ზვიად დევდარიანი - მზად ვიყავი, ნებისმიერი უფლებამოსილი მხარის შემოთავაზება განმეხილა, თუმცა სახალხო დამცველის მიერ წარდგენა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ წარდგენა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვიღებდი კონკურსში მონაწილეობას, მზად ვიყავი, ნებისმიერი უფლებამოსილი მხარის შემოთავაზება განმეხილა წარდგენაზე, თუმცა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, დამატებითი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ წარდგენა სწორედ სახალხო დამცველის მხრიდან მოხდა“, – განაცხადა დევდარიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იქნებოდა, რადგან პრეტენდენტებს შორის რამდენიმე ძალიან ძლიერი და ღირსეული კანდიდატია, ვისაც წვლილი მიუძღვის საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სხვა უფლებამოსილი მხარეები საკუთარი გადაწყვეტილების მიღების დროს ამ კრიტერიუმებს ნამდვილად მიიღებენ მხედველობაში, ისევე, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მხრიდან წარმოდგენილ კონცეფციებს და გასაუბრების შედეგებს“, – განაცხადა დევდარიანმა.
ამასთან, მისი შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში სერიოზული გამოწვევებია.
„აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევებია საზოგადოებრივ მაუწყებელში და ალბათ, მთავარი რის გაკეთებასაც შევეცდები, დამტკიცების შემთხევაში, ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს გულისხმობს, გაძლიერდეს კავშირები სამეურვეო საბჭოსა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის, მათ შორის ვგულისხმობ უმცირესობებს, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, ქალთა მოძრაობის ჯგუფებს, ყველა იმ ჯგუფს, ვინც დაინტერესებულია და ვინც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი და ვისი პოზიციებიც, ხედვებიც უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების და ბიუჯეტის ფორმირების დროს“, – განაცხადა დევდარიანმა.
მისი შეფასებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ სახით დაკომპლექტება, რომ ცვლილებები იყოს რეალური და ასევე, რეალური იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების შესაძლებლობა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი დაასახელა.
ზვიად დევდარიანი ერთ-ერთია იმ 12 კანდიდატს შორის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.
საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიოს.