ზვიად ძიძიგური - საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტო, ეს რადიკალური გადაწყვეტილებაა
ზვიად ძიძიგური - საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტო, ეს რადიკალური გადაწყვეტილებაა

სამართლებრივ ნაწილზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც ხვალ მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტო, ეს რადიკალური გადაწყვეტილებაა. ამას თავისი სამართლებრივი და პოლიტიკური განზომილება აქვს. პროკურატურის მომართვაში წერია, რომ 20 და 21 ივნისის ღამეს, როცა პარლამენტზე შტურმი განხორციელდა და ეს რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ამას ორგანიზატორი ჰყავდა და ერთ-ერთი ასეთი ორგანიზატორი ჩვენი კოლეგა, ბატონი ნიკა მელია იყო. პროკურატურა პარლამენტისგან დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს, რათა შემდეგ მისი დაკავება შეძლოს. პარლამენტში ხვალ იქნება კომიტეტის სხდომა, სადაც მომხსენებელი პროკურატურიდან იქნება. ჩვენ მოვისმენთ სამართლებრივ არგუმენტებს, თუ რაში ედება ბრალი ჩვენს კოლეგას; სამართლებრივ ნაწილზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც ხვალ მიიღებს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, იმ ფაქტმა, როდესაც რუსი დეპუტატი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა, მოსახლეობაში, ახალგაზრდობაში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ მმართველმა გუნდმა ამის პოლიტიკური საფასური პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით გადაიხადა. 

ძიძიგურმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც ოპოზიცია აცხადებს, გიორგი გახარია უნდა გადადგეს, რადგან ძალის გამოყენების დროს ხალხი დაზიანდა, მაგრამ ხალხის დაზიანებამდე ამ ყველაფერს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პერიოდი უძღოდა წინ, როდესაც პოლიციელებზე პირდაპირი თავდასხმა მიდიოდა.

„ოცდაათამდე პოლიციელი აგრესიულად განწყობილმა ახალგაზრდებმა გაიტაცეს და შემდეგ, სცემეს. ოთხმოცამდე პოლიციელია დაშავებული და ჯამში, 240-მდე ადამიანი, რაც საშინლად დიდი ციფრია. საქართველოში გვახსოვს დარბევები და დაშავებულთა ასეთი რაოდენობა არსად არ ყოფილა, მაგრამ პოლიცია იძულებული გახდა, სამი საათის შემდეგ ძალა გამოეყენებინა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია იქ სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს აკეთებდა და არა საკუთარ საქმეს.

„ერთი წუთით უნდა წარმოვიდგინოთ, ეს ახალგაზრდები პარლამენტში რომ შეჭრილიყვნენ, რა მოხდებოდა. გიორგი გახარია სახელმწიფო სტრუქტურების დაცვას ახორციელებდა და დიდი ხნის განმავლობაში ჭიდაობისა და პოლიციელების ცემის შემდეგ სიტუაცია უბრალოდ, კონტროლიდან გამოვიდა. რა თქმა უნდა, ძალის გადამეტებას ადგილი ჰქონდა. აბა, ეს ადამიანები ისე როგორ დაშავდებოდნენ, მაგრამ ამისთვის ათ პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება და გამოძიება დაწყებულია. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ პოლიციელებზე არ არის გამოძიება. გამოძიება აუცილებლად იქნება იმ ადამიანებზე, ვინც პოლიციელებს ფიზიკურად ეხებოდა და მათზე ძალადობდა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო და ქვეყნის ფეხზე დაყენება გვინდა, ყველა უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს.