ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდის მიზნით, პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით მიიღებს
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდის მიზნით, პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით მიიღებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 31 დეკემბერს იწურება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა. ჩვენ გავითვალისწინეთ ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს.
კანონს პარლამენტი მიიღებს მომდევნო კვირის ბოლომდე, დაჩქარებული წესით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გუშინ მიმართა, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.
ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.