისტორიული პარალელის სახით ქართულ სასამართლოსთან კავკასიის მთავარმმართებელ ვორონცოვის შეხების ერთ ფაქტს მოვიხმობ, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ ერთი პარალელითაც არის ნიშანდობლივი. კერძოდ, საქართველოში წარმოებულ სასამართლო პროცესში გავლენიანი უცხოელი ლიდერის ჩარევით: ოღონდ, ჩვენი დღევანდელობისაგან განსხვავებით – უშედეგო ჩარევით.
თუმცა, მანამდე აღვნიშნავ, რომ გრაფი ვორონცოვი (1782-1856) რუსეთის იმპერიის ჩინთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საღად მოაზროვნე გახლდათ და მის საქმიანობას პროგრესულობა გამოარჩევდა. ამ თვალსაზრისით, მისი ჩინოვნიკური პრაქტიკა თითქმის ყველგან, სადაც კი ის მსახურობდა, მეტად ნაყოფიერი იყო. ვორონცოვის საქმიანობის პოზიტიურ რეზულტატთა აქტივში ერთ-ერთი ებრაელთა მიმართ მისი კეთილგანწყობაც არის. მაგალითად, რუსეთთან ახლადმიერთებულ სამხრეთ რეგიონში ანუ ნოვოროსიისკის მხარეში, ებრაელობას იგი ხელს უწყობდა ვაჭრობასა და ხელოსნობაში. ვორონცოვის დროს ოდესაში შეწყდა ებრაელთა „პოგრომები“ – დარბევები. გარდა ამისა, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა გახლდათ ებრაელთა განსახლების საკითხი: მათთვის მკაცრად დადგენილი იყო ე. წ. „Черты оседлости“, რომელთა მიღმაც ებრაელებს ცხოვრება ეკრძალებოდათ. ეს ტერიტორიები ძირითადად პერიფერიებში მოიაზრებოდა. თუმცა, თბილისში მისი ცხრაწლიანი დისლოცირების პერიოდში ვორონცოვი ებრაელებს ცენტრალურ უბნებში უვადოდ დასახლების ნებას რთავდა, რასაც სპეციალურად გაცემული ოფიციალური სიგელებით ადასტურებდა.
რაც შეეხება წერილის დასაწყისში დაანონსებულ თემას: მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენში ადგილი ჰქონდა ე. წ. სისხლის შარის სამწუხარო პროცესებს, რომლის დროსაც ებრაელებს, თითქოსდა რიტუალური მიზნით, ქრისტიანი ბავშვების გატაცება ბრალდებოდა. ამ თემას შუღლის ჩამომგდები პროვოკაციული ელემენტები აღვივებდნენ. აღნიშნული ელემენტები, სარგებლობდნენ რა სოფლად მცხოვრები არაებრაელი მოსახლეობის ებრაულ ადათწესებში გაუთვითცნობიერებლობით, უბედურ შემთხვევათა შედეგად დაღუპულ ქრისტიან პატარებს ებრაული პასექის (აღდგომის) დღესასწაულს უკავშირებდნენ იმ მოტივით, რომ თითქოსდა იუდეველები ქრისტიანი ბავშვების სისხლს სააღდგომო ხმიადის (მაცის) ცომში ურევდნენ (არადა, იუდეველებს მათი რელიგია კატეგორიულად უკრძალავს საკვებში სისხლის შემთხვევით მოხვედრასაც კი, რასაც თვით ბიბლია – მოსეს ხუთწიგნეულიც ადასტურებს. ამ მკაცრ წესს ებრაელები დღემდე იცავენ: კერძის მომზადებამდე საქონლისა და ქათმის ხორცს სპეციფიკური ჰიგიენური მეთოდით ამუშავებენ).
რიტუალური პროცესებიდან ყველაზე რეზონანსული გახლდათ ე. წ. სურამის პროცესი (1850 წ.) და ქუთაისის პროცესი (1879 წ.). თუმცა, შიგადაშიგ ამ კონტექსტში სხვა შემთხვევებიც იყო. აღნიშნულ პროცესებს ეხმაურებოდა როგორც ქართული („ივერია“, „დროება“), ისე საზღვარგარეთული პრესა „The Jewich Cronicle“, „Allgemeine Zeitung des“
Judentums) და სხვა. ამ ყოვლად საზარელ და ამაზრზენ დანაშაულში ბრალდებულ ებრაელებს აპატიმრებდნენ და მათი საქმეები სასამართლოს გადაეცემოდა.
აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ, 1851 წლის 6 მარტს მეფისნაცვალ ვორონცოვს ლონდონიდან წერილით მომართა ცნობილმა ინგლისელმა ფილანტროპმა და ევროპაში უგავლენიანესმა პერსონამ სერ მოზეს მონტეფიორემ. მისი წერილის ინგლისური დედანი შემონახულ იქნა ვორონცოვის არქივში, რომლის დეტალურად თარგმნილი ასლიც ისააკ ჩორნიმ გამოაქვეყნა გაზეთში „День“ (1971 წ. #5, გვ. 75).
