ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნით, ბიძინა ივანიშვილმა რეპუტაციული ზიანი მიიღო
დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნით, ყველაზე მეტი ზიანი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიადგა.
ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ არ აპირებს მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას და სხვის ნაცვლად თავის მართლებას.
მისი თქმით, პარლამენტი ძლიერი წარმომადგენლობითი ორგანოა და ყველა დეპუტატი თანასწორია.
„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სივრცეში საქმიანობს დეპუტატი. ყველა დეპუტატი თანასწორია. ყველა დეპუტატის უკან ხალხი დგას, რომელმაც აირჩია. ამიტომაც არის პარლამენტი ძლიერი და მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითი ორგანო. ახლა ამ ოთახიდან რომ გავალ და სხვა ოთახში გადავჯდები, არც პოლიტიკური და არც ემოციური თვალსაზრისით ეს არაფრის მატარებელი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ისევ დაიძაბა და ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. გადაწყვეტილება უმრავლესობიდან გასვლის შესახებ სწორედ იმიტომ მივიღე, რომ არ ვაპირებ თავის მართლებას. თავის სამართლებელი არაფერი გამიკეთებია ჩემი ცხოვრების განმავლობაში და არც ახლა ვაპირებ სხვის ნაცვლად ეს გავაკეთო. რვა წელი ხელისუფლებაში ვიყავი, ეს ჩემთვის სულერთი არ არის. ისეთი ალტერნატივის წინაშე დავდექით, რომ რასაც ექვსი თვე ვპირდებოდით მოსახლეობას, საერთაშორისო პარტნიორებს, არ განხორციელდა. არ ვაპირებ, პასუხისმგებლობა ავიღო იმაზე, რაც მოხდა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას შესთავაზა ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტია ვერ გააკონტროლა.
ძიძიგური მიიჩნევს, რომ ამით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რეპუტაცია დაზიანდა.
„ოფიციალური ვერსია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას შესთავაზა, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისივე პარტია ვერ გააკონტროლა. შესაძლოა ვინმემ დაიჯეროს, ვინმემ არა. ყველაზე მეტი ზიანი, ვინც მიიღო ამ გადაწყვეტილებიდან, ბიძინა ივანიშვილია. მან მიიღო რეპუტაციული ზიანი. მეგონა, რომ ეს ჩაბეტონებული თემა არ შეიცვლებოდა, მაგრამ ნამსხვრევებად იქცა. ასეთი პოლიტიკური თამაშის მომხრე არ ვარ. ეს ისეთი შეთავაზებაა, რაც ჩემთვის მიუღებელია“, – აცხადებს დეპუტატი.
ძიძიგურის განმარტებით, როცა თავისუფალი კენჭისყრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მისთვის ნათელი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდებოდა.
„როცა თავისუფალ კენჭისყრაზე უმრავლესობიდან ინფორმაცია მოვიდა, ჩემთვის საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაგდებული თემა იყო. გულუბრყვილო უნდა იყო, იფიქრო, რომ როცა იცი, 73 მაჟორიტარი საკითხს არ უჭერს მხარს, ეს კენჭისყრაზე გავა. სწორედ ამიტომ, პირველი და მთავარი დარტყმის ქვეშ ბიძინა ივანიშვილი დადგა. როცა ორი ადამიანიდან ერთი მეორეს ატყუებს და მოტყუებული ეუბნება, რატომ მომატყუეო, მას აქვს ფსიქოლოგიური და მორალური უპირატესობა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.