ზვიად კუპრავა - უკან დახევა არ იქნება, რასაც  „ქოცები“ გააკეთებენ, ხუთჯერ მეტს გავუკეთებთ
ზვიად კუპრავა - უკან დახევა არ იქნება, რასაც „ქოცები“ გააკეთებენ, ხუთჯერ მეტს გავუკეთებთ

ნიკა მელია როგორც კი გამოვა ევროკავშირის ოფისიდან, „ქოცები“ როგორც კი დაიშლებიან აქედან, ჩვენც დავიშლებით და წავალთ, – ამის შესახებ ზვიად კუპრავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა კუპრავას ჰკითხა, რატომ მივიდა ის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან.

ამასთან, ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მისცემენ.

„მოვედით, რადგან აქ არის ჩვენი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან. აქ მოვიდნენ „ქართული ოცნების“ ზონდერჯგუფები, ის ჯგუფები, რომლებმაც დმანისში მოაწყვეს ის, რაც მოაწყვეს. უკან დახევა არ იქნება არც ერთი ნაბიჯით. „ქოცების“ ზონდერები კი არა, ვინც არ უნდა იყოს, არავის არ მივცემთ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშუალებას, რასაც ახლა ესენი ევროკავშირის წინ აპირებენ. ნიკა მელია როგორც კი გამოვა ევროკავშირის ოფისიდან, ქოცები როგორც კი დაიშლებიან, აქედან, ჩვენც დავიშლებით და წავალთ. ჩვენ საქმეები გვაქვს, ყველა საარჩევნო შტაბებს წარმოვადგენთ. არავითარი კონტრაქცია, აქ ზონდერებს რომ დაუწყეს მობილიზება, მე არ ვიცი და არავინ არ იცის, რას აპირებენ ისინი. დაიშლებიან, დავიშლებით ჩვენც, რასაც გააკეთებენ ესენი, ხუთჯერ მეტს გავუკეთებთ იქით“, – განაცხადა კუპრავამ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დაწყებამდე ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ. ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, და რაღა დაგიმალოთ, ძალიან თავს ვიკავებ, რომ თქვენთან საუბრის ნაცვლად, ამ ადამიანს ახლა რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. ადამიანი, რომელიც საუბრობს, თითქოს დმანისში პროვოკაცია ჩვენ მოვაწყვეთ, გესმით? ანუ, თურმე სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა ოპოზიციამ თავად, ამ მარაზმს უნდა დაესვას წერტილი“. ამის შემდეგ მელია კობახიძესთან მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.