ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ იმერეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია
ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ იმერეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რეგიონში არსებულ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე შალამბერიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების კონტროლსა და აღსრულებაზე. მხარის რწმუნებულმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისგან მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მოისმინა და ეფექტური საქმიანობისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქმიანობისთვის, შრომისთვის და გვერდით დგომისთვის. ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად ხართ ჩართული პროცესში და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აკონტროლებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჩვენს რეგიონში. ბოლო პერიოდში, მხარეში გვაქვს კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების ზრდა. ასევე იცით, რომ იმერეთში ჯამში, 236 კოვიდინფიცირებული მკურნალობს როგორც ჩვენს რეგიონში მცხოვრები, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი პაციენტები. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი საკმაოდ მაღალია, სამედიცინო დაწესებულებები არსებული რესურსით კარგად უმკლავდებიან შექმნილ მდგომარეობას და ზრუნავენ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე. ამ ეტაპზე, ვაკონტროლებთ სიტუაციას და ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველა გამოწვევას უნდა შევხვდეთ ღირსეულად. აუცილებელია, თითოეულ შემთხვევაზე მოხდეს სწრაფი რეაგირება, ოპერატიული მუშაობა და სწორი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ეს იყო დღემდე“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„აუცილებელია, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე, ვატაროთ პირბადეები და დავიცვათ სოციალური დისტანცია“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.