ზვიად შალამბერიძე - პროდუქტების მარაგისა და ფასების მხრივ სანერვიულო არაფერია, პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა უპრობლემოდ, უცვლელ ფასად არის შესაძლებელი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ სუპერმარკეტების ქსელებსა და საცხობებში არსებული ვითარება შეამოწმა. ამის შესახებ ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ასევე სუპერმარკეტების საწყობებში იმყოფებოდა, სადაც პროდუქტების მარაგის კუთხით არსებულ სიტუაციას გაეცნო. ამასთან, ზვიად შალამბერიძე მარკეტებში მომხმარებლებს შორის სავალდებულო დისტანციის დაცვის საკითხითაც დაინტერესდა.
„დღესვე, სახელმწიფო რწმუნებული რამდენიმე საცხობს ეწვია და ფასის ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა, თუმცა გაირკვა, რომ ფასი არც ერთი სახის პროდუქტზე არ გაზრდილა“, – ნათქვამია გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც შალამბერიძემ განაცხადა, სუპერმარკეტებში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ არის და რეგიონში საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით დადებითი დინამიკაა.
„ყველანაირი სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს მუშაობა. ყველა სუპერმარკეტი, პურფუნთუშეულის საცხობები ითვალისწინებენ სტანდარტებს, რისი რეკომენდაციაც არის გაცემული. არც მარაგისა და არც ფასების მხრივ სანერვიულო არაფერია, ვაკონტროლებთ ყოველდღიურად, რომ მარაგები იყოს შევსებული, ფასებზეც კონტროლი გვაქვს, ასე რომ, პირველადი მოხმარების ყველა პროდუქტის შეძენა უპრობლემოდ, უცვლელ ფასად არის შესაძლებელი”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მონიტორინგის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა და არსებულ ვითარებას გაეცნობა.