ზვიად გამსახურდიას შვილების ორგანიზებით მთავარ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს
„დაისაჯოს ზვიად გამსახურდიას მკვლელი“, „არ შეწყდეს გამოძიება“ – ამ მოთხოვნებით მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილების ორგანიზებით იმართება. ისინი ითხოვენ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე ბრალი წარედგინოს გამოძიებისას გამოკვეთილ პირებს.
ცოტნე გამსახურდიას თქმით, გამოძიების დროულად დასრულებაა საჭირო, წინააღდეგ შემთხვევაში, საქმე ხანდაზმულობიდან გამომდინარე, დაიხურება.
„ამ დრომდე, პროკურატურიდან არანაირი სერიოზული გამოხმაურება არ ყოფილა. არანაირი მოლოდინიც არ მაქვს. მყისიერად აღსრულება რომ სურდეთ, ამ საქმეს გამოიძიებდნენ“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს.
ხუთი დღეა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის საზოგადოებრივი მისაღების შენობაში შიმშილობენ. მათ პროკურატურამ შიმშილობის პირველ დღეს შეხვედრა შესთავაზა, რაზეც გამსახურდიებმა უარი თქვეს. ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.