ზვიად დევდარიანი - მე გამოვდივარ ფეიუსბუქსასამართლოს წინააღმდეგ და მზად ვარ, ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში
არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანმა მზად არის, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, შსს-სთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან ითანამშრომლოს.
ზვიად დევდარიანმა დღეს ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირა მის ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე.
„ეს იყო მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის, ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ. ბოდიშს ვუხდი მათ ამისთვის. ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას, მზად ვარ, ვითანამშრომლო შსს-სთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან და ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში. ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი მიზანია, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ იმ ფეისბუქსასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან. სინამდვილეში რა იყო, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება, კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც მე დავიწყე არა საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების პატივის, ღირსების, რეპუტაციის გადასარჩენად” , – აღნიშნა დევდარიანმა.
ზვიად დევდარიანმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მის გვერდით იდგა და მხარდაჭერას გამოხატავდა.
„ეს იყო რთულ პერიდოში უმნიშვნელოვანესი, ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი მარტო და ეს ამ სამართლებრივ პროცესში იქნება მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დევდარიანმა.
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.
ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.