ზურაბ უტიაშვილი - ქვეყანამ მართა ისეთი რაოდენობით პაციენტები, რაც წამყვანი ევროპული ქვეყნებისთვისაც კი მიუღწევლად შეიძლება მოგვეჩვენოს
ზურაბ უტიაშვილი - ქვეყანამ მართა ისეთი რაოდენობით პაციენტები, რაც წამყვანი ევროპული ქვეყნებისთვისაც კი მიუღწევლად შეიძლება მოგვეჩვენოს

ქვეყანამ მართა ისეთი რაოდენობით პაციენტები, რაც წამყვანი ევროპული ქვეყნებისთვისაც კი მიუღწევლად შეიძლება მოგვეჩვენოს, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზურაბ უტიაშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემად იმართება მნიშვნელოვანი რყევების გარეშე.

„მზადების ის პერიოდი, რომლისთვისაც დრო იყო გამოყოფილი, თუნდაც პირველი ჩაკეტვის მერე, მთელი ზაფხულის განმავლობაში, საკმაოდ კარგად იყო გამოყენებული, რადგან აეწყო სისტემა, რომელსაც ალბათ ანალოგი არ ჰყავს მთელ მსოფლიოში. ეს არის იგივე კლინიკური სასტუმროების და კლინიკებს შორის ურთიერთობის სისტემა, პირველადი ჯანდაცვა, 112 გაიმართა და ამასთან დაკავშირებით მოხდა ის, რომ ქვეყანამ მართა ისეთი რაოდენობით პაციენტები, რაც წამყვანი ევროპული ქვეყნებისთვისაც კი მიუღწევლად შეიძლება მოგვეჩვენოს. ამ ეტაპზე, პაციენტების ის რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კლინიკებში და კლინიკურ სასტუმროებში, ერთად რომ ავიღოთ, ნებისმიერი წამყვანი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებდა მათ მართვას. სისტემად იმართება ძალიან მშვიდად, არ არის მნიშვნელოვანი რყევები. ერთეული პრობლემები, რომლებიც წარმოიშობა, ამისთვის არის უამრავი ცხელი ხაზი შექმნილი და ამ ცხელ ხაზებთან ურთიერთობა, იგივე 112-თან ურთიერთობით წარმატებით მიმდინარეობს, ხდება კლინიკიდან პაციენტების გაწერა, როგორც კლინიკურ სასტუმროებში, ასევე შედარებით საყურადღებო პაციენტების მიღება კლინიკური სასტუმროებიდან“, – განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.

მისივე თქმით, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკა 200 საწოლზეა გათვლილი, ამ ეტაპზე, 45 რეანიმაციული პაციენტი წევს, უამრავი პაციენტია აპარატიდან მოხსნილი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ.

„40-მდე პაციენტი გვყავს გამოჯანმრთელებული და ესეც ერთ-ერთი კარგი შედეგია. ყოველდღიურად, კლინიკიდან სასტუმროებში ეწერებიან პაციენტები, გაწერა ხდება საშუალოდ 20 პაციენტის და იგივე რაოდენობით მიღება. ეს არ ნიშნავს, რომ ახლა, კლინიკებში, ადგილების დეფიციტი შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, არის მცირედი პრობლემები ინტენსიურ პაციენტებზე, მაგრამ დღის განმავლობაში ყოველთვის გვარდება ხოლმე, თუნდაც იგივე სამთავრობო შტაბების ჩართულობით, ძალიან კარგად აეწყო პაციენტების ტრანსპორტირების პროცესი, როგორც კლინიკურ სასტუმროებში, ასევე კლინიკური სასტუმროებიდან სტაციონარში“, – განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.