ზვიად ძიძიგური სალომე სამადაშვილს მიმართავს - ახლა თქვენ სააკაშვილის პუდელი რომ დაგიძახოთ, ეს მოგეწონებათ?
გთხოვთ, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე ნუ გადავდივართ, პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება, ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაცა ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რაღაც ტიპის ვალდებულებების დაცვა ყველა დეპუტატის მოვალეობაა.
„ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, ეს მოგეწონებათ? შეიძლება ასეთი მიმართვა კოლეგასთან? მე მინდა, ასევე სხვა კოლეგებსაც გითხრათ, რაღაცა ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ. ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, როცა სასამართლო სისტემაზე საუბრობს ვინმე, აუცილებელია წარსულის გახსენება.
ძიძიგურის განცხადებით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ყველა მოსამართლე გაყარა სასამართლოდან სხვადასხვა მანიპულაციით.
„მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურა დაცალა, შინაგან საქმეთა სამინისტროც დააცარიელა, თვითმმართველობებიდან არც ერთი გამგებელი არ დარჩენილა თავის პოსტზე. ჩვენ ვიყავით ალტერნატივის წინაშე, იგივე უნდა გაგვეკეთებინა როცა მოვედით ხელისუფლებაში, 2012-ში? ანუ მიშა ორი უნდა გაგვეკეთებინა? რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვეკეთებინა და მაშინ უვადო მოსამართლეების დანიშვნაზე მიღებული გადაწყვეტილება დღესაც მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს თვითმყოფადობა გამოხატულია კულტურაში, ცეკვაში, სიმღერაში და ეროვნულ ატრიბუტიკაში, ჩაცმულობაში, ღვინოსა და ეკლესიაში.
„ჩვენი კულტურა ეს არის ქრისტიანული კულტურა და ჩვენი კულტურის სათავეში სწორედ ქრისტიანული ღირებულებები დგას. ჩვენთვის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, შეურაცხმყოფელია, როდესაც თემას, რომელიც ქართულ ცეკვას, ჩოხას უკავშირდება, აკავშირებენ ჰომოსექსუალისტების ცხოვრებასთან. როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება, ამას ვამბობ პირდაპირ, ამას ვამბობ „კონსერვატორების“ სახელით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამას იზიარებს. დღესაც ჩემ თვალწინ არის კადრები, როდესაც ტელეკამერების წინ დაღვარეს ქართული ღვინო და მთელი საქართველოს მოსახლეობა ამას უყურებდა. დაღვრას ვინ დაეძებს, როდესაც ბატონმა გვარამიამ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი მოისაქმა ამ ჩვენს ღვინოში და ზედ ბორჯომიც მიაყოლა, რადგან პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მისთვის ასეთი იყო მაშინ, ჩვენ ესეც კარგად ვნახეთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.