ზვიად ჭუმბურიძე - ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდება მუდმივი რეფორმები და რეფორმაზე ორიენტირებული მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, მთელი გუნდი
ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდება მუდმივი რეფორმები და რეფორმაზე ორიენტირებული მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, მთელი გუნდი, – განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„სხვანაირად არაფერი არ გამოვა, პირდაპირ გეტყვით. რეზოლუცია ძალიან კარგია და ეს არის მისასალმებელი. დეპუტატების რაოდენობა ცოტა მეტი რომ ყოფილიყო, 140-145, უფრო კარგი იქნებოდა. ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ერთია რეზოლუციის მიღება და მეორეა ქმედება“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მომლაპარაკებლის ფორმატი და ყოფილიყო უმაღლესი სახელმწიფო პირი, ვინც ამ ურთულეს პერიოდში მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ფუნქცია აქვს. ეს არის უზარმაზარი ფუნქცია, რომელიც მან უნდა შეასრულოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ფუნქცია პრეზიდენტს უნდა შეესრულებინა. ეს იქნებოდა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. იმიტომ, რომ ის, როგორც ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ევროპული ტიპის მომლაპარაკებელი, ამას ძალიან კარგად გაართმევდა თავს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ დიპლომატიური კაზუსი. საზოგადოებამ ეს უნდა ვთქვათ. შეიძლება, ჩვენ ამ პროცესში არ ჩავერთოთ და პირდაპირ გეტყვით, ვერც ჩავერთვებით. ჩვენ არავინ დაგვიძახებს, რაც გარანტირებულია, თუ შევხედავთ, პროცესი როგორ მიდის, მაგრამ მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტზე რომ სარჩელი შეიტანა, მე, როგორც დიპლომატს, მაქვს ერთი კითხვა – ვინ ზღუდავს საქართველოს პრეზიდენტს, რომ შეხვდეს ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის პრეზიდენტს, მაკრონს? ჩემთვის ის არგუმენტი აბსოლუტურად მიუღებელია, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობაა და პრეზიდენტი ადგილზე უნდა იყოს. მე რომ მკითხოთ, სხვა უწყებები უნდა იყვნენ უფრო მობილიზებული და ადგილზე. პრეზიდენტს აქვს უფლება, ორი დღე წავიდეს და შეხვდეს პრეზიდენტი ქვეყნის პრეზიდენტს, მაკრონს. თუ ყველაფერს ასე ჩავეძიეთ, კანდიდატობის მაგივრად შეიძლება, სხვა კანდიდატობა მივიღოთ, პირდაპირ გეუბნებით“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ თუ გვინდა, დემოკრატიული სახელმწიფო შევქმნათ, ამისთვის გონივრულად და პროფესიულად მომზადებული უნდა ვიყოთ.
„ამასთან, საჭიროა რეფორმატორების გუნდი. გადარჩენის ერთადერთი შანსი ეს არის. საზოგადოებას იმედი არ უნდა ჩაუკლა. ჩვენ კანდიდატობას მივიღებთ, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მერე იწყება ყველაზე რთული პროცესი. მერე მოდის არჩევნები და ასე ვთქვათ, ტესტშემოწმების კასკადი, რომ შესრულდეს ის, რასაც ევროკავშირი შენგან ელოდება“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.