ზვიად შალამბერიძე - ინფიცირებულის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს, ვითარება სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება არ დგას
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოს სათნოების სახლის ინფიცირებული ბენეფიციარის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, კონტაქტები საკმაოდ მასშტაბურია.
თუმცა,ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ვითარება სრულად კონტროლდება და ამ ეტაპზე ზომების გამკაცრების საჭიროება არ დგას.
„წყალტუბოში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, სტანდარტულად ვიკვლევთ ინფიცირებული ქალის კონტაქტებს. სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი და ზომების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. ქალბატონის კონტაქტები, სამწუხაროდ, არის მასშტაბური და ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა მასთან, პოტენციური რისკის ქვეშაა“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, სპეციალისტებმა ანტისხეულებით ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი მიიღეს ერთ-ერთი მოქალაქის ანალიზზე, რომელიც წყალტუბოს სათნოების სახლის საკვებით სარგებლობდა.