ზურაბ წერეთლის მუზეუმი ხელოვან მაია ჯიმშელეიშვილის გამოფენას უმასპინძლებს
მონაკოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ფავორიტი ხელოვანის, მაია ჯიმშელეიშვილის გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილი ექსპოზიციების შემდეგ საქართველოში გაიმართება.
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მაია ჯიმშელეიშვილის გამოფენას სახელწოდებით ,,ვოიაჟი“ (Voyage) უმასპინძლებს.
ავტორის მიერ წარმოდგენილი 40-მდე ტილო მხატვრის შინაგანი მოგზაურობის დინამიური პროცესის ილუსტრაციაა: ხშირად განმეორებული ქალის გამოსახულება თვითშემეცნების ნიუანსებითაა აღბეჭდილი და ავტორის შინაგან პოტრეტს ეხმიანება. სიღრმისუელი შემოქმედებითი ძიებები სიმბოლოებით დატვირთულ გამოსახულებებად იქცევა, აბსტრაქტული პეიზაჟები კი ემოციურ მდგომარეობათა კომპლექსური სახეებია, რომლის მეშვეობითაც შემოქმედი მოგზაურობის გამოცდილების გამოვლენასა და ტილოზე გადატანას ცდილობს.
მასშტაბური კომპოზიციების მეშვეობით მხტვარი ფერწერული სახეების მაქსიმალურ გამომსახველობას აღწევს, ფერადოვანი ეფექტები კი მნახველს შინაგანი ძიების ინტენსივობისა და განცდათა მრავალფეროვანი გრადაციების შესახებ მოუთხრობს.
„ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია, ამ სამყაროში ნებისმიერი რამ შთამაგონებს. უმცირეს წვირლმანსაც კი შეუძლია რაღაც სრულიად მოულოდნელი და ამაღელვებელი გააღვიძოს ჩემში. თითოეული ახალი ნამუშევარი ახალი მოგზაურობაა. სტილში შეზღუდული არ ვარ თუმცა, ყოველთვის ერთი მიზნის- საკუთარი თავის აღმოჩენის მიმართულებით ვმოძრაობ. ყველა ჩემი ნამუშევარი ჩემი სამყაროს ნაწილია, რომელსაც საკუთარი გულის პრიზმაში ვატარებ. ხელოვნებამ ბევრი რამ მასწავლა საკუთარ თავზე და მე მის კიდევ უფრო ღრმა შრეებში ჩაღწევას ვცდილობ. ფერთა ჰარმონიის ძიება ბედნიერებას მანიჭებს. ვმუშაობ ზეთის საღებავით, ვიყენებ ტემპერას, ოქროს ფურცელს, მელანს, გრაფიტს. მიყვარს მასალების შერევა და ამ ექსპერიმენტის შედეგით, ან თუნდაც შეცდომით, ტკბობა. როგორც გრაფიკოსისთვის, ჩემთვის შტრიხი განსაკუთრებით მნშვნელოვანია, მისი მეშვეობით ნახატებში უწყვეტად მოედინება ენერგია“, – ამბობს ხელოვანი საკუთარი შემოქმედების შესახებ.
მაია ჯიმშელეიშვილს 2016 წელს მიღებული აქვს მონაკოს არტ ბაზრობის პრიზი PRIX`D EXELLANCE 2017 წელს კი მხატვარი დუბაის The global art award-ის ფინალისტი გახდა.
მაია ჯიმშელეიშვილის ფერწერული ტილოები ინახება კერძო კოლექციებში თბილისში, მონაკოში, სენტ პოლში, ნიუ იორკსა და ტალინში.
ექსპოზიცია 15 მარტს გაიხსნება და 22 მარტამდე გაგრძელდება.