ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით დღეს გაასაჩივრებენ
სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით დღეს გაასაჩივრებენ.
ადვოკატების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.
„გავასაჩივრებთ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იყო, ფაქტობრივად მოსამართლე პროკურორს დაეხმარა დასაბუთებაში. პროკურორს არ უხსენებია ისეთი ფაქტები, რაც მოსამართლემ შემდეგ განჩინებაში ჩაგვიწერა. მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს, შეცვლის და ჩაგვინაცვლებს ჩვენ მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებით ან საერთოდ მის გარეშე დატოვებს. პროკურატურას არ უხსენებია, რომ კონფლიქტი არ იყო დასრულებული, შესაძლოა, გაგრძელებულიყო და მოსამართლემ განჩინებაში ჩაგვიწერა, არადა კანონში წერია, რომ პროკურატურა არის ვალდებული, მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა დაასაბუთოს.
ალტერნატივის სახით, ჩვენ სასამართლოს ვთავაზობთ სამ ვარიანტს, ერთი რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს, მაგრამ თუ მაინც ჩათვლის, რომ უნდა იყოს აღკვეთი, მაშინ 50 000-ლარიანი გირაო ან პირადი თავდებობა. პროკურატურის განაცხადი, რომ გამოირიცხა აუცილებელი მოგერიება, მაშინ როცა საქმე სრულად არ აქვთ გამოძიებული, ეს უკვე არაპროფესიონალიზმზე ან უპასუხიმგებლობაზე მეტყველებს. სრულყოფილად არ არის გამოძიება ჩატარებული და ამბობენ, რომ აუცილებელი მოგერიება გამოირიცხა“, – განაცხადა ადვოკატმა კახაბერ ცნობილაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.
„ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.