ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი მომავალ სასესიო კვირაში დადგება
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი სავარაუდოდ, 19-22 მარტის პლენარული სხდომების კვირაში კენჭისყრაზე დადგება.
პირველ არხთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„მოლოდინი გვქონდა, რომ როცა საპარლამენტო უმრავლესობიდან თანამდებობის პირი წავიდოდა, რომელიც უმრავლესობის მიერ არის წარდგენილი, ის თანამდებობას დატოვებდა, მაგრამ ვინაიდან ასეთი დამოკიდებულებაა, პროცედურას გავყვეთ. ზოგადად, ეს ზეპირი შეთანხმებების წესებში ჯდება, დაუწერელი წესები არსებობს, რასაც პოლიტიკაში ემორჩილებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია პროცედურას გავყვეთ. ის იმ შემთხვევისგან განსხვავდება, როცა ფრაქციის კვოტის გამოწვევა ხდება დეპუტატის გარიცხვის ან წასვლის შემთხვევაში. მას უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება, რადგან პარლამენტის მიერ არ არის არჩეული. მაღალი ალბათობით, კვაჭანტირაძის საკითხზე ვიმსჯელებთ და შესაძლებელია ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა პარლამენტის გადაწყვეტილებით დატოვოს.
ჩემთვის ადვილი არ არის, რომ ჩემს ყოფილ თანაგუნდელს ხელაღებით დავუდასტურო რომ, ის ამ თანამდებობაზე აღარ მსურს, მაგრამ როცა პოლიტიკური გადაწყვეტილებებია, ეს ხანდახან პიროვნულ უხერხულობებს ქმნის. სამწუხაროდ, ამ პიროვნული უხერხულობის გადალახვა გვიწევს. თუ გუნდი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, გადაწყვეტილება გუნდური შეთანხმების საკითხი იქნება”, – განაცხადა მდინარაძემ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძეს დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია. კვაჭანტირაძემ უმრავლესობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. როგორც პირველ არხს კვაჭანტირაძემ განუცხადა, პოსტიდან საკუთარი ნებით არ გადადგება.