ზვიად შალამბერიძე - ყველა მოქალაქეს შეუძლია, შემოვიდეს ქუთაისში, ასევე დატოვოს ქალაქი, თუმცა საკონტროლო პუნქტები რჩება და თერმოსკრინინგი გრძელდება
ქუთაისში მიმოსვლა თავისუფალია, ყველა მოქალაქეს შეუძლია, შემოვიდეს და დატოვოს ქალაქი, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, საკონტროლო-გამშვები პუნქტები რჩება და თერმოსკრინინგი გრძელდება.
„ასევე, დღეიდან ყველა კომპანიას შეუძლია, განაახლოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვისაც ჰქონდა დაწყებული და ვისი პროექტებიც მიმდინარეობდა. ყველა კომპანიას მივცემთ საშუალებას, იმუშაოს ერთი პირობით, მათ უნდა შეასრულონ ყველა რეკომენდაცია, რაც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული. მათ მუშაობას ყველა ეტაპზე გააკონტროლებენ შესაბამისი სამსახურები, რომელიც დააკმაყოფილებს პირობებს, მუშაობის გაგრძელება შეეძლება. ბლოკპოსტები დარჩება, ვიდრე გადაწყვეტილებას არ მიიღებს საკოორდინაციო საბჭო და სანამ ეპიდემიის გავრცელების რისკი კიდევ არ შემცირდება“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ამასთან, ზვიად შალამბერიძის შეფასებით, რეგიონში ეპიდემიური სიტუაცია სტაბილურია, მეოთხე დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დღეიდან დასაშვები ხდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ასევე ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.