ზვიად შალამბერიძე - ზესტაფონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკავშირდება, ყველა მისი კონტაქტი იდენტიფიცირებულია
ზესტაფონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, კონტაქტების რაოდენობა დიდი არ არის.
„მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს. ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად, შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათი თვითიზოლაციის პირობებს. ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა „კოვიდ-19“. ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია, რამდენიმე ადამიანთან იყო კონტაქტი გადაადგილების დროს. როდესაც ჩამოვიდა ზესტაფონში, ყველა ადამიანი იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასე რომ, კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.