ზვიად შალამბერიძე - ყველა სახელმწიფო რესურსია მიმართული, რათა რეგულაციები იყოს მკაცრად გათვალისწინებული
ზვიად შალამბერიძე - ყველა სახელმწიფო რესურსია მიმართული, რათა რეგულაციები იყოს მკაცრად გათვალისწინებული

ყველა სახელმწიფო რესურსია მიმართული, რათა წესები და რეგულაციები იყოს გათვალისწინებული ძალიან მკაცრად, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძის თქმით, ქუთაისში უკვე მოქმედებს გამშვები პუნქტები, საიდანაც ქალაქის ყველა შესასვლელი და გასასვლელი მკაცრად კონტროლდება.

„დილის 08:00 საათიდან ამოქმედდა საყოველთაო კარანტინით გათვალისწინებული ზომები, ქალაქის ყველა შესასვლელი და გასასვლელი კონტროლდება შს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ. მოწმდება ყველა მსუბუქი ავტომობილი, რომელიც შემოდის ან გადის ქალაქიდან, რამდენად იცავს განსაზღვრულ წესებს, გამონაკლისის სახით მოძრაობენ სატვირთო და სადისტრიბუციო ავტომანქანები, მიკროავტობუსები კი აკრძალულია. რაც შეეხება გამონაკლისი სახით მოქმედ ორგანიზაციებს, მათი თანამშრომლების გადაადგილება მოხდება მიკროავტობუსებით, მაგრამ უნდა დაიცვან მკაცრად გაწერილი წესები.

სხვა მუნიციპალიტეტებში საგუშაგოები არ გაქვს, თუ არ ჩავთვლით, რომ ქუთაისს რეალურად ცხრა მხრიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ესაზღვრება და ეს შესასვლელ-გასასვლელები ისედაც კონტროლდება, ადგილებზე ჯერჯერობით საგუშაგოების გახსნის საჭიროება არ არის, თუმცა 24 საათის განმავლობაში როგორც შსს-სა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ასევე გამგებლები და მოადგილეები აფრთხილებენ მოსახლეობას, ასევე ხდება მოწოდებები ავტომანქანებიდან ხმოვანი სიგნალებით, რომ დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ რეგულაციების შესრულებას. ყველა სახელმწიფო რესურსია მიმართული იმისკენ, რომ ეს წესები და რეგულაციები იყოს გათვალისწინებული ძალიან მკაცრად“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, დღითიდღე იზრდება სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფრო მეტი ადამიანი ათვითცნობიერებს, რომ აუცილებელია სახლში დარჩენა, რადგან ეს მათი ჯანმრთელობისთვის კეთდება.

ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, საკარანტინო ზონებში 353 ადამიანია ამ დროისთვის, 447 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს, ზვიად შალამბერიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.