ზვიად ძიძიგური - საკმარისია, მიხეილ სააკაშვილმა ბერკეტი ჩაიგდოს ხელში, მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია-ბაქრაძე ვერ გააჩერებს, ვიცი, როგორი ვამპირული დამოკიდებულება აქვს ძალაუფლებასთან
ყოველთვის, როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება გაქვს, შემდეგ გიზიდავს ცდუნება, ეს ძალაუფლება იმაზე მეტად გამოიყენო, ვიდრე ამის ნება გაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საჭიროა, მოხდეს პოლიტიკური ველის დივერსიფიცირება.
„თუ პოლიტიკურ მინდორზე მუდმივად ერთი და იგივე ვითარება იქნება, ჯერ ერთი, სხვა პოლიტიკური პარტიები ვერ განვითარდებიან და თუ სხვა პოლიტიკური პარტიები ვერ განვითარდებიან, დაივიწყე პოლიტიკური კულტურა, ეკონომიკის განვითარება, პასუხისმგებლიანი პარტიები, და ა.შ. ასე დემოკრატიული ინსტიტუტებიც ვერ ჩამოყალიბდება, გამორიცხული ამბავია. იმიტომ, რომ ყოველთვის, როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება გაქვს, შემდეგ გიზიდავს ცდუნება, ეს ძალაუფლება იმაზე მეტად გამოიყენო, ვიდრე ამის ნება გაქვს და ასეთი ტიპის ნიშნებს უკვე ვხედავთ. როდესაც ბევრი პოლიტიკური მოთამაშეა, ამისგან დაზღვეული ხარ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ორი პოლუსია – ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილი.
„არის ასეთი პარტია „ევროპული საქართველო“, რომელშიც ბოკერია, უგულავა და სხვები არიან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკმარისია, ამ ორპოლუსიანი არჩევნების შედეგად ბერკეტი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდოს ხელში და მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია-ბაქრაძე ვერ გააჩერებს. მე ვიცი, როგორი ტიპის ვამპირული დამოკიდებულება აქვს მას ძალაუფლებასთან“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.