ზვიად შალამბერიძე - მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად არსებული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
იმერეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა, სრულად დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა, დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები.
იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„უჩვეულოდ დიდი ნალექი მოვიდა იმერეთში ბოლო ორი საათის განმავლობაში და პრობლემები შეიქმნა ხონსა და უფრო მეტად ქუთაისში. ადიდდა მდინარე ოღასკურა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ავტოქარხნისა და ბუხაიძის ქუჩის დიდი ნაწილი. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მერიის სპეციალური სამსახურები და ყველა ლოკაციაზე, სადაც არის კრიტიკული მდგომარეობა, ვცდილობთ, დავეხმაროთ მოსახლეობას და აღმოვფხვრათ პრობლემები.
ჩვენ დაწყებული გვაქვს ოღასკურის კალაპოტის გაფართოება-დაღრმავების სამუშაოები, მაგრამ რეალურად ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და, შესაბამისად, პრობლემებიც ამიტომ შეიქმნა. ოღასკურის კალაპოტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლება აღარ იარსებებს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძე.
ზარალის ლიკვიდაციის მიზნით, ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ასევე საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია, დარეკოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში – 112-ზე და ქუთაისის მერიის ცხელ ხაზზე: 595 250 309.