ზვიად კვაჭანტირაძე - ბრიტანელების ჩაწოდებულ ბურთს საქართველოს მხრიდან აზრიანი და პრაგმატული გათამაშება სჭირდება
ზვიად კვაჭანტირაძე - ბრიტანელების ჩაწოდებულ ბურთს საქართველოს მხრიდან აზრიანი და პრაგმატული გათამაშება სჭირდება

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის მოსაზრებით,  ბრიტანელების ჩაწოდებულ ბურთს საქართველოს მხრიდან ძალიან აზრიანი და პრაგმატული გათამაშება სჭირდება.

პირველ არხთან საუბარში ზვიად კვაჭანტირაძე გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელის, ჯონათან ალენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაერო-ში მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ საქართველომ მუშაობა ყველა დონეზე გაააქტიუროს.

„როგორ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ბრიტანეთი საქართველოს იმ პირველი რიგის  პრობლემებს შორის ახსენებს, რომელიც მსოფლიოს დემოკრატიულ თანამეგობრობას რუსეთთან აკავშირებს. ეს მხოლოდ მისასალმებელი ფაქტია. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად იმის აღიარებას მივაღწიეთ, რომ ფაქტიურად, საქართველო ცხოვრებას ოკუპაციის პირობებში უყურებს და მისი ტერიტორიის 20 პროცენტზე  მეტი ოკუპირებულია. ყოველთვის იქითკენ მივილტვოდით, რომ ეს პრობლემა არც ერთი მნიშვნელოვანი ფორუმიდან არ ჩამოსულიყო. შესაბამისად, როცა ბრიტანეთი ამ საკითხს გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან აჟღერებს, ეს კარგი ფაქტია, რომელსაც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან მხარდაჭერა და გამოხმაურება სჭირდება.

ვეჭვობ, რომ ბრიტანეთის ამ ნაბიჯს განსაკუთრებული სიმპატიით შეხვდნენ ჩვენი სხვა მეგობარი ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას აწარმოებენ, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, იტალია. წარმოუდგენელია, საერთაშორისო აქტივობებში საქართველოს ოკუპაცია და  პრობლემები, რაც რუსეთთან გვაკავშირებს, ნომერ პირველი არ იყოს. ახლა, ბრიტანელების ჩაწოდებულ ბურთს  ძალიან აზრიანად და პრაგმატულად გათამაშება სჭირდება“, – აღნიშნავს კვაჭანტირაძე.

დეპუტატის შეფასებით, დიდმა ბრიტანეთმა სერიოზული გათვლები გააკეთა, როცა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება  ყველა დონეზე გააზრებულია.

„ბრიტანელებს პოლიტიკის კეთება და დიპლომატია არავისგან ესწავლებათ. ეს მათი სერიოზული და სტრატეგიულ გათვლებზე გაკეთებული გადაწყვეტილებაა, რაშიც ალბათ, ბრიტანელები თავის სასარგებლოდ სწორ გათვლებს ხედავენ.

მართალი გითხრათ, კონტაქტების მყისიერად გადაჭრის და ურთიერთობის შეწყვეტის მომხრე მე არასოდეს ვიქნებოდი, რადგან როცა კონტაქტები არ არის და დიალოგი არ წარმოებს, მაშინ მსგავსი დიალოგები ისეთ ადგილებზე იმართება, სადაც ჩვენ ჩართული აღარ ვართ. ბრიტანელების ჩაწოდებული ბურთი ჩვენს სასიკეთოდ უნდა გავათამაშოთ. გაერო-ში ძალიან მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება ძალიან კარგი შანსია, რომ ამ თემაზე მუშაობა ყველა დონეზე გავააქტიუროთ, სადაც კი ხელი მიგვიწვდება, ვისთანაც კი ვმუშაობთ, ვისაც ჭკუა მოეკითხება და შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე“, – დასძინა კვაჭანტირაძემ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ჯონათან ალენმა განაცხადა, რომ რუსეთი აბუჩად იგდებს საერთაშორისო სამართალს, რაც ყველაზე ცხადად მსოფლიომ ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოში დაინახა.