ზვიად ძიძიგური - ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავანეიტრალოთ რუსეთის მცოცავი აგრესია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავანეიტრალოთ რუსეთის ასეთი ტიპის მცოცავი აგრესია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ სოფელ გუგუტიანთკართან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
„სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმარება ამ ოჯახებს, რადგან ოკუპაცია არის ჩვენი ტკივილი და მუდმივი ზრუნვის სფერო. სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს, მაგრამ ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავანეიტრალოთ რუსეთის ასეთი ტიპის მცოცავი აგრესია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებაში. რაც შეეხება მოქალაქეებზე ზრუნვას, ეს ჩვენი ხელისუფლების ვალია და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებენ და წარმოგვიდგენენ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი. ამასთან, დღეს და გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ადგილზე სამუშაოები არ განუახლებიათ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.