ქვეყანა იმართება კორპორატიულად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მმართველობის ასეთი სტილი ქართულ მენტალიტეტს არ შეესაბამება.
„ქვეყანა იმართება კორპორატიულად, კორპორატიული წესების მიხედვით, რასაც ქართველი ხალხის მენტალიტეტი ვერასდროს ვერ შეეგუება და ვერასდროს ვერ მოვა თანხვედრაში. კორპორატიული მმართველობა იყო სააკაშვილის დროს, როდესაც ყველაფერი თავს იყრიდა ერთ უზენაეს პიროვნებასთან, სააკაშვილთან“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ პარტიის საერთო ჩატში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოდიოდა მესიჯები, რომელთა ავტორიც დღემდე არ იცის, ვინ იყო. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა პარლამენტში 2016 წლის შემდეგ დამკვიდრდა.
„ჩვენი ბევრი კოლეგა ჩიოდა, რომ პრაქტიკულად, ერთმანეთს არ ვესაუბრებით ლაივში. ფრაქციის სხდომა საერთოდ არ მახსოვს, როდის ჩატარდა. უმრავლესობის სხდომები ტარდებოდა ხოლმე, როცა უკიდურესი აუცილებლობა იყო. სხვა მხრივ, ძირითადად, მესიჯები მოდიოდა და დღემდე არ ვიცი, ვინ წერს ამ მესიჯებს”, — ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.
მან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს მოსმენის დიდი კულტურა აქვს, თუმცა ვერ იხსენებს შემთხვევას, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რომელიმე ადამიანის აზრზე გადასულიყო.
„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს, მაგრამ როგორ მზადდება ეს გადაწყვეტილებები, აქ არის პრობლემა. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომ ყველაფერი იცოდეს, როგორც მოცემულობა. მასაც სჭირდება მრჩევლები, კონსულტანტები და ა. შ. მან ხომ იცის, როგორ მიდის საქმე ასეთი მრჩევლებისა და კონსულტანების დახმარებით”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ივანიშვილის ხელისუფლებამ გადმოიბარა თუ არა კონტროლირებული სასამართლო სისტემა, ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ „გარემოცვამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე აქეთ წასულიყო“.
ამასთან, ზვიად კვაჭანტირაძემ დავით უსუფაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უსუფაშვილი სხვა პლატფორმაზე იდგა, მაგრამ არასდროს უკადრია კოლეგების შეურაცხყოფა“
„წარმოიდგინეთ, რომ ვიცოდით ის, რომ დათო უსუფაშვილი სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე იდგა, მაგრამ არასდროს არ უკადრებია ერთი შეურაცხყოფა მაინც მიეყენებინოს თავისი კოლეგებისთვის. მე თუ მკითხავთ, წინა პარლამენტის კოალიცია გაცილებით უფრო ეფექტური იყო და უფრო დემოკრატიულად თანამშრომლობდა ერთმანეთთან, ვიდრე ეს გიგანტური საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელმაც პრაქტიკულად დაანგრია დემოკრატიული მმართველობის საფუძველი პარტიაში“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდს არ უნდა შევადაროთ.
„არ შეიძლება შედარება, თქვენ კარგად იცით, სად ვიყავით, რა ქაქშიც ვიყავით და რა პროგრესი განვიცადეთ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ეს საკუთარ ტყავზე ვერ იგრძნეს. მე ვსაუბრობ იმ აბსოლუტურ უკანონობაზე, რომელიც „ნაცების “დროს მეფობდა ქვეყანაში, ის ღირსების შელახვა, რომელიც იყო ყველა ფეხის ნაბიჯზე, ვერ იტყვი, რომ ამას ადგილიო ჰქონდა „ქართული ოცნების“ პერიოდში“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება“ და ფრაქცია 27 თებერვალს დატოვა.