ზვიად გაბისონია - ქართველი მეცნიერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ კოლეგებს ისტორიის კვლევის ერთობლივ პლატფორმას სთავაზობენ
ახალი წლიდან პანევროპული სამეცნიერო ორგანიზაციის „ეურაქსესის“ [EURAXESS] ფარგლებში, რომლის წევრიც საქართველო წელს გახდა, შეიქმნება სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმა, სადაც მონაწილეობის მიღება აფხაზ მეცნიერებს აფხაზურ ენაზეც შეეძლებათ. ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.
გადაცემაში რუსთაველის ფონდის მიერ წელს გამოცხადებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი (ე.წ. CARYS) განიხილეს, რომელიც მსოფლიო ბანკის სამი მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ბიუჯეტით დაფინანსდება. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რას გულისხმობს რუსთაველის ფონდის კიდევ ორი მიმდინარე სამეცნიერო პროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა სოფლებში ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ არის მიმართული.
რუსთაველის ფონდის დირექტორის განმარტებით, დასახელებული პროექტები მიზნად ისახავს, პასუხი გასცეს მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ საქართველოს ისტორიის გაყალბებულ ვერსიას.
„გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტმა აბსოლუტურად აბსურდული ისტორია შექმნა და ამას სახელმწიფოსგან პასუხი სჭირდება. ეს პასუხი მეცნიერებისაგან უნდა მიიღოს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მიზნობრივი კვლევა დაგვეფინანსებინა. ერთია ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი კვლევითი პროექტი, მეორე – საზღვრისპირა რეგიონების. ვამზადებთ კიდევ მესამე პროექტს კავკასიოლოგიის კვლევის მიმართულებით. რუსთაველის ფონდს დღემდე არ ჰქონია მიზნობრივი კვლევითი პროექტის დაფინანსების მოდელი. შესაბამისად, ჩვენ პრაქტიკულად პირველი პრეცედენტი შევქმენით, რითაც გვსურს რეალური ისტორია შევქმნათ და ვებრძოლოთ გაყალბებულ ისტორიას“, – განმარტა ზვიად გაბისონიამ.
რუსთაველის ფონდის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროექტები წელს რეალურად სატესტო რეჟიმშია და დიდი ალბათობით, მსგავსი პროექტები მომავალში რეგულარულად განხორციელდება.
„ეს არ უნდა ემსახურებოდეს ერთი კონკრეტული ამოცანის გადაჭრას – ამით არ უნდა დავასრულოთ. ეს რეგულარული პროცესი იქნება. მომავალ წელსაც გამოვაცხადებთ. უფრო მეტიც, მომავალ წელს ბიუჯეტის გაზრდასაც ვგეგმავთ. მაგალითად, წელს ოკუპირებული ტერიტორიების პროექტის ნაწილში ბიუჯეტი 230 000 ლარია და ორ კომპონენტად გავყავით: ერთი სუფთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტია და მეორე კომპონენტი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის დაფინანსება გახლავთ. ანალოგიური პრინციპია საზღვრისპირა რეგიონების პროექტშიც, მაგრამ იქ ბიუჯეტი 100 000 ლარია. მომავალი წლისთვის გაორმაგებას ვგეგმავთ. წელს პირველი მცდელობაა და ტესტირების რეჟიმშია. არ გვინდოდა, ბიუჯეტი იმდენი გამოგვეყო, რომ ვერ აგვეთვისებინა ან სამეცნიერო შედეგზე ვერ გავსულიყავით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო შედეგი გვქონდეს, მათ შორის აფხაზი მეცნიერების ჩართულობითაც. თუ შესაბამისი წინაპირობები არ იქნა, „ვიკიპედიაში“ სწორ ინფორმაციას ვერ მივიღებთ. ამიტომ თუ ჩვენი პროექტი წარმატებული გამოდგა, „ვიკიპედიაში“ და არა მხოლოდ იქ, ინფორმაცია სწორი მიმართულებით განვითარდება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
მისი ინფორმაციით, ახალი წლიდან პანევროპული სამეცნიერო ორგანიზაციის „ეურაქსესის“ ფარგლებში, რომლის 41-ე წვერიც საქართველო წელს გახდა, შეიქმნება პლატფორმა, სადაც მონაწილეობის მიღება აფხაზ კოლეგებსაც შეეძლებათ.
„დიდი სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი წლიდან, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზურ ენაზეც გვექნება შესაბამისი პლატფორმა და ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს მეგობრებს კვლევითი პროექტების ერთობლივი დაფინანსების მოდელში ვთავაზობთ შესვლას, მათ შორის აფხაზურ ენაზეც“, – განმარტა ზვიად გაბისონიამ.
თუმცა, რუსთაველის ფონდის დირექტორმა აღნიშნა, რომ არსებულ პლატფორმაზე მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს ეგიდით არის შესაძლებელი.
„აფხაზეთი ევროკავშირის არც ერთი წევრის მიერ არ არის აღიარებული. მით უმეტეს, მეცნიერების მიერ. შესაბამისად, აფხაზი მეცნიერები საქართველოს შემადგენელ ნაწილად განიხილებიან. ჩვენ აქ ვსაუბრობთ აფხაზურ ენაზე მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ, იურისდიქციული პრინციპის მიხედვით. სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ ჩვენმა აფხაზმა კოლეგებმა ევროკავშირის საგრანტო პროექტებში მონაწილეობა მიიღონ“, – დააზუსტა ზვიად გაბისონიამ.