ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფელ ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.