ზვიად სხვიტარიძე - თამბაქოს შესახებ კანონის მიღებისას რეგულაციების ზემოქმედების ანალიზი არ გაკეთებულა, რაც ევროკავშირის მოთხოვნაა
სამწუხაროდ, თამბაქოს შესახებ კანონის მიღებისას რეგულაციების ზემოქმედების ანალიზი არ გაკეთებულა, რაც ევროკავშირის მოთხოვნაა, – ამის შესახებ „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა, ზვიად სხვიტარიძე პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თამბაქოს ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის საკმაოდ დიდი წილია. ჩვენ ვიხდით დღგ–სა და აქციზის გადასახადს, რაც საქართველოს ბიუჯეტის 7%–ია. ასეთი ქვეყნები თითზე ჩამოსათვლელია, სადაც თამბაქოს ბიზნესს ეკონომიკაში ამხელა მონაწილეობა აქვს. არამწეველთა უფლებებზე საუბარი გასაგებია, მაგრამ თამბაქოს ბიზნესი ლეგალური ბიზნესია და უფლებები მწეველებსაც აქვთ, რაც ასევე დაცული უნდა იქნას“, – განაცხადა სხვიტარიძემ.
მისი თქმით, თამბაქოს აკრძალვის მიმართ ევროპაში ერთიანი მიდგომა არ არის და არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც სრული აკრძალვა არ არსებობს.
„ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დანია, ბელგია და შვედეთი, სრული აკრძალვა არ არის. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველოს მსგავსად, თამბაქოს სრული აკრძალვა ძალაში ავსტრიაშიც პირველი მაისიდან უნდა შესულიყო, მაგრამ კონსერვატიულმა პარტიამ რადიკალური წინააღმდეგობა გამოხატა და კანონი ძალაში აღარ შევა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დიდი დებატები მიმდინარეობს“, – განაცხადა სხვიტარიძემ.
„ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ კვიპროსსა და საბერძნეთში თამბაქოს სრული აკრძალვა მოქმედებს, მაგრამ აღსრულება არაეფექტიანია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია კომპანიის რეკომენდაციები, ზვიად სხვიტარიძემ თქვა, რომ კომპანია რეგულაციების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ის ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
„საუბარია იმ მიდგომებზე, რაც ევროპაში არსებობს. აი, ვთქვათ, თუ მხოლოდ და მხოლოდ მოწევის აკრძალვაზე ვსაუბრობთ, დღეს საქართველოში არსებობს მოდელი 50–50–ზე, მაგრამ მისი აღსრულება არ ხდება. იქნებ, ფიქრი ჯერ არსებული მოდელის აღსრულებაზე დაგვეწყო?! სხვათა შორის, კანონპროექტის ავტორებს სხვადასხვა პროცენტულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ვარიაციები ჰქონდათ, რისკენ სწრაფვაც ნელ–ნელა უნდა მომხდარიყო, მაგრამ კანონის მიღება რეგულაციური ეფექტიანობის ანალიზის გარეშე ხდება“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.