ზვიად კვაჭანტირაძე - სააკაშვილისთვის არაფერს წარმოადგენდა გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ან დამარცხება, მისთვის მთავარი იყო, ქვეყანაში შეექმნა ყველა პირობა, რათა პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო
მიხეილ სააკაშვილისთვის არაფერს წარმოადგენდა გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ან დამარცხება, მისთვის მთავარი იყო, ქვეყანაში შეექმნა ყველა პირობა, რათა პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.
„ბოლო წლების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი არის დესტაბილიზაციის ფაქტორი და პრეზიდენტობის პერიოდშიც, განსაკუთრებით 2007 წლის შემდეგ. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის ფაქტორი, მით უმეტეს, თუ ჩავთვლით 2008 წლის ომსაც რუსეთის ფედერაციასთან. აქედან გამომდინარე, ის თავად არის დესტაბილიზატორი“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რა მიზნები ამოძრავებდა ქვეყნიდან გაქცეულ სააკაშვილს.
„ფრთხილი განცხადებები, რომელიც გააკეთა გუშინ ოპოზიციამ, ჩემთვის გასაგები იყო, რადგან შედეგი, რომელიც დადგა, იყო ქართველი ხალხის ნება. დიდწილად ეს იყო იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რა მიზნები ამოძრავებდა ქვეყნიდან გაქცეულ სააკაშვილს. ამ არჩევნებში მისთვის საერთოდ არაფერს წარმოადგენდა გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ან დამარცხება, მისთვის მთავარი იყო, რომ არჩევნები როგორც არ უნდა ასრულებულიყო, შეექმნა ყველა პირობა, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.