ზურაბ ჯაფარიძე - ვაპირებ, ინდივიდუალურად მივმართო პარლამენტს, რომ მანდატზე უარს ვამბობ
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მანდატზე უარის თქმას აპირებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „გირჩის“ თავმჯდომარე არის იაგო ხვიჩია, ჯერ სწორედ მან უნდა დაწეროს ცესკო-ში განცხადება სიის ჩახსნის შესახებ.
ჯაფარიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ იაგო ხვიჩია შესაბამის განცხადებას არ დაწერს, მას მოუწევს ინდივიდუალურად აღნიშნული განცხადების დაწერა, რის შემდეგაც პროცედურა რთულდება.
„ვაპირებ, ინდივიდუალურად მივმართო პარლამენტს, რომ მანდატზე ვამბობს უარს, უბრალოდ აქ პრობლემა მაქვს ის, რომ ფორმალურად ძველი „გირჩის“ თავმჯდომარე ისევ არის იაგო ხვიჩია, მან უნდა დაწეროს ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება, რომ ხსნის პარტიულ სიას და ამის შემდეგ უნდა დავწერო ინდივიდუალურად მე განცხადება. ამდენი დღეა ველოდები, იმედია, მალე დაწერს, თუ არ დაწერს, მერე მე დავწერ განცხადებას, თუმცა ვიცი, რომ შემდეგ პროცედურაც რთულდება. მათი პოზიცია იყო, რომ ხედავდნენ შანსს, საქართველოს პარლამენტში შეკრებილიყო 113 დეპუტატი, ამ შემთხვევაში, ისინი აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, ეს იყო საჯარო პოზიცია, ახლა არ ვიცი რა ხდება. არ მგონია, რომ ეს მოლაპარაკებები კონკრეტულად მაგაზე იყოს დამოკიდებული. ეს მოლაპარაკებები არის იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და შეიძლება რაღაც შეთანხმება მოხდეს. მაინდამაინც მაგის ნაწილი არ იყო მანდატებზე უარის თქმა და პარლამენტში შესვლა. ჯერ ჩანიშნული არ არის მეხუთე რაუნდი. როდესაც ჩაინიშნება იქიდან რა შედეგი დადგება, რთულია პროგნოზი“, – განაცხდა ზურა ჯაფარიძემ.