როცა ამ წერილს იცხაკ დავიდის მიერ თელ-ავივში გამოცემული ფუნდამენტური რუსულენოვანი ნაშრომის („ებრაელთა ისტორია კავკასიაში“) მეორე ტომში გავეცანი, გამაოცა აღნიშნული წერილის ავტორის თავაზიანმა, დახვეწილმა და უკიდურესად კულტურულმა ტონმა. მასში არავითარი ზეწოლა ანდა პროცესში ჩარევის მცდელობა არ იგრძნობა. უბრალოდ, ეს გახლავთ მოწიწებული თხოვნა საქმის ობიექტური გამოძიებისა და წარმართვის თაობაზე. ამავე წერილს ციტირებს თელ-ავივში წიგნად გამოცემულ რუსულენოვან ნაშრომში („საქართველოს ებრაელები“) პროფესორი კონსტანტინე ლერნერიც (სხვათა შორის, მონტეფიორემ მეორე წერილიც გამოგზავნა, რითაც მან ქართულ ებრაელ თემს უთანაგრძნო და ანუგეშა).
საინტერესოა, თუ როგორ მიაწვდინეს სურამელმა ებრაელებმა ხმა ესოდენ წარჩინებულ და გავლენიან ფიგურას, როგორიც მონტეფიორე იყო. საქმე ის გახლავთ, რომ მათ დასახმარებლად მიმართეს სტამბოლის ებრაელთა თემს. სტამბოლიდან კი შეტყობინება გადაუგზავნეს ლონდონში მოზეს მონტეფიორეს. თავის მხრივ, მონტეფიორე დაუკავშირდა რუსეთის იმპერიის ელჩს ლონდონში, ელჩმა კი მონტეფიორეს წერილი მეფისნაცვალ ვორონცოვს თბილისში გამოუგზავნა.
როგორც კონსტანტინე ლერნერი აღნიშნავს, პროცესი სასამართლო ხელისუფლების იურისდიქციაში იმყოფებოდა და მეფისნაცვალი ვორონცოვი ფორმალურად ვერ ჩაერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. თუმცა, კავკასიის მთავარმმართებელმა მაინც საჭიროდ ჩათვალა მიემართა სასამართლოსთვის თხოვნით: ყურადღებით გარკვეულიყვნენ საქმის ვითარებაში. აღნიშნულის მიუხედავად, სურამელი ებრაელები სასამართლომ დამნაშავეებად სცნო.
რაც შეეხება 1879 წლის პროცესს, იგი საჩხერელი ქრისტიანი გოგონას, სარა მოდებაძის დაღუპვას შეეხებოდა, რაც აგრეთვე ებრაელებს დაბრალდათ და რომელსაც ასევე დიდი რეზონანსი ჰქონდა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. უცხოელ ებრაელთა შორის გარკვეული თანხებიც კი შეგროვილა პროფესიონალი ადვოკატების დასაქირავებლად და საქმის სტენოგრამების სათარგმნად. ყველა ამ პროცესს დაწვრილებით იკვლევს იცხაკ დავიდის ზემოაღნიშნული ნაშრომი „ებრაელთა ისტორია კავკასიაში“ (ტ. 2, თელ-ავივი, გვ. 67-99).
ამ პუბლიკაციის ინსპირაცია, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, უმაღლეს ხელისუფალთაგან სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა გახლდათ. გახლდათ აგრეთვე, საზღვარგარეთიდან გავლენიანი საერთაშორისო აქტორის ჩარევის ფაქტიც სასამართლოში მიმდინარე საქმეში.
სხვათა შორის, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სერ მოზეს მონტეფიორეს ლონდონში შეხვდა ჩემი დიდი პაპა – მამაჩემის დედის მამა – ელია ამშიკაშვილი, რომლის აშენებულიც გახლავთ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 125-წლოვანი ონის სინაგოგა. მართალია, ელია ბაბუა ლონდონში ინგლისის პერთან, ნათანიელ როტშილდთან შესახვედრად ჩავიდა, მაგრამ იმ შეხვედრას შემთხვევით დასწრებია თვით მონტეფიორეც, რომელიც ნათანიელ როტშილდის ქვისლი გახლდათ. თავის მხრივ, ნათანიელ როტშილდის ქალიშვილი ცოლად ჰყოლია ინგლისის პრემიერ როზბერის.
და კიდევ ერთი პარალელი: დღეს, როცა წინასაარჩევნოდ ესოდენი ვნებათაღელვაა ჩვენს პოლიტიკოსებში, მინდა საილსუტრაციოდ წარსულის ერთი ამბავიც გავიხსენო: მთელი 11 წლის განმავლობაში თემთა პალატაში ლონდონის ელექტორატის მიერ წარმატებით არჩეული ლაიონელ როტშილდის დეპუტატად დამტკიცება ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ სადეპუტატო ფიცის ყოველი წარმოთქმისას იგი ჩუმდებოდა იმ ფრაზასთან, რომელიც მიუღებელი იყო მისი იუდეური აღმსარებლობისათვის. ამის გამო ფიცის რიტუალს ბოლომდე ვერ ასრულებდა და ხანგრძლივად რჩებოდა პარლამენტს მიღმა. მხოლოდ 11 წლის შემდეგ – არაქრისტიან პარლამენტართა ფაქტორის გათვალისწინებით, მოქმედ სადეპუტატო ფიცში ტექსტის ჩასწორებისა და ყველა აღმსარებლობისათვის ერთიან კონდიციაში მოყვანის შემდეგ – დაამტკიცეს იგი თემთა პალატის წარმომადგენლად. ამ აქციით ლაიონელ როტშილდმა ინგლისურ პარლამენტარიზმს და ბრიტანელ საზოგადოებას დემოკრატიის ქრესტომათიული გაკვეთილი ჩაუტარა.
მარინა ბუზუკაშვილი