პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების  ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება განახლდა

სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ დ.ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების  ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ 2017 წლის 19 სექტემბერს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყვიტა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, პოლიციელზე თავდასხმისთვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაკავებულმა, წარსულში განზრახ დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა დ.ფ.-მ გამოძიების ეტაპზე განმარტა, რომ მისი დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის გამოყენების ფაქტებს.

„აღნიშნულის საფუძველზე  ქ.თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება დ.ფ. – ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, დაიკითხნენ მოწმეები. საქმეზე გამოკითხულმა პოლიციელებმა და დ.ფ.-ს  თანმხლებმა პირებმა გამოკითხვისას განაცხადეს, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, დ.ფ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში. პოლიციელთა გამოჩენის შემდეგ მან ავტომანქანა დატოვა და გაქცევის მიზნით ახლომდებარე ხევში გადახტა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანებები. პოლიციელებმა მისი დაკავების მიზნით დევნა ვეღარ გააგრძელეს, რადგან ხევში გადახტომას შესაძლოა მოჰყოლოდა პოლიციელთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს, დაახლოებით 21:30 საათზე, დ.ფ. ნანახი და დაკავებული იქნა ქალაქ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. დაკავებისას მას აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით მიღებული ჰქონდა 2016 წლის 2 დეკემბერს დაცემის შედეგად. აღნიშნულ ოქმს ხელმოწერით ადასტურებდა თავად დ.ფ.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი  არ ჰქონია, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შეწყვეტის შემდგომ, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეწყვეტილი საქმის მასალებს გაეცნო  და 2018 წლის 9 თებერვალს, პროკურატურას საქმეზე გამოძიების განახლებისა და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რეკომენდაციით მიმართა.  რეკომენდაციის მიხედვით საჭიროა დამატებითი საგამოძიებო მოქმედება დ.ფ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის და მისი დაკავების პროცესში ცალკეულ პოლიციელთა ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციაში მითითებული ფაქტები დადგენილია გამოძიების შედეგად, მაგრამ არ არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მითითებულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში. აღნიშნულის გამო,  2018 წლის 15 თებერვალს გაუქმდა დადგენილება დ.ფ.-ის დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფაქტზე წარმოებულ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ და  გამოძიება განახლდა.

განახლებული გამოძიების ფარგლებში  სახალხო დამცველის  რეკომენდაციით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდება, რომელთა ამოწურვის შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საუბარია დაჩი ფელდმანზე, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა.