ზვიად გამსახურდიას ოჯახი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
ზვიად გამსახურდიას ოჯახი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს, დროულად გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის ბათილობას ეხება, რომლითაც აკრძალულია დაზარალებული მხარისთვის საქმის მასალების გადაცემა.

მისი განმარტებით, საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალების გადაცემაზე პროკურატურის უარიდან გამომდინარე, 2019 წლის 28 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სარჩელი „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

„დასახელებულ საქმეზე სადავო ნორმის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ჩვენი, როგორც მოსარჩელე მხარის, მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება, თუ ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს. საქმე განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2019 წლის 28 მარტს, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოცხადებული“, – აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

გიგუაშვილის განცხადებით, იმ შემადგენლობიდან, რომელმაც 2019 წლის მარტში მათი სარჩელი განიხილა, დღეს ორი მოსამართლე კოლეგიაში აღარ არის.  შესაბამისად, გაუგებარია, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, ვინაიდან დღემდე რაიმე სახის ინფორმაცია მოსარჩელისთვის ოფიციალურად ცნობილი არ არის.

დღევანდელ ბრიფინგზე ადვოკატმა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ცოტნე გამსახურდია ამჟამად გერმანიაში, ჰაიდელბერგის კლინიკაში მკურნალობს. მას ყველაფერი ახსოვს, თუმცა ამ ეტაპზე, საუბარი არ შეუძლია, ამ ფაზაზე არ არის პრობლემა, ის აბსოლუტურად საღად რეაგირებს ყველა კომუნიკაციაზე. აქვს გარკვეული რეფლექსური პრობლემები, რაც იმის ბრალია, რომ დიდი ხნის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო, არის აბსოლუტურად ადეკვატური ყველაფერზე, მასთან მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფება მისი მეუღლე ანა ჯაბაური. იმედი გვაქვს, რომ ცოტნე გამსახურდია ძალიან მალე შეძლებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს, როგორც სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ადვოკატმა.