ზვიად დევდარიანი 8 ივნისს ქალთა მოძრაობის წარმომადგენლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა.
შეხვედრაზე ქალთა მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე იმსჯელეს, რომელებიც დევდარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ოთხი ქალის განცხადება შსს-ს გარდა სახალხო დამცველის აპარატშიც მოხვდა, რის გამოც, ნინო ლომჯარიამ, სიდა-ს ყოფილი დირექტორი გამოკითხა.
მოსარჩელე ქალების განცხადებებს დევდარიანი უსაფუძვლო ჭორაობას უწოდებს. დევდარიანს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საკუთარი კანდიდატის გაყვანით დაინტერესებულმა პირებმა დაგეგმეს.
„ის, რაც დღეს ჩვენ აქ ვნახეთ, ის ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცა, რეალურად არის ჭორაობა, რაც გამოქვეყნდა მედიაში, მხოლოდ ეს არის მოცემული. ძალიან სამწუხაროა, რომ რასაც ვკითხულობდი ამ განცხადებებში, კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმაზე, რასაც სულ ვუსვამდი ხაზს, რომ ეს იყო ძალიან სამწუხარო შეცდომა ამ კამპანიის და ეს იყო ძალიან ბინძური კამპანია, რომელსაც ერთადერთი ამოცანა ჰქონდა – ჩემი საქმიანი რეპუტაციის განადგურება მომხდარიყო და ამის შესახებ ღიად საუბრობდნენ ის ქალები, რომლებიც ამ კამპანიას უწევდნენ ორგანიზებას“, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
ზვიად დევდარიანი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სამართლებრივი მეთოდებით აპირებს. ის 8 ივნისს, საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. სარჩელი 10-მდე პირის წინააღმდეგ მომზადდა, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომამ პირთა წრე გაფართოვდეს.
დღესვე დევდარიანმა და მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ შსს გამოძების დაჩქარების მოთხოვნით, ხოლო ომბუდსმენს საკუთარი დასკვნის დროული გასაჯაროების მოთხოვნით მიმართეს.
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა. ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.