მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ პარიზში რამდენიმე ასეული ქართველი ებრაელი აშკარა სიკვდილს გადაურჩა. ეს ის ემიგრანტი ქართველი ებრაელები იყვნენ, რომლებიც 1921 წელს თან გაჰყვნენ დამოუკიდებელი საქართველოს გახიზნულ მთავრობას. პარიზში ემიგრირებული ქართველი ებრაელების ფაშისტებისაგან გადარჩენაში უდიდესი წვლილი იოსებ ელიგულაშვილს მიუძღვის (იგი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო და როგორც დამფუძნებელი კრების დეპუტატტი, ხელს აწერდა დამოუკიდებლობის აქტს. 1921 წელს, როცა რუსეთის ჯარის ანექსიის გამო დღის წესრიგში ქართული ეროვნული საგანძურის გადარჩენის საკითხიც დადგა, ნოე ჟორდანიამ ექვთიმე თაყაიშვილის დახმარება სწორედ იოსებ ელიგულაშვილს სთხოვა. ელიგულაშვილი ოფიციალურ, სახელმწიფო ასპარეზზე გამოსული პირველი ქართველი ებრაელი იყო).
იოსებ ელიგულაშვილმა შეძლო განსაცდელში ჩავარდნილი ქართველი ებრაელების გადასარჩენად საკითხის საქართველოს ისტორიასთან დაკავშირება, ანუ შეძლო მთელი ქართველი ემიგრაციის ერთსულოვანი დაინტერესება. ამ საქმეში მან მოიპოვა როგორც ქართველების, ისე უცხოელების დახმარება, რის შედეგადაც ებრაელები გადარჩნენ. ამ ქმედებამ როგორც პირადად ელიგულაშვილის, ისე საქართველოს ცენზი უცხოელთა თვალში მეტად ასწია და ქვეყანას ავტორიტეტი შესძინა.
ისრაელში, იერუსალიმის „იად ვა შემ“-ი (ხსოვნასა და სახელს ნიშნავს და ის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა არდავიწყების მუზეუმია). ალბათ უპრიანი უნდა იყოს გარკვეული ძალისხმევის გაღება იმისათვის, რომ „იად ვა შემ“-ში ქართველთა სახელების უკვდავყოფაც მოხდეს: მსოფლიოს ხალხთა წმინდანების ანუ იმ არაებრაელთა სახელების ხეივანში, რომლებმაც წვლილი გაიღეს ფაშისტებისაგან ებრაელთა გადარჩენაში, საფრანგეთში ლტოლვილი ჩვენი მთავრობის წევრთა იმ სახელებზე დარგული ხეებიც აშრიალდნენ, ომის დროს პარიზში ქართველი (და არაქართველი) ებრაელების გადარჩენაში აქტიური მონაწილეობა რომ მიიღეს: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, კოწია კანდელაკი, ნოე ცინცაძე, ალექსანდრე ქორქია და მიხეილ კეიდია.
***
ფრაგმენტი, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, ჩვენთვის სრულიად უცნობი კაცის ღირსეულ საქციელს წარმოაჩენს.
ამ ფრაგმენტს „ჰეფი ენდი“ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთობ სარისკო სიტუაციას უკავშირდება: გერმანიაში მცხოვრები ქართველი ებრაელი ექიმი, ისაკ მეგრელიშვილი (მეგრე), თავის მემუარულ ჩანაწერებში საქართველოში ცხოვრების იმ დროს იგონებს, საბჭოთა რეჟიმის მიერ აკრძალული ებრაული თემატიკით დაინტერესებულ პირებს უშიშროება რომ სდევნიდა:
– 1962 წელს ჩემს ბინაში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „დაუპატიჟებელი სტუმრები“ მობრძანდნენ. მათ მაჩვენეს ორდერი ჩხრეკის ნებართვით, რომელსაც ხელს აწერდა გენერალი ინაური!
კა-გე-ბეს სამმა თანამშრომელმა აქექ-დაქექეს ოთახები… ჩხრეკის დროს, როგორც დამსწრე, იხმეს ჩემი მეზობელი ვახტანგი, რომელსაც უნდა ვუმადლოდე, რომ გადავურჩი დაპატიმრებას! ვახტანგს (გვარს არ ვასახელებ) ვანიშნე დიდი ზომის ჩემი ლექსების რვეულზე, რომელიც იდო საწერ მაგიდაზე. სანამ ვახტანგი დაჯდებოდა, მოვასწარი ლექსების რვეულის სკამზე დადება და ვანიშნე, ზედ დამჯდარიყო. ვახტანგიც მიმიხვდა სურვილს, დაჯდა და არ ამდგარა, ვიდრე „დაუპატიჟებელი სტუმრები“ არ წავიდნენ! მათ ვერ წაიღეს ლექსების რვეული, სადაც ღმერთს ვევედრები, რომ კვლავ მოგვგვაროს მოსე.
ქართველმა კაცმა, კარის მეზობელმა, უბედურებას გადამარჩინა. მისი ძმური და მეგობრული დახმარება დაუვიწყარია ჩემთვის! ძერჟინსკის ქუჩაზე, უშიშროებაში, სამჯერ დამკითხეს და გამაფრთხილეს, რომ ებრაულ თემატიკას მოვშვებოდი და ლექსები სოციალიზმის მშენებლობასა და კომუნისტურ პარტიაზე მეწერა.
მესამე დაკითხვისას ისიც მითხრეს, სტალინი რომ ცოცხალი იყოს, აქედან ვეღარ წახვიდოდიო. ასეთი „გაბაასების“ შემდეგ მეც ამეკვიატა შიში და დავიწყე ოცნება ისრაელში წასვლაზე“…
დასანანია, რომ ემიგრანტის ამ მონათხრობში გაურკვეველი დარჩა, თუ ვინ იყო მეზობელი ვახტანგი. მის გვარს მადლიერი ებრალი განზრახ არ ასახელებს – ძველი ინერციით შიშობს, მის მხსნელს უშიშროებამ არაფერი ავნოს.