ზვიად დევდარიანი - ჩემ შემთხვევაში ერთ ჯამში ჩაიყარა მიმოწერა, ინტიმური მიმოწერა, ურთიერთობები, შევიწროება, ძალადობა და ყველაფერს ერთად ძალადობა დაერქვა
ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობენ ქალები, რომლებიც ჩემზე სხვადასხვა მიზეზის გამო არიან გაბრაზებული, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში მქონია შემთხვევები, როცა ვიღაცასთან შემშლია და გაანალიზების შემდეგ მისთვის ბოდიშიც მომიხდია. არ გამოვრიცხავ, სუფთა ადამიანურად, ცალკეულ შემთხვევებში რაღაც შეცდომები მომსვლოდა, თუმცა ამას შევიწროებასა და ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა დევდარიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა მის ქმედებებსა თუ საუბარში ისეთი ელემენტები, რომლებიც მეორე მხარეს, შესაძლოა, ძალადობად აღექვა, ზვიად დევდარიანმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტულმა უწყებებმა და ინსტიტუციებმა იმოქმედონ, ხოლო მან თავისი სიმართლის დამტკიცება შეძლოს.
„ჯერჯერობით აბზაცებსა და ციტატებს ვხედავ, სადაც რაღაც ისტორიები წერია. ერთ–ერთ ისტორიას, რომელიც აღვიდგინე, ვუპასუხე კიდეც, სადაც ნათლად ვაჩვენებდი, როგორ იყო წარმოდგენილი ეს ისტორია და რა იყო რეალურად. სხვა ისტორიების ნაწილის აღდგენას საერთოდ ვერ ვახერხებ, ამიტომ ჩემთვის ძალიან რთულია იმის მტკიცება, ეს ისტორიები რეალურია, თუ არარეალური, ასე იყო, თუ სხვაგვარად“, – განაცხადა დევდარიანმა.
მისი თქმით, შევიწროება და ძალადობა ძალიან მნიშვნელოვანი, მტკივნეული თემაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ბოლომდე არ გაუაზრებია და რაღაც თემებზე კონსენსუსი და სამართლებრივი რეგულირება არ არსებობს.
„შევიწროებისა და ძალადობის ფენომენთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს, ამიტომ უცებ შავრაზმელი ვერ გავხდები და ამ თემებზე ცინიკურად ან აგდებულად არ და ვერ ვისაუბრებ. ჩემი მაგალითი ფაქტობრივად, ამ საკითხზე ცოცხლად მსჯელობის კიდევ ერთი შესაძლებლობა გახდა მხოლოდ იმ პირობებში, რომ მოხდა ჩემი ბრალდება და დაიწყო დისკუსია, რა ზღვარი არსებობს ფლირტსა და მიმოწერას, შევიწროებასა და ძალადობას შორის. ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ ჯამში ჩაიყარა მიმოწერა, ინტიმური მიმოწერა, ურთიერთობები, შევიწროება, ძალადობა და ყველაფერს ერთად ძალადობა დაერქვა“, – განაცხადა დევდარიანმა.
როგორც დევდარიანმა აღნიშნა, ეს იმის მაგალითია, რომ საზოგადოება შეთანხმებული არ არის, სად გადის ზღვარი.
„ის ადამიანები, რომლებიც თავის ისტორიებს ყვებიან, შესაძლოა, ვიღაცამ დაარწმუნა, რომ მისი ამბავი ნამდვილად შევიწროებაა, მაგრამ შესაძლოა, თავისი შინაარსით ეს შევიწროება სულაც არ არის, რადგან ამას კანონი არ ამბობს და საზოგადოებაში ამ თემაზე რაღაც ტიპის კონსენსუსი არ არსებობს“, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.