ზვიად ლაზიშვილი: ჩემი თავდაპირველი მიზანი UFC-ში მოხვედრა იყო - ექსკლუზიური ინტერვიუ LFA-ის ქართველ ჩემპიონთან
LFA პრომოუშენის ქვემსუბუქ დივიზიონს (bantamweight) ახალი ჩემპიონი ჰყავს. ოქტაგონზე დაუმარცხებელმა ზვიად ლაზიშვილმა საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა რიკი სტილთან გამართა და გამარჯვების მოპოვება პირველივე რაუნდში შეძლო.
ქართველი მებრძოლის მთავარი მიზანი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მოხვედრაა. ზვიადს ბრძოლის შემდეგ დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
– მისია შესრულებულია. LFA-ის ჩემპიონის ტიტული შენია. პირველივე რაუნდში მოახერხე მეტოქის დაფინიშება. რას იტყოდი ბრძოლაზე და რა ემოციები დაგეუფლა როდესაც ქამარი მოიგე?
– დიდი მადლობა მოლოცვისთვის! ძალიან ბედნიერი ვარ. ტიტულის მოპოვებასთან ერთად ამ გრძნობას ქართველი მაყურებლის გულშემატკივრობა მიორმაგებს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. მეტოქეზე გამარჯვება პირველ რაუნდში მსურდა, რადგან იმ ტრავმებით, რაც ახლა მაქვს საკმაოდ გამიჭირდებოდა ამის შემდგომ გაკეთება, თუმცა აქვე აღვნიშნავ რომ უფრო მძიმე ბრძოლას ველოდი.
რიკი სტილს რაც შეეხება, გამოცდილი, სწრაფი მებრძოლია. ჩემი მიზანი იყო არ მიმეცა დგომში დარტყმების გატარების შესაძლებლობა, ამიტომ სრულიად შევცვალე სტრატეგია და ძირითადად შეტევებზე ვიყავი ორიენტირებული. ჩემი ბრძოლის სტილიდან გამომდინარე ეს საკმაოდ სარისკო, მაგრამ ამავე დროს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.
– რა იქნება ახლა უკვე შენი მიზანი? ტიტულს დაიცავ LFA-ში თუ სხვა პრომოუშენში გადასვლას გეგმავ?
– ჩემი თავდაპირველი და უმთავრესი მიზანი UFC-ში მოხვედრა იყო და ეს ბრძოლა ამისთვის ძალიან კარგი სტარტაპია. შესაბამისად ქამრის დაცვაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა სამომავლოდ არც ამას გამოვრიცხავ.
– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავ?
– ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ამ ეტაპზე შტატებში სტუდენტური ვიზით ვიმყოფები და იმდენად არასტაბილურია საემიგრაციო პოლიტიკა საერთაშორისო სტუდენტების მიმართ, რომ ამ ეტაპზე არ მიღირს ამ რისკზე წასვლა. თუმცა ვიმედოვნებ როგორც კი გარემო დალაგდება და P1 ვიზას ავიღებ (რაზეც აქტიურად ვმუშაობ) მალევე ჩამოვალ.
– დიდი ალბათობით ufc-დან ამ ბრძოლის შემდეგ დაინტერესება შენდამი ერთი ორად გაიზრდება…
– დაინტერესების თვალსაზრისით აქამდეც გვქონდა საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შედეგმა შანსები კიდევ უფრო გაამყარა. UFC-ში საასპარეზოდ ისევ საემიგრაციოს და ვიზის საკითხს ვუბრუნდებით, რომლის გაკეთებაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ამ სპორტში კარიერული ზრდისთვის და საბედნიეროდ ამ ბრძოლის მოგებაც დადებითად იმოქმედებს ამ პროცესზე.