ზვიად ჭუმბურიძე - გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გზით დავაახლოვოთ
ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გზით დავაახლოვოთ, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ამ კუთხით საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მიუხედავად დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობისა, ამ ორ ქვეყანას ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ურთიერთობის პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ აქვთ ათვისებული.
„ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ კასპიის ზღვის აუზისა და შავი ზღვის აუზის წევრი ქვეყნები საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გზით დავაახლოვოთ ერთმანეთთან. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ორი ქვეყნის თანამშრომლობ უნიკალურიაა რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის არის დეკლარირებული, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მე მაინც ვისურვებდი, რომ უფრო მეტი აქტივობა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენმა საბჭომ 5 მარტს ჩაატარა ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი, რომელსაც დახლოებით 40 კომპანია დაესწრო ამ ვირუსის ფონზეც კი. ორი დელეგაცია იყო აზერბაიჯანიდან. ერთი გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია „კასპიის ევროპული კლუბი“, რომლის საპატიო თავმჯდომარეც არის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და „აზპრომოს“ [აზერბაიჯანის ინვესტიციებისა და ექსპორტის ფონდი] წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციით წარდგა ბიზნეს-წრეების წინაშე. ჩვენი მხარეც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე და აზერბაიჯანის ელჩი. რაც მთავარია, გენერალური პარტნიორები იყვნენ „ბიპი“, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი მოთამაშეა, „სოკარი“ რომელიც უდიდესი ენერგო-მოთამაშეა და „პაშა ბანკი“, რომელიც დიდი პროექტებით არის გამოირჩეული“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
მისი განმარტებით, 5 მარტს ჩატარებული ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი მუდმივმოქმედი იქნება და ყოველ წელს მონაცვლეობით ჩატარდება თბილისსა და ბაქოში. მიმდინარეობს მუშაობა თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს სამმხრივ ფორმატზეც, რომელიც სავარაუდოდ, ასევე მუდმივმოქმედი იქნება და რიგ-რიგობით ჩატარდება, სტამბოლში, ბაქოსა და თბილისში ან ბათუმში. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის მოსაზრებით, აღნიშნული თანამშრომლობა რეგიონში ევროპასთან დაახლოებას ემსახურება